skip to content
ახალი ამბები

ეპიდემიოლოგები ვირუსის გადაცემის ინტენსივობის შემცირებაზე საუბრობენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია.

მისი განმარტებით, ვირუსის ახალი შემთხვევებისა და გამოჯანსაღებული პაციენტების სტატისტიკაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ვირუსის რეპროდუქციული ინდექსი 4 მაისის მონაცემებით 0.89 იყო. ამასთან, მისივე თქმით, ბოლო 15 დღიან პერიოდში საშუალო ინდექსი 0.97-ის, 30 დღიან პერიოდში კი – 1.23-ის ტოლი იყო.

„როდესაც 1-ზე დაბლა ეშვება ინდექსი, ეს იმას ნიშნავს, რომ [ვირუსის] გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ინფექციას „ტალღოვანი მიმდინარეობა“ ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „პერიოდულად ხდება მატება [და] მერე ისევ კლება“.

„სხვა ქვეყნების ანალოგიებიც იგივეს აჩვენებს, [რომ] ასეთი მიმდინარეობით ხასიათდება ეს ინფექცია. რა თქმა უნდა, გვექნება უფრო მეტი შემთხვევებიც. ზოგიერთი დღის მანძილზე, შესაძლოა, ეს ინდექსიც მერყეობდეს, ამიტომაც ვაკვირდებით მრავალდღიან შედეგებს ამ ინდექსის ცვლილების, რაც მოგვცემს სამომავლოდ პროგნოზირების, შეკავების ან შეზღუდვის ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას“, – თქვა მანვე.

ვირუსის გადაცემის ინტენსივობის შემცირებაზე გუშინდელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ის ფაქტორიც არის „დამაიმედებელია“, რომ გარკვეულ დღეებში, „გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას“.

მისივე განმარტებით, რომ ვირუსის გადაცემის დაბალი ინდექსის შენარჩუნება „ჩვენი ყველას ამოცანაა“. „მაშინ უფრო თამამად შეგვეძლება ვთქვათ, რომ შემსუბუქების რეკომენდაციები უფრო აქტიური იყოს, თუ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ რეპროდუქციის ინდექსი ამ ფარგლებში“, – დასძინა მანვე.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 610 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 269 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 9 კი – გარდაიცვალა. ამასთან, 5 133 მოქალაქე 14 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 523 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button