skip to content
ახალი ამბები

11 მაისიდან დედაქალაქში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 7 მაისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება და მიმოსვლა სრულად აღდგება. მისივე თქმით, ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

პრემიერის თქმით, 14 მაისიდან მიმოსვლა სრულად გაიხსნება რუსთავსა და გარდაბანშიც, 18 მაისს კი – მარნეულში. გახარიამ იქვე განმარტა, რომ მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დამატებითი გარკვეული რაოდენობის ტესტირებები უნდა ჩატარდეს და „დამატებითი დრო“ სწორედ ამიტომ არის საჭირო. 

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება. ასევე, გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც „აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, ეს არ ეხება მოლებს“.

მანვე მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებას შესაბამისი რეკომენდაციების (სოციალური დისტანცირება, დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება) დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამასთან, პრემიერის განცხადებითვე, 15 ივნისიდან „საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, 1 ივლისიდან კი – საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად“.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი, აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 აპრილს, 10 დღის ვადით ჩაიკეტა. თუმცა, დაწესებული შეზღუდვა ძალაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების ვადით დარჩა.

რაც შეეხება მარნეულს, ქალაქი მკაცრ საკარანტინო ზონად, 23 მარტს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ადგილზე ვირუსის შიდაგადაცემის პირველი შემხვევა გამოვლინდა.

ბათუმსა ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები 5 მაისს მოიხსნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button