Placeholder canvas
ახალი ამბები

ამერიკელი კონგრესმენი მალინი გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის

ამერიკელმა კონგრესმენმა მარკვეინ მალინმა 17 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ „სულ უფრო მეტად შეშფოთებულია დემოკრატიული ღირებულებებისაგან საქართველოს განუწყვეტელი დაშორებისა და მისი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო“.

კონგრესმენი მალინი თავისი კოლეგების – აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ადამ კინზინგერის და ჯერალდ კონოლის მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ წერილის მსგავსად, შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების თაობაზე, უარი თქვას დაპირებულ საარჩევნო რეფორმაზე, ასევე „მშვიდობიან მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალადობის“ შესახებ ცნობების გამო. 

კონგრესმენმა ხაზი გაუსვა, რომ აღიარებს საქართველოს პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიაღწია, თუმცა დასძინა, რომ „დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ მაჩვენებლებში უარყოფითი ტენდენცია შეინიშნება.“ მისი თქმით, ამის გამო საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო. მალინმა ისიც თქვა, რომ აშშ-ის და ევროპის ბიზნეს კომპანიათა ინტერესები საქართველოში დევნისა და ექსპროპრიაციის სამიზნე გახდა. მას ამის მაგალითად ამერიკული კომპანია „ფრონტერა რესურსები“ (Frontera Resources) მოჰყავს. კონგრესმენი ასევე შეეხო სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ (Facebook) გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული შემავალი გვერდების გაუქმების თაობაზე. 

მალინმა ხაზი გაუსვა, რომ უახლეს ისტორიაში პირველად, საქართველოს „აშშ-ის მთავრობის ასიგნებების დოკუმენტში უარყოფითი და გამაფრთხილებელი შეფასება მისცეს.“ მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 და 2020 წლების ასიგნებების აქტებში „ასახულია წუხილი დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდი ანტაგონისტულ ქმედებებისადმი“.   

კონგრესმენის თქმით, „უარყოფითი ტენდენციის გამო“ და მისი შეცვლის მიზნით, სულ უფრო იმატებს წუხილი და მოწოდებები სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვის თაობაზე. მან 2019 წლის თებერვალში მის მიერ წარდგენილ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაში, თუ იგი განახორციელებდა ქმედებებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ ამერიკელებთან ხელშეკრულებების ან ვალდებულებების დარღვევას გამოიწვევდა.

წერილის დასასრულს, ამერიკელმა კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა „შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და სწრაფად გამოეხმაურება იმ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რასაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს“.

23 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა მოუწოდა „საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით“.  მანამდე, ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა  და ჯერალდ კონოლიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი „სულ უფრო მეტ შეშფოთებას“ გამოთქვამდენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, უკუეგდო დაპირებული პოლიტიკური რეფორმები, ასევე – „მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის“ ცნობების გამო. 

წერილზე რეაქცია თბილისში

მმართველმა პარტიამ და ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა კონგრესმენ მალინის ღია წერილთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს.„სამოქალაქო საქართველო“ (Civil.ge) გთავაზობთ ამ გამოხმაურებებს.

მმართველი პარტიის შეფასებები

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე: „კონგრესმენის განცხადება უკავშირდება ფრონტერას დავას. ჩვენი სახელმწიფო თავის ინტერესებს ამ დავაში დაიცავს. რაც შეეხება აშშ-ს პოზიციას, ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონის, ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოზიციები და ამერიკელი პატრნიორების შეფასება არის ის, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვისა“.

გია ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული. 200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში რეგისტრირებული და ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ რომელიმე კომპანიას უტევდნენ… და ერთ კონკრეტულ კომპანიას „ფრონტერას“ უკავშირდება, რომელიც 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ამბობს, რომ გაზის დიდი მარაგებია საქართველოში, მაგრამ ამის თაობაზე არავის არაფერი სმენია. დემოკრატიული სტანდარტები რომ არა, ურთიერთობის ასეთი სტანდარტი ამერიკასა და საქართველოს შორის არ იქნებოდა, ნებისმიერ სფეროში ჩვენი ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე“.

ოპოზიციის შეფასებები

სალომე სამადაშვილი, დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან: „პირველად ხდება, რომ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით საუბარია სანქციების რეჟიმზე და წერილში მითითებულია, რომ როდესაც აშშ გამოყოფს ფინანსურ დახმარებას ქვეყნისთვის, ამავდროულად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც წინაღობას ქმნის იმისთვის, რომ ეს დახმარება იყოს ეფექტიანად გამოყენებული. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პრობლემას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს და ჩიხში შეჰყავს საქართველოს ყველა მოქალაქის მომავალი“.

სერგი კაპანაძე, დეპუტატი ევროპული საქართველოდან: „კონგრესმენ მალინის ღია წერილი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ში არიან შეშფოთებულები იმ პროცესებით, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში. ეს წერილები არ წყდება და… ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის, თუ მას საღი აზრი აქვს შერჩენილი. ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არის სერიოზული დარტყმა დემოკრატიულ პროცესებზე, არის ეკონომიკური კრიზისი, არის უგულებელყოფა დემოკრატიული ინსტიტუტების“. 

მამუკა ხაზარაძე, დამფუძნებელი და ლიდერი პარტიისა „ლელო საქართველოსთვის“: „კონგრესმენის წერილში მკაცრად არის გაკრიტიკებული ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ეწევა დასავლელი და კონკრეტულად ამერიკელი პარტნიორების მიმართ. ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომლებიც ძალიან დიდი შრომის და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა აშშ-სა და საქართველოს შორის. ამ განცხადებაში მიემართება გახარიას, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეწყვიტოს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. აღნიშნულია, რომ ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებებისაგან განგრძობადი გადახვევა მიმდინარეობს. ანაკლიის გაჩერება და ამერიკელი პარტნიორების მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზეა ხაზგასმული ეს განცხადება“. 

ბექა ნაცვლიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი: „მე-11 თვეა, ხელფასი არ აუღიათ იქ დასაქმებულებს.  რომელიღაც ამერიკელი პოლიტიკოსი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუთვითცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს. ამერიკელი კონგრესმენი თავს უფლებას აძლევს, მოგვიწოდოს და ეს კომპანია დაიცვას. კონგრესმენი ამ თავისი განცხადებით, იმ კომპანიის უფლებებს იცავს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა კონგრესმენ მალინის განცხადება, ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანია“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button