ახალი ამბები

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია Frontera Resources-ს „საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებაში“ ადანაშაულებს

Tags

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 7 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იგი კომპანია Frontera Resources-ს „საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებასა“ და სასამართლო დავის გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარის თქმაში ადანაშაულებს.

კორპორაციის განმარტებით, კომპანია Frontera Resources-ი „წმინდა კომერციული დავის“ პოლიტიზებას შეეცადა, რაც „მიზნად ისახავს ქართულ მხარეზე არაკეთილსინდისიერი ზეწოლის განხორციელებას და დაინტერესებული პირების შეცდომაში შეყვანას“.

კორპორაციამ ასევე აღნიშნა, რომ მან Frontera-ს ქართულ ოფისს კონტრაქტის შესაბამისი ნორმის საფუძველზე კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება წარუდგინა და საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების საფუძველზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო შესაბამისი კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა. 

თუმცა, კორპორაციის განცხადებით, ტეხასურ კომპანიას არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროება არ სურს  და უარს ამბობს კორპორაციის მოთხოვნების შესრულებაზე.

მანამდე გაზისა და ნავთობის კორპორაცია განმარტავდა, რომ 17 აპრილს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა კომპანია Frontera-სთან წარმოშობილ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობდა და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

ნავთობკომპანიისვე ინფორმაციით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კომპანია Frontera-მ „დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა“.

კორპორაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიხედვით, ფრონტერას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხის, ასევე მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება დაევალა.

კორპორაციის განცხადებით, კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.

ამერიკელმა კონგრესმენმა მარკვეინ მალინმა 17 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის და ევროპის ბიზნესკომპანიათა ინტერესები საქართველოში დევნისა და ექსპროპრიაციის სამიზნე გახდა. მან ამის მაგალითად ამერიკული კომპანია Frontera Resources მოიყვანა.

მაშინ, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ მალინის წერილი გააკრიტიკა და მას ლობისტური აქტი უწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button