ახალი ამბები

პრემიერი ამერიკელ კანონმდებელთა კრიტიკას პასუხობს

Tags

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 მაისს ამერიკელ კანონმდებელთა მიერ სახელმწიფო მდივან პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ მნუჩინისადმი გაგზავნილ წერილში საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.

პრემიერმა განაცხადა, რომ ამ წერილის მიღმა კომპანია Frontera Resources-ის ქართულ მხარესთან საარბიტრაჟო დავაში დამარცხების ამბავი იმალება და რომ ვერცერთი კომპანია აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს „რისკის ქვეშ ვერ დააყენებს“.

ამერიკელმა სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, ასევე კონგრესმენებმა ჯოდი არინგტონმა და მარკვეინ მალინმა 15 მაისს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს, რომ საქართველოს მთავრობას ამერიკის მტრებთან აქვს კავშირები. მათ საქართველოს ხელისუფლებას ამერიკული ბიზნესების გაძევებაშიც დაადანაშაულეს და ამის მაგალითებად კომპანიები – Frontera Resources და Conti Groupის მოიყვანეს.

 

ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ქვეყანამ „ბოლო 5 წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით [თანამშრომლობა]“.

„დღეს ავღანეთში ვართ წარმოდგენილი ისე, როგორც არ არის წარმოდგენილი დასავლეთის არცერთი ჩვენი ზომის ქვეყანა“, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ „ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილებზე“.

გახარიამ წერილის ის ნაწილიც შეაფასა, რომლის თანახმადაც, 2013 წლიდან საქართველოს ფინანსური სისტემა ირანის წინააღმდეგ ამერიკულ სანქციებს გვერდს უვლის. პრემიერმა თქვა, რომ „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები გადადგა“.

პრემიერმა ამერიკელ კანონმდებელთა წერილში გამოთქმულ იმ ბრალდებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, „ბათუმის პორტი ნავთობის სფეროში კვლავ ირანელების უკანონო საქმიანობის სამიზნედ გადაიქცა“.  გახარიამ თქვა, რომ მას „წარმოდგენა არ აქვს“ , თუ „რა ირანულ ნავთობზეა საუბარი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button