skip to content
ახალი ამბები

COVID-19 – ყველა სიახლე: მარტი – 2020/არქივი

31 მარტი, სამშაბათი

21:00 – საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ამოქმედდა

საქართველოს მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი შეზღუდვის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეზღუდვა, ძალაში 21 აპრილამდე იქნება. მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემის ისეთი ფაქტი გამოვლინდა, როდესაც სპეციალისტებმა პირველწყაროს ვერ მიაგნეს.

16:00 – მთავრობა ნებადარუთლი ეკონომიკური აქტივობების ჩამონათვალს აქვეყნებს

საქართველოს მთავრობამ დღეს დადგენილება გამოაქვეყნა, რომელშიც ის ეკონომიკური აქტივობებია ჩამოთვლილი, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ იზღუდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით (21 აპრილამდე) ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
  • წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
  • კომერციული ბანკების საქმიანობისა;
  • იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
  • საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
  • ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
  • საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
  • მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
  • საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
  • კერძო დაცვითი საქმიანობისა;
  • საადვოკატო საქმიანობისა;
  • ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
  • პრესის ჯიხურებისა.

13:00 -სპეციალური გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხეშიც ამოქმედდა

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის და გორის პარალელურად, გამშვები პუნქტები თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საზღვრებზეც ამოქმედდა.

„საქართველოს მასშტაბით, 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა, სპეციალური გამშვები პუნქტები. სპეციალური გამშვები პუნქტები, მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და ასევე, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ასევე, მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი“, – განმარტა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

12:50 – ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს კიდევ 2 დაემატა და მათი რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ბოლო ინფიცირებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე შეშფოთების საფუძველს არ იძლევა“. მისივე თქმით, მათგან ორის გარდა, ყველა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. რაც შეეხება ამ ორ პაციენტს, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ინფიცირების შესაძლო წყაროების დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მანვე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფექციით გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ეს არის 64 წლის მამაკაცია, რომელსაც COVID-19-თან ერთად, „სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებაც“ ჰქონდა. ჯამში, ვირუსისგან საზღვარგარეთ საქართველოს უკვე ხუთი მოქალაქე გარდაიცვალა.

12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის კიდევ 46 ახალ ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უწყებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინა და პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. ამასთან, 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

უწყებისვე განმარტებით, გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 13 ახალი ფაქტი. „საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ“, – აცხადებენ უწყებაში და მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

11:00 იფიცირებულთა რიცხვი 108-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 21-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 5-ით – 108-მდე გაიზარდა. ამასთან, ვირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, მათი რაოდენობა უკვე 21-ია.

30 მარტი, ორშაბათი

23:00 – 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი ჯამური რაოდენობა 20 გახდა. ამასთან, სამით – 103-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ საზოგდოებრივ მაუწყებელთან საუბარში განმარტა, რომ სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთი მოსკოვიდან გადმოფრინდა ადლერში, ადლერიდან საავტომობილო გზით სოხუმში ჩავიდა, შემდეგ კი – სოფელ საბერიოში. მისივე თქმით, საბერიოდან იგი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – სოფელ ფახულანში გადავიდა, საიდანც იგი მედიკოსებმა ზუგდიდის ინფექციურ საავამყოფოში გადმოიყვანეს.

„საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი კონტაქტები ცნობილია… თუმცა, ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მას კონტაქტი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰქონდა, რჩება რისკის ქვეშ“, – განმარტა მანვე.

22:30 – სოხუმი გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის მოძრაობას ზღუდავს

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვისთვის საპოლიციო კორდონის მოწყობა დაავალა. შეზღუდვა ძალაში თბილისის დროით 22:00 საათზე შევიდა.

18:00 – ინფიცირებუთლა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით ინციფირებულთა რიცხვს კიდევ ორი დაემატა და ჯამში, ვირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

17:10 – მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებს ამკაცრებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების „მნიშვნელოვანი გამკაცრების“ გადაწყვეტილება მიიღო. „ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილით რვა საათიდან დაიწყება“, – თქვა პრემიერმა.

15:30 – ცხინვალი რუსეთის მიერ საზღვრის ჩაკეტვის გამო რეგიონის მოსახლეობას აფრთხილებს 

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის გამო, ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება მოსახლეობას რუსეთთან საზღვრის კვეთის შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს. კერძოდ, „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რუსეთიდან სამშობლოში მშვიდად დაბრუნდებიან, თუმცა უკან გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ. დაბრუნების შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი იქნებიან, რომ 14 დღიანი სავალდებულო საიზოლაციო პირობებში დარჩნენ“.

12:30 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 131 გაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. ამასთან, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა. აგრეთვე, 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი კი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

„გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებში. იქვე უწყება მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.

11:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობას კიდევ 7 პაციენტი დაემატა და მათი რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აქედან 6 პაციენტის მდგომარეობა არის „ძალიან მძიმე“ და შეიძლება ითქვას, რომ „კრიტიკული“.

„ამ პაციენტებიდან 4 მიმე ავადმყოფი [მოთავსებულია ინფექციურში]. აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ უკვე დასტაბილურდა, დღეს იქნეა მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასებისთვის და თუ დღვანდელ დღესაც მათი მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე უნდა ველოდოთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამოჯანმრთელების პროგნოზირება შესაძლებელი იქნება“, – განმარტა მანვე.

29 მარტი, კვირა

19:35 – ინფიცირებულთა რიცხვი 91-მდე გაზაირდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვს კიდევ ერთი დაემატა და ვირუსის მქონე პაციენტების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.

16:30 შსს-მ საგაგებო რეჟიმის წესების დარღვევის 125 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, უწყებამ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 125 ფაქტი გამოავლინა, ამასთან, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 მოქალაქე დააჯარიმა, აგრეთვე 3 იურიდიული და 8 ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსვე განმარტებით, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დაჯარიმდა, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კი – 13.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყებისვე განმარტებით, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

11:00 – 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა უკვე 18-ია, მათ შორის, ორი ბავშვია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ისინი საავადმყოფოს დღეს დატოვებენ.

28 მარტი, შაბათი

23:00 – თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ“.

„ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გატარდა უმკაცრესი ღონისძიებები. ასევე, მათთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებისვე განმარტებით, „იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება“.

22:30 – კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამეგრელო ზემო სვანეთში გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განმარტა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 29 მარტიდან რეგიონში მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ:

  • რეგიონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას;
  • შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებშიც წარმოდგენილნი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციისა და სამხედრო ძალის წარმომადგენლები; ჯგუფები მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ;
  • შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან;
  • გაჩერდება ყველა ავტომობილი ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი მგზავრი იქნება;
  • ავტომობილში მყოფ ყველა მგზავრს უნდა ეკეთოს პირბადე;

„ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა, არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად“, – თქვა სახელმწიფო რწმუნებულმა და დასძინა, რომ ზომების მიღება „მოსალოდნელი რისკების“ გამო გადაწყდა.

„ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ფაქტიურად იმ, ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს – ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია“, – აღნიშნა მოწერელიამ.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ „ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს, მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა“. მოწერელიამ ხაზი გაუსვა, რომ „ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა“ და ამისათვის „მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური“.

20:00 ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულებს კიდევ 5 პაციენტი დაემატა და 90 გახდა.

18:30 – სამი ინფიცირებულის წყარო დაუდგენელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ინფექციის რეგისტრირებული 85 შემთხვევიდან, სამის პირველწყარო უცნობია. „ამ სამიდან ერთში, დიდი იმედი გვაქვს, რომ გასულები ვართ და დავადგენთ [წყაროს]. ისიც უკვე იზოლირებულია და არის შესაბამისად გამოკვლეული“, – თქვა მან. მისივე განმარტებით, დანარჩენ ორ შემთხვაში წყარო ნამდვილად უცნობია და „დიდი ალბათბით“ ვერ დადგინდება. „ამ ორ შეთმხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი… ანუ ინფიცირებული ადამიანი უკვე დადის ქვეყანაში და სხვას გადასდებს [რაც] არის ძალიან საგანგაშო“, – დასძინა გამყრელიძემ.

მანვე „ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების“ საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა: „ეს ოთხი კვირა, მომავალი ერთი თვე ემთხვევა ყველაზე უფრო დიდ დღესასწაულს [გულისხმობს აღდგომას] ქვეყანაში, იცით რაზეც ვსაუბრობ, ხომ? მიჭირს ამის თქმა მოსახლეობისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე, მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს“. „თუ არადა, ამ ოთხი კვირის განმავლობაში, დიდი საფრთხეა ქვეყანაში, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების“, – ხაზი გაუსვა გამყრელიძემ.

16:50 – ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთი-საქართველოს საზღვარს კეტავს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის „მთავრობის“ გადაწყვეტილებით, მდინარე ფსოუსთან რუსეთ-საქართველოს სასაღვრო გამშვები პუნქტი დროებით დაიკეტება. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ სპეციალურ დეკრეტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, რეგიონში შესვლა ეკრძალება უცხოეთის ყველა მოქალაქეს, გარდა აფხაზეთში აკრედიტებული დიპლომატიური ინსტიტუტების თანამშრომლების, აფხაზეთში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს სამხედრო მოსამსახურეების, რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზების იმ მოსამსახურეების, რომლებიც აფხაზეთში მივლინებით მიემგზავრებიან, აგრეთვე, საერთაშორისო სატვრითო გადაზიდვების ავტომობილების მძღოლებისა. აკრძალვა ძალაში 20 აპრილამდე იქნება.

მანამდე, ვალერი ბგანბამ რეგიონში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე დაწესებული 27 იანვარს დაწესებული აკრძლვა, 25 თებერვალს გაახანგრძლივა. აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებს არ ეხებოდათ.

15:40 – COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოც მოემსახურება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება“. კლინიკას, ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭირო აპარატურით და საწოლებით საავადმყოფოს აღჭურვა რამდენიმე დღეში დასრულდება.

საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს დღეს ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრო. „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – თქვა პრემიერმა.

„რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მზად იქნება მოახდინოს დიაგნოსტიკაც და უკვე ინფიცირებულთა მართვა-მკურნალობა, მათ შორის აფხაზეთის რეგიონიდან პაციენტების მომართვიანობის შემთხვევაში“, – განმარტა ქეთევან ციხელაშვილმა.

15:25 – აშშ საქართველოს 1.1 მლნ აშშ დოლარს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.

12:40 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო 7 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა. უწყების განმარტებით, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

გარდა ამისა, შსს-ს განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა. შსს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს საგანგებო რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს.

10:45 – COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ ორით, 85-მდე გაიზარდა.

27 მარტი, პარასკევი

23:10 – ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, COVID-19 კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა. მოცემული მომენტისთვის, ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 83-ია.

20:30 – ვირუსისგან 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთლდა. ჯამში ინფაქციისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა უკვე 14-ია.

15:00 – ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტების შესაძენად ჩინურ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ჩინურ კომპანიასთან დადებული 1 182 500 აშშ დოლარის ღრებულების ხელშეკრულება, რომლის ფარქლებშიც საქართველოს COVID-19-ის დამდგენი 200 000 სწრაფი ტესტი უნდა შეესყიდა, გაუქმებულია. მისივე თქმით, კომპანიისთვის თანხა გადახდილი არ ყოფილა და ტესტების შესაძენად მოლაპარაკებები უკვე სხვა კომპანიასთან მიმდინარეობს.

„კომპანიამ [თავადვე] გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც გაყიდული იყო… დღეისთვის ლუგარის ლაბორატორიაში ჩვენ მათი ტესტები არ გაგვაჩნია“, – თქვა მინისტრმა და იქვე დასძინა: „მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის დაკვირვებას და ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ტესტების ფართო კვლევებისთვის გამოყენება სწორედ ამ დაკვირვების შემდეგ ხდება. ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში ტესტირებით მოხდეს მათი მცდარი დიაგნოსტიკა. მინისტრმა მარნეულში უკვე გაგზავნილი 1 000 ტესტის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა: „ეს ტესტები არის PCR ტექნოლოგიაზე დამყარებული ძალიან მაღალი სანდოობის ტესტები“.

ჯანდაცვის მინისტრს სწრაფი ტესტების შესახებ განმარტებები მას შემდეგ დასჭირდა, რაც დღეს, „სტუდია „მონიტორმა“ მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტესტები, რომლებსაც საქართველო ჩინური კომპანია Shenzhen Bioeazy Technology-სგან ყიდულობს, ესპანეთში უვარგისად მიიჩნიეს.

10:45- ვირუსისგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოფიციალური მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კიდევ ორით გაიზარდა და 13-ს მიაღწია. 79-დან 81-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც.

26 მარტი, ხუთშაბათი

23:00 – შსს-მ ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 15 000 ლარით დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ 15 000 ლარით, მას შემდეგ დააჯარიმა, რაც ორგანიზაცის წევრების მიერ ქალაქ ზუგდიდის ქუჩაში პირბადეების დარიგებას ხალხმრავლობა მოჰყვა. აღნიშნულით საქართველოს მთავრობის დადგენილება დაირღვა, რომლითაც 10 პირზე მეტის შეკრება იკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ორგანიზაციამ დღეს ზუგდიდში 100-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მოსახლეობაში პირბადეებს, ხელთათმანებს და სადეზინფექციო საშუალებებს არიგებდა. ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამწუხაროდ“ იმის გამო, რომ აღნიშნული ნივთები დეფიციტშია, მათ მისაღებად ზუგდიდის ცენტრში „მრავალი ათასი ადამიანი“ შეიკრიბა და დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამაც გააკეთა. მისი თქმით, „ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე“. „სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში – რიგის, დისტანციის დაცვით. ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა მელიამ.

ზუგდიდის ინციდენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემაც შეაფასა და განაცხადა, რომ ახლა „პიარის კეთების“ და „ქულების“ დაწერის დრო არ არის.

22:35 – COVID-19-ისგან 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოფიციალური მონაცემებით, ვირუსისგან უკვე 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

16:45 – ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ ორით – 79-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ფეხმძიმეა, რომელიც ინფექციის მქონე მარნეულის მკვიდრის ნათესავია.

10:50 – COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით COVID-19-ით ინფიცირებულებს კიდევ ორი პაციენტი დაემატა და მათი რიცხვი 77-მდე გაიზარდა.

25 მარტი, ოთხშაბათი

20:50 – ინფიცირებულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს კიდევ ორი დაემატა და მათი რაოდენობა 75-მდე გაიზარდა.

16:55 – ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 25 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის განმარტებით, საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.4563 ლარი იყო. ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, სებ-მა აუქციონზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დოლარი გასაყიდად უკვე მეორედ გამოიტანა. ბლუმბერგის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.50 ლარია.

13:15 – #StopCoV ფონდში 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა მოგროვდა

მთავრობის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, #StopCoV ფონდში 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა აკუმულირდა.

13:00 საპატრიარქო საეკლესიო მსახურებაში ცვლილებების შეტანაზე კვლავ უარს ამბობს

ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მატების პარალელურად საპატრიარქო საეკლესიო მსახურებაში ცვლილებების შეტანას კვლავ არ გეგმავს. 25 მარტს გავრცელებულ გაცხნადებაში, საპატრიარქო „მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად“ ეკლესიის გამოცხადებისთვის საზოგადოებრივი აზრის ხელოვნურად შექმნაში „ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების“ მცდელობაზე საუბრობს და განამრტავს, რომ ეკლესია სახელმწიფოს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვას ცდილობს.

„ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით. დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში. ტაძრებში მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

განცხადებაში ყურადღება ზიარების წესზეც არის გამახვილებულია და ხაზგასმულია, რომ „ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე“.

„მსოფლიოში და ქვეყანაში“ მიმდინარე „პროპაგანდის“ პირობებში, საპატრიარქო რწმენაში შესაძლო დაბრკოლებულ ადამიანებზე, მათ შორის, სასულიერო პირებზეც საუბრობს, რომლებიც საპატრიარქოსვე შეფასებით, „ტაძარში ხალხის დასწრებასა“ და „ზიარებაში“ პრობლემას ხედავენ, განმარტავს: „გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ, მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს“.

„ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

11:00 – კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან ჯამში უკვე 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულებს კი – კიდევ სამი ახალი შემთხვევა დაემატა და მათი რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ განმარტა, რომ სამივე შემთხვევაში ინფექცია საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი. მისივე თქმით, ახალი ინფიცირებულები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

02:05 – არჩილ თალაკვაძე ადამ კინზინგერს ესაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს ადამ კინზინგერს ტელეფონით ესაუბრა. კინზინგერისა და თალაკვაძის თქმით, მათ კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლისა და სამომავლო ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

24 მარტი, სამშაბათი

19:30 – COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით ინციფირებულთა რიცხვი სამით გაიზარდა და მათი ჯამური რაოდენობა 70 გახდა.

15:30 – 25 მარტი ეროვნული ბანკი 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკისა“ და „პანდემიის შედეგად“ სავალუტო ბაზარზე გაზრდილი მერყეობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. სებ-მა 40 მლნ დოლარი 19 მარტს უკვე გაყიდა. ბლუმბერგის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.48 ლარია.

14:15 – 30 მარტიდან მოსაწავლეების გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერით სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. „შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით“, – თქვა პრემიერმა. მანვე ინტერნეტ პროვაიდეტებს სტუდენტებისა და მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებისკენ მოუწოდა, რათა „მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან“.

13:20 – Wizz Air საქართველოდან ფრენებს აჩერებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას პირველ მაისამდე აჩერებს. ამავე ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში, Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობას შეძლებენ. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ბილეთის საფასურის 100%-ის ფულადი სახით ანაზღაურება, რაც „შედარებით დიდ დროს მოითხოვს“.

13:15 – კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ სპეციალური ფონდი – #StopCoV – დაარსდა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოთქვეს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებისა და რესურსების სწორად გადანაწილების მიზნით, პრემიერის დავალებით პლატფორმა შეიქმნა. „პლატფორმის ფარგლებში, დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში“, – ნათქვამა მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც იქვე მითითებულია, რომ „ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან“. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეისთვის ფონდში უკვე 1 მილონ 370 ათასი ლარია აკუმულირებული.

13:00 – ინფიცირებულთა რიცხვს კიდევ ერთი პაციენტი დაემატა

ოფიციალური მონაცმებით, COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების რიცხვს კიდევ ერთი დაემატა და მათი რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 67 დადასტურებული შემთხვევიდან, ორი ავსტრიის მოქალაქეა. ისინი სპეცრეისით საკუთარ ქვეყანაში უკვე დააბრუნეს.

11:00 – COVID-19-ისგან 9 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

ოფციალური მონაცემებით, ვირუსისგან ჯამში უკვე ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 66-მდე გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მერინე ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეცხრე გამონაჯმრთელებული სამედიცინო დაწებულებას სავარაუდოდ დღეს დატოვებს. რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, ეზუგბაიამ თქვა, რომ ხუთივე შემთხვევაში ინფექციის წყარო ამერიკის შეერთებული შტატებია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მან ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და სიმძიმეს გარკვეულწილად ასაკი და თანმხლები დაავადებები განაპირობებს.

23 მარტი, ორშაბათი

19:30 – ეროვნული ბანკი ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს დროებით აჩერებს

საქართველოს ეროვნული ბანკის 23 მარტის გადაწყვეტილებით, „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე“, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს დროებით, ორი თვის ვადით აჩერებს. „აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად“, – ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში.

19:15 – COVID-ით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი 54-დან 61-მდე გაიზარდა.

14:55 ლარი დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა

ბლუმბერგის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით კიდევ ერთ ანტირეკორდს ამყარებს. ამ დროისთვის, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.27 ლარია, ერთ კვირის წინ (17 მარტი) ეს მაჩვენებელი 3.14 ლარი იყო.

14:15 – შსს-მ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამშვები პუნქტები მოაწყო

შსს-ს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლები მარნეულსა და ბოლნისში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. „რეგიონში ძირითად გზებზე განთავსებულია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო, რომელთა დახმარებითაც რეგიონში მოძრაობა კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც“, – ვკითხულობთ უწყების მიერ განცხადებაში. შსს-პარალელურად, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპრევენციო ღონისძიებებში საქართველოს თავდაცვის ძალებიც ჩაერთო.

სამინისტროს ინფორმაციითვე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. აგრეთვე, საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

14:00 – 25 მარტიდან მოსახლეობის სწრაფი ტესტებით შემოწმება დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში ხვალიდან სწრაფი ტესტების შემოტანა დაიწყება და უკვე 25 მარტიდან, „შეგვეძლება დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება“. „ტესტები შემოვა ოთხ ეტაპად. ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის და რაოდენობა არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა“, – დასძინა მანვე.

13:00 – ქვეყანაში საქალაქთაშორისო მიმოსვლა იზღუდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, განაცხადა, რომ დღეს, ღამის 00:00 საათიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება, მათ შორის, მატარებლით.

დღესვე საქართველოს მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომელშიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად არის გაწერილი. დადგენილების მიხედვით, საქართველოში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო.

12:45 – ვირუსისგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ სამით – 8-მდე გაიზარდა.

11:00 – COVID-19-ისგან უკვე 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოფიციალური მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კიდევ ორი დაემატა და მათი რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ თქვა, რომ მათ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს. მისივე თქმით, ვირუსისგან კიდევ სამი პაციენტია გამოჯანმრთელებული, თუმცა მათ პარალელურად პნევმონია აღენიშნებოდათ. „ამიტომ კიდევ ერთხელ მოხდება კლინიკური შეფასება სხვა მონაცემების და თუ ყველაფერი წესრიგში გვექნება, ისინიც, ალბათ, დღის განმავლობაში დატოვებენ ცენტრს“, – განაცხადა მან.

00:35 – მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზომები წესდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მარნეულში გამოვლინდა ისეთი რთული შემთხვევა, რომელზეც „უკვე დიდი ხანია ვსაუბრობდით“, რომ ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემის ეტაპი დაიწყებოდა.

„ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა [ინფიცირებულის] 90 საკონტაქტო პირი დაადგინეს, ჯერ არაფერს ნიშნავს და სიტუაცია არის საკმაოდ რთული“, – თქვა პრემიერმა.

მანვე განმარტა, რომ სწორედ სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“.

გახარიას განცხადებით, დღეიდან იზღუდება:

  • მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილობრივი მცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად;
  • ამასთან, იხურება ყველა ობიექტი. ხელმწისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

პრემიერის განცხადებითვე, „მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო“. ამასთან, მისივე განმარტებით, უკვე კარანტინის რეჟიმზეა გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო-ჰოსპიტალი“. აგრეთვე, ამავე კლინიკის მიმდებარედ, უახლოეს პერიოდში, განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო მეორე – „ავერსის“ კლინიკა „გაარძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება“.

„ყველა ადგილობრივი მედია და პრესა ჩვეულ რეჟიმში გააგრძლებს ფუნქციონირებას. სხვა ყველა მედიასაშუალება, ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით, რომელსაც ეყოლება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, ამ ორ მუნიციპალიტეტში ხვალ დილიდან ჯანდაცვის ორგანოები, კარდაკარ სიარულს და ადილობრივების შემოწმებას დაიწყებენ, რათა „თითოეულ ოჯახში გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი ადამიანები“ და შესაძლო ინფიცირების შემთხვევები. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მსუბუქად და სწრაფად გადავიაროთ ეს გამოწვევა“.

ბრიფინგის დასასრულს, პრემიერმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა: „როდესაც ჩვენ მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე გმირები ან თამამები ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან – ჩვენს მშობლებს და ჩვენი ოჯახის წევრებს“.

22 მარტი, კვირა

11:30 – თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანეს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 21 მარტს თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანა. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს.

11:02 – ვირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. „ორ პაციენტზე განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა პაციენტმა გუშინ უკვე დატოვა ჩვენი დაწესებულება, მეორე კი – დღეს დატოვებს“, – თქვა მან.

11:00 COVID-19-ის მქონე პაციენტების რაოდენობა 54-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, ვირუსის მქონე პაციენტებს კიდევ 5 დაემატა და მათი ჯამური რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.

21 მარტი, შაბათი

21:25 – პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭრა

საქართველოს პარლამენტმა 21 მარტს გამართულ საგანგებო სხდომაზე 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის მიერ 21 მარტს გამოცემულ დეკრეტს მხარი დაუჭირა.

18:50 – COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცმებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას კიდევ ერთი პირი დაემატა და მათი საერთო რაოდენობა 49-მდე გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინე ეზუგბაიას თქმით, ახალი ინფიცირებული აჭარაში გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, ჯამში, აჭარაში COVID-19 უკვე მესამე პაციენტს დაუდასტურდა.

15:25COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცმებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა კიდევ ერთით – 48-მდე გაიზარდა.

15:15 – პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ზურაბიშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე იმოქმედებს. „ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს“, – განმარტა პრეზიდენტმა.

14:00 – ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 21 მარტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი თვით – 2020 წლის 21 აპრილამდე, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა.

პრემიერმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ „ამ ეტაპზე ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების შემდგომ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან“.

13:00 – თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა. შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს.

11:00- COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიმა მარინე ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრფინგზე განაცხადა, რომ ინფიციქრებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი ახალი შემთხვევაში, რომელიც უკვე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, ვირუსის წყარო ესპანეთში მოგზაურობას უკავშირდება. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ მოცემული მომენტისთვის, იგი წყაროს შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

20 მარტი, პარასკევი

20:50 – საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ზიარების წესის შეცვლაზე უარი თქვა

სინოდის სხდომის დაახლოებით 7 საათიანი მსჯელობის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილებით, „ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე – ყოვლად მიუღებელია“. შესაბამისად, „ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით“. აგრეთვე, სინოდის გადაწყვეტილებით, „რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფებს, სურვილის შემთხვევაში, სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება“.

19:00 – COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, COVID-19 კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.

13:00 – დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანეს

შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანა. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს

12:30 – 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად წყდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელსაც ასრულებს საქართველოს ავიახაზები და დაკოორდინირებულია საქართველოს მთავრობასთან“.

მისივე განმარტებით, ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, საკარანტინო ზონაში გადაინაცვლებენ და ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან. „ამ რეალობიდან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეში – ლარსში, წითელ ხიდთან და სარფთან, მოეწყოს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება“ – დასძინა ჩიქოვანმა.

მთავრობის პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკის სტიმულირების დამატებეთი გეგმის წარმოდგენის დავალება მიეცა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საავადმყოფოებთან მოქალაქეების მიმართვიანობის დიდი ნაკადებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ თბილისის „რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება საგანგებო მიღება პაციენტების და ეს იქნება „ემერჯენს“ ცენტრი. „გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაქვთ ექიმთან მიმართვის საჭიროება, მიმართეთ ინფექციურ საავადმყოფოს“, – მიმართა მან საქართველოს მოქალაქეებს და იქვე დასძინა, რომ საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ცხელი ხაზის მომსახურებით ისარგებლონ.

ჯანდაცვის მინისტრმა სამი ახალი ინციფირებულის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის ახალი კლასტერი – ოჯახი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურა. „ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში, არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის. ასევე, ჩვენ გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში და ამ პაციენტის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, [მოგვიანებით] აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას“.

ეკატერინე ტიკარაძე სწრაფი ტესტების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ დარგის სპეციალისტებთან კოორიდინაციაში უკვე გაიწერა ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. „ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი“, – აღნიშნა მანვე.

„ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად 1 000 სწრაფი ტესტი, რომელიც უკვე შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთანაც, რის შემდეგაც, ჩვენ ველოდებით დამატებით 200 000 ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს უკვე ექნებათ იმის საშუალება, რომ მომსახურება ამ მიმარუთლებითაც მიიღონ“, – განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ დააზუსტა, რომ სამი ახალი ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და იქვე საზოგადოებას, ოჯახის პირობებში თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ მოუწოდა. „პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ბევრი, ვინც ოჯახურ თვითიზოლაციაში იმყოვებოდა, მათი ოჯახის წევრებიც ხდებიან ავად – დაიცავით ერთმანეთისგან იზოლაციის წესები“, – განმარტა მანვე.

11:00 – COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა მარინა ენდელაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე სამი ახალი ინფიცირებულის წყაროს შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ენდელაძემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, ისინი, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებულნი. მისივე განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ვირუსის მქონე 80 წელს გადაცილებულ პაციენტს, მისი ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით „მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“. „ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას და ვცდილობთ, რომ ყველაფერი დამთავრდეს კარგად“, – დასძინა მანვე. მისივე თქმით, კიდევ ორი შედარებით მძიმე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კეთილსაიმედო გამოსავლის მოლოდინი აქვთ. რაც შეეხება ინფექციურში მყოფი ოთხი ბავშვის მდგომარეობას, მარინა ენდელაძემ განმარტა, რომ აქ ვითარება დამაკმაყოფილებელია, შემოდგომ გართულებებს ადგილი არ ჰქონდა და „ყველას პროგნოზი კეთილსაიმედოა“.

19 მარტი, ხუთშაბათი

21:45 – COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში სავაჭრო ობიექტების ნაწილი იხურება

უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით „ყველა სავაჭრო ობიექტის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. პრემიერის განმარტებით, გადაწყვეტილება არ შეეხება სასურსათო მაღაზიებს, სააფთიაქო და ბენზინგასამართ ქსელებსს, ასევე საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებებს.

„ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ“, – განმარტა პრემიერმა.

გახარიას თქმით, უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდნენ და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაც განიხილეს. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით ამის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება ჩვენ რამდენიმე საათში შევძლებთ ამ გადაწყვეტილების მიღებას და აღსრულებას“, – განმარტა პრემიერმა.

20:30 – საქართველოში მდებარე მეჩეთებში კოლექტიური ლოცვები დროებით შეჩერდა

კორონავირუსის გავრცელების „სერიოზული“ საფრთხის, ასევე , „მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული“ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, მეჩეთებში კოლექტიური ლოცვები დროებით შეჩერდა, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში მდებარე მეჩეთებში კოლექტიური ლოცვის რიტუალი დროებით შეაჩერა.

„საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს მოგიწოდებთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ ოპტიმიზმით განწყობილი და არ ჩავვარდეთ პანიკაში, სრულად დავიცვათ ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მივენდოთ ღმერთს“, – ვკითხულობთ მუსლიმთა სამმართველოს მიერ Facebook-ითა ცოტა ხნის წინ ვრცელებულ განცხადებაში.

20:00 – 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით“, საქართველოს თავდაცვის ძალები 21 მარტიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. „აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დაცვას“, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

„ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრომ პირველივე დღეებიდან აქტიურად დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება“.

ღარიბაშვილისვე განცხადებით, მის მიერ 12 მარტს გამოცემული ბრძანებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და „გარკვეულ პირთა კატეგორიას „სამსახურში გამოცხადება აეკრძალა“.

„ვირუსის მაქსიმალური პრევენციის მიზნით უწყების თითოეული თანამშრომელი ვალდებულია შეავსოს სპეციალური კითხვარები. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით, სამხედრო ბაზებზე რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან, უწყებაში საგანგებო თათბირები სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით იმართება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები.

16:15 – ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

დოლართან მიმართებით, ლარის კურსის რეკორდული გაუფასურების პარალელურად, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა.

13:40 – დაავადებათა კონტროლის ცენტრმა COVID-19-ის შესახებ ბოლო მონაცემები წარმოადგინა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ბოლო მონაცემები წარმოადგინა. მისი განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული 39 ინფიცირებულიდან 12-ს პნევმონია აქვს და მათგან „უფრო მეტად საყურადღებოა“ სამი პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, ორი ხანდაზმულის. გამყრელიძემ ასევე განმარტა, რომ არსებული მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოებში (ძირითადად ევროპაში) საქართველოს 20 მოქალაქეა მოთავსებული და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 238 ადამიანის კვალზე გავიდნენ და ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ მიმდინარებს. ამასთან, 1 444 მოქალაქე თვითიზოლაციაშია, ხოლო 1 592 კი – სავალდებულო საკარანტინო რეჟიმში იმყოფება.

13:30 – მთავრობა ვირუსთან ბრძოლისთვის დამატებით შეზღუდვებს დააწესებს

დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობდა, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ „სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოქალაქეები არ ემორჩილებიან“. შესაბამისად, მისივე განმარტებით, „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები“.

„თითოეულ სამინისტროს და სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომლებიც მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“, – განმარტა ჩიქოვანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკვები მარაგები „საკმარისზე მეტია“ და „ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს“. ჩიქოვანმა დასძინა, რომ „9 ძირითად პროდუქზე ფასების შეკავების მექანიზმი პრაქტიკულად უკვე შეთანხმებულია, როგორც სახლმწიფოსთან, ისე ბიზნესსექტორთან“.

ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზაობას შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით და არსებობს შეთანხმება კერძო სექტორთან, რომ საჭიროების შემთხვევაში, 48 საათის განმავლობაში, შეიქმნება კიდევ დამატებით სიმძლავრეები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ სამედიცინო სექტორმა უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს გაუწიოს დახმარება“.

მანვე თქვა, რომ „უკვე დაიწყო ადგილობრივი წარმოება პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების“, ამასთან, „ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმისათვის, რომ შეიქმნას სწრაფი ტესტების მარაგები“.

მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, თბილისის პარალელურად, ყველა სხვა მუნიციპალიტეტს მიეცათ რეკომენდაცია, რომ ყველა ბიზნესი, რომელიც მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარით სარგებლობს, რამდენიმე თვის განმავლობაში, იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდნენ. მისივე განმარტებით საუბარია სავაჭრო ობიექტებზე.

ჩიქოვანმა აგრეთვე განმარტა, რომ საჯარო სექტორს კიდევ ერთხელ მიეცა რეკომენდაცია, რომ მათ სამსახურში მიმსვლელი თანამშრომლების რაოდენობა მაქსიმალურად შეზღუდონ და შეძლებისდაგვარად დისტანციური მუშაობის პრინციპზე გადავიდნენ. მანვე იმავე რეკომენდაციით კერძო სექტორსაც კიდევ ერთხელ მიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, უწყება აქტიურად მუშაობს სამედიცინო ქსელის მზაობაზე. „დღეისთვის უკვე სრულად მობილიზებულია 558 საწოლი. უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული 25-მდე სამედიცინო დაწესებულების სია, სადაც ეტაპობრივად, ინფექციის გავრცელების ტენდენციებიდან გამომდინარე, არსებობს სრული მობილიზების კონკრეტული გეგმა არსებობს“. მისივე თქმით, „სრულად მობილიზებულია“ პირველადი ჯანდაცვის ქსელიც, რომელიც „რჩება ფრონტის წინა ხაზზე“. „ჩვენ ვმუაშაობთ იმაზე, რომ ეროვნული ალგორითმი, რომელსაც გამოვიყენებთ, დიაგნოსტიკისთვის იყოს ერთიანი და მკაფიო ეტაპობრივი სქემით. საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში არსებობს მექანიზმი სწრაფი გზით ტესტების რეგისტრაციის და დაშვების თაობაზე, თუმცა ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ დგას“, თქვა მინისტრის მოადგილემ.

12:15 – ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 73 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ „საკითხზე ესპანეთში საქართველოს საკონსულოს მუდმივი კონტაქტი აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“. „სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ჩვეულებრივი პროცედურებით ვერ წავალთ, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს სპეციალურად გაწერილი პროტოკოლი, ამიტომ ჩვენი საკონსულო ესპანეთში იმყოფება კომუნიკაციაში ოჯახთან და ბუნებრივია, ოჯახთან შეთანხმებით მოხდება ამ პროცედურების გაწერა. რა თქმა უნდა, უნდა დავემორჩილოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიწერ გაწერილ პროტოკოლსა და წესებს“, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

12:00 – პოლიციამ იძულებით კარანტინში კიდევ 30-მდე მოქალაქე გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა და ისინი პოლიციამ იძულებით კარანტინში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, „გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს“.

11:00 – COVID-19-ით ინფიცირებულების რიცხვს კიდევ ორი პაციენტი დაემატა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა

19 მარტს გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმ