COVID-19 – ყველა სიახლე: აპრილი – 2020/არქივი
30 აპრილი, ხუთშაბათი
19:25 – კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა ჯამური რაოდენობა 184-მდე გაიზარდა.
17:00 – სლოვაკეთმა საქართველოს პანდემიასთან გასამკლავებლად დამატებით თანხა გამოუყო
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მცირე გრანტებისთვის დამატებითი თანხები გამოყო, რაც მიზნად COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს. ჯამში 44 195 ევრო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ხუთი პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
?? has allocated additional funds for small grants for ?? aimed at combating #COVID19 &its consequences. Today, we have signed agreements for 5️⃣ projects in the total amount more than 44 000 €. @SlovakiaMFA @MFAgovge @SlovakAid https://t.co/9gqVUG8gDT pic.twitter.com/2NI1JUuhhf
— Pavel Vizdal ?? (@PVizdal) April 30, 2020
„აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაცვას დაავადებისგან და ხელს შეუწყობს უარყოფითი ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრას საქართველოს ნაკლებად განვითარებულ რაიონებში“, – განაცხადა სლოვაკეთის საელჩომ თბილისში.
14:55 – ოკუპირებული ცხინვალი საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმოსვლის შეზღუდვას 31 მაისამდე ახანგრძლივებს
ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილებით, როკის გვირაბზე, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოქალაქეების მიმოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვას 31 მაისამდე ახანგრძლივებს.
პარალელურად, 11 მაისამდე გაგრძელდება საგანმანათლებლო ინსტიტუტების, ასევე გასართობი დაწესებულებების, მათ შორის, რესტორნების, საცურაო აუზებისა და სატრენაჟორო დარბაზების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვებიც.
13:00 – UNDP: საქართველოს ჯანდაცვის სექტორი „კარგადაა მომზადებული“, ეკონომიკა „მოწყვლადია“ პანდემიის მიმართ
საქართველოში „გაეროს განვითარების პროგრამამ“ (UNDP) განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის მიმართ ქვეყნის მზაობაა შეფასებული.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს 10 000 ადამიანზე 26 საავადმყოფო საწოლი აქვს, ასევე 51 ექიმი და 41 ექთანი ჰყავს, რაც ჯანდაცვის სექტორის მაღალ მზაობას შეესაბამება. UNDP-ს განმარტებით, „სწორედ ამ მზაობამ განაპირობა ვირუსის გავრცელების წარმატებული მართვა“.
მეორე მხრივ, UNDP ყურადღებას სხვა ფაქტორებზეც ამახვილებს, რომლებიც ჯანდაცვას არ უკავშირდება და რომელთაც, შესაძლოა, ქვეყანა კორონავირუსის მიმართ მოწყვლადი გახადოს. ორგანიზაციის განცხადებით, კარანტინი და გადაადგილების შეზღუდვა განსაკუთრებით მძაფრად იმ ქვეყნებზე აისახება, რომელთა ეკონომიკა ტურიზმზსა და გზავნილებზეა დამოკიდებული.
„საქართველო, სადაც ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 21.7%-ს, ხოლო გზავნილები მშპ-ს 12.55%-ს შეადგენს, ამ მხრივ მოწყვლადი ქვეყნების ჯგუფშია“, – ნათქვამია განცხადებაში,
UNDP-ისვე განმარტებით, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საქართველოს სიღარიბის მაჩვენებელი ასევე საკმაოდ მაღალია და ის 20.1%-ია.
12:30 – საქართველომ გერმანიისგან 2 000 პაციენტის მასალის დასამუშავებლად საჭირო რნმ-ის ექსტრაქციის ნაკრები მიიღო
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისგან დამატებით 2 000 პაციენტის მასალის დასამუშავებლად საჭირო რნმ-ის ექსტრაქციის ნაკრები გადაეცა. ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი ავრცელებს.
Fighting #COVID19 in #Georgia: The Bundeswehr Institute of Microbiology, a long-standing partner of the National Centre for Disease Control (NCDC), delivered a further shipment of RNA Extraction kits, which will help NCDC to process up to 2000 samples to detect the virus. pic.twitter.com/B82J7HMOKN
— Matthias Lüttenberg (@GERonOstpolitik) April 30, 2020
12:10 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათგან, პოლიციამ 29 აპრილის 21:00 საათიდან 30 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 3 პირი, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – სულ 29 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 8 ახალი ფაქტი გამოავლინა.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 22-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ით – 539-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ 15 ახალი ინფიცირებული თეთრიწყაროს რაიონიდან არის, სამი სვანეთიდან, დანარჩენი კი – ბოლნისის კლასტერიდან.
29 აპრილი, ოთხშაბათი
21:05 – თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმის მტკიცებულება, რომ კოვიდ-19-ის მიმართ „ქართული გენის“ მქონე ადამიანი უფრო მდგრადია, არ არსებობს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მსჯელობა იმაზე, რომ „ქართული გენის“ მქონე ადამიანი კორონავირუსის მიმართ „უფრო მდგრადია“, თეორიულად შესაძლებელია, თუმცა „ნაკლებ რეალურია“, რადგან „ჯერ ამის ჰიპოთეზაც კი ვინმეს არ გამოუთქვამს, არათუ მტკიცებულება“.
მისივე განმარტებით, მეცნიერულად არც ის არის დასაბუთებული, რომ საქართველოში ვირუსის ნაკლებად ვირულენტური შტამია შემოტანილი.
„სადღეისოდ, არ არსებობს რაიმე მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულება, რომ საქართველოში [ვირუსის] რაიმე ნაკლებ ვირულენტური შტამია [შემოტანილი]. თუნდაც ამას ამყარებს ის ამბავიც, რომ საქართველოში [ინფექციის შემთხვევების] უმრავლესობა შემოვიდა იტალიიდან და როგორ იქნება ჩვენი შტამი ნაკლებ ვირულენტური, როდესაც იტალიური შტამი ითვლებოდა ყველაზე უფრო ვირულენტურად“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
20:35 – ოკუპირებული აფხაზეთი შეზღუდვების ნაწილს ამსუბუქებს, ნაწილს კი – ახანგრძლივებს
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ 29 აპრილს დეკრეტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება, ნაწილი კი – ხანგრძლივდება.
პირველი მაისიდან მუშაობას ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსები განაახლებენ. ამასთან, კვირაში სამი დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც ბაზრების მუშაობაა ნებადართული, გაადგილების უფლება საქალაქთაშორისო საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ექნება.
პარალელურად სოხუმი ზოგიერთ შეზღუდვას 15 მაისამდე ახანგრძლივებს, მათ შორის, რესტორნების, კაფეების, სილამაზის სალონებისა და სპა ცენტრების მუშაობას.
შეზღუდვები გაგრძელდება სპორტულ კულტურულ და სხვა გასართობ ღონისძიებებზე, ასევე საქორწინო ცერემონიებზე.
დეკრეტის თანახმად, ასევე 15 მაისამდე ხანგრძლივდება არდადეგები ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
შეზღუდვების გახანგრძლივება ფსოუზე, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმოსვლასაც ეხება.
20:10 – კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვირუსისგან განკურნებულთა ჯამური რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.
11:45 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოავლინეს. აქედან, პოლიციამ, 28 აპრილის 21 საათიდან 29:00 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 პირი, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით – 517-მდე გაიზარდა.
10:50 – საქართველოში ჩინეთიდან 40 000 PCR და 20 000 ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა
საქართველოში ჩინეთიდან 40 000 PCR ტესტი, ამავე ოდენობის ექსტრაქციის ნაკრები და სხვა სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა ჩამოვიდა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის კეტერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრის სახით 20 000 ანტისხეულების ტესტიც მიიღო.
მინისტრისვე თქმით, გაწერილია ტესტირების ალგორითმი, რომელიც „ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება და ემატება სხვადასხვა ჯგუფები“. „ამ ეტაპისთვის, PCR ტესტები მოიხმარება მიზნობრივად, იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც დღემდე იყო გაწერილი. ჩვენ ამ კვირაში ტესტირების არეალს ვაფართოებთ იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც [დაავადების გავრცელების] რისკი მაღალია და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხებზე, თუ ვინ იქნება შემდგომი პრიორიტეტი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
09:00 – თბილისის მკვიდრებისთვის ქალაქიდან გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე შეძლებენ. შესაბამის საშვს გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს.
უწყების განმარტებით, ნებართვის მისაღებისთვის საჭირო ფორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე – www.mepa.gov.ge-ზე განთავსდება. „მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე“, – განმარტავენ სამინისტროში.
„შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ „სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს“.
28 აპრილი, სამშაბათი
21:45 – კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ისგან კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 168-მდე გაიზარდა.
15:00 – მოხუცთა თავშესაფრებსა და სათემო პანსიონატებში კოვიდ-19-ზე ტესტირება ჩატარდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა მოხუცთა თავშესაფრები და სათემო პანსიონატები, სადაც „მოთავსებული არიან შშმ პირები, როგორც ბავშვები ისე ზრდასრულები“ კოვიდ-19-ზე ტესტირებები ჩატარდება.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი ამ ჯგუფების დეტალური შესწავლაა, რადგან „არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის განვრცელება, რაც იქნება ნამდვილად სარისკო ამ ჯგუფებისათვის“.
„რეალურად, ჩვენ მზად ვართ ტესტირება დავიწყოთ ხვალიდან. თუმცა, გარკვეული დოკუმენტური პროცედურების დასრულების შემდეგ, ჩვენ [ტესტირების დაწყების] ზუსტ თარიღს გამოვაცხადებთ“, – თქვა მანვე.
14:30 – ლენტეხსა და სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭომ გადაწყვეტილება „რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი ღონისძიებების შედეგად ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო“.
„შესაბამისად, უკვე დღეიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებს ის რეჟიმი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით არის დადგენილი“, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ამასთან, ამავე ინფორმაციით, „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 4 300 და სოფელ ხიდისყურის 80 მცხოვრებს რამდენჯერმე ჩაუტარდა პროაქტიული თერმოსკრინინგი. ასევე, მიზნობრივი ტესტირებები ჩაუტარდა ინფიცირებულთა ყველა კონტაქტს“.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 109 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 27 აპრილის 21:00 საათიდან 28 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინეს, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – 45 მოქალაქე დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 14-ით – 511-მდე გაიზარდა.
27 აპრილი, ორშაბათი
23:50 – ოკუპირებულ აფხაზეთი კოვიდ-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოკუპირებული სოხუმის „ხელისუფლების“ მიერ გამოვლენილი ნომერ პირველი ინფიცირებული პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი გაგრაში მოსკოვიდან დაბრუნდა. მან მკურნალობის კურსი გუდაუთის საავადმყოფოში გაიარა.
23:40 – ვირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო ჯამი 156-მდე გაიზარდა. 1-ით – 497-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც.
17:00 – ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 27 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის განმარტებით, საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2 ლარი იყო.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა, ეროვნულმა ბანკმა დოლარი უკვე მესამედ გაყიდა. წინა ორ აუქციონებზე, რომლებიც მარტის თვეში გაიმართა, სებ-მა გასაყიდად 40-40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
უფრო ადრე კი – 13 მარტს, ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მაშინ საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.9936 ლარი იყო.
ბლუმბერგის მონაცემებით, მოცემული მომენტისთვის, ერთი აშშ დოლარი 3.20 ლარი ღირს.
15:00 – Fitch-მა საქართველოს რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურით შეცვალა
სარეიტინგო კომპანიამ – Fitch Ratings საქართველოს რეიტინგი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურით“ შეცვალა.
24 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ განახლებული რეიტინგი საქართველოზე კორონავირუსის პანდემიის გავლენას ასახავს.
Fitch Ratings-მა ასევე განმარტა, რომ საქართველოში ამ მნიშვნელოვან შოკს მცირე და ღია ეკონომიკის, რომელიც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, კლება, ასევე ფინანსური ანგარიშგების გაუარესება და საქართველოს საგარეო ვალიდან რისკების ზრდა მოჰყვება.
Fitch-ის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მშპ-ის რეალური ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 4.8%-ით შემცირდება, ყველაზე დიდი დარტყმა კი -კორონავირუსის პანდემიისგან ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ მომსახურებებსა და ინდუსტრიას მიადგება.
ორგანიზაციის პროგნოზით, კერძო სექტორის საქმიანობის აღდგენის, დასაქმების ზრდის და ინვესტიციების განახლების შედეგად, მშპ-ის ზრდა ნაწილობრივ 2021 წლისთვის აღდგება და ის 4.3%-მდე გაიზრდება
Fitch-ში აცხადებს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის მეორე ტალღა განახლდება და კვლავ საკარანტინო ზომებს შემოიღებენ, ეს საქართველოს შრომის ბაზარზე, საბანკო სექტორსა და სახელმწიფო ფინანსებზე უარყოფით გავლენას კიდევ უფრო გაამწვავებს“.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 26 აპრილის 21:00 საათიდან 27 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 68 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინეს, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 23 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის სულ 23 მოქალაქე დააჯარიმა.
10:30 – გამოვლინდა კოვიდ-19-ის ათი ახალი შემთხვევა; ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 496-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის კიდევ ათი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ვირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 496-მდე გაიზარდა. 496 დადასტურებულ შემთხვევაში 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი – გარდაიცვალა. შესაბამისად, ამჟამად, აქტიურ ინფიცირებულთა რაოდენობა 341-ს შეადგენს.
06:00 – მარნეულის აგრარული ბაზარი გაიხსნა
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, დღეს დილით მარნეულის აგრარული ბაზარი გაიხსნა.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გაყიდვა ადგილობრივების უმეტესობისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. მკაცრი საკარანტინო პირობების დაწესების შემდეგ კი, როგორც მარნეულის მკვიდრები განმარტავდნენ, ისინი საკუთარი პროდუქციის გაყიდვას ვეღარ ახერხებდნენ, რის გამოც, ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. შექმნილი მდგომარეობის გასაპროტესტებლად, 22 აპრილს მარნეულის მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც გამართა.
- რამ გამოიწვია კარანტინის საწინააღმდეგო პროტესტი მარნეულში?
- პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
ხელისუფლებამ 27 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქება დაიწყო. შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოფიური ვითარების გათვალისწინებით, ექვს ეტაპად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეებისთვის ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება და პირბადეების ტარება სავალდებულოდ რჩება.
00:50 – გამოვლინდა კოვიდ-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამით ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 486-მდე გაიზარდა.
26 აპრილი, კვირა
23:10 – უცხოეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გარდაიცვალა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი 53 წლის იყო, რომელიც მკურნალობის კურსს ლატვიის ინფექტოლოგიის ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა. გარდაცვლილს ვირუსის პარალელურად, გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
მეორე მოქალაქე კი – 83 წლის კაცი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. სამინისტროს ინფრომაციით, მას კოვიდ-19-თან ერთად, დიაბეტი აღენიშნებოდა.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო გარდაცვლილი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და მათი სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს.
ჯამში, უცხოეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული საქართველოს 11 მოქალაქე გარდაიცვალა.
22:00 – კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 149-მდე გაიზარდა.
16:00 – ქალაქი თეთრიწყარო ჩაიკეტა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ქალაქ თეთრიწყაროში, ბოლო ორ დღეში, კორონავირუსის 12 შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ხელისუფლებამ ქალაქის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე თქმით, გუშინ თეთრიწყაროში კოვიდ-19 პირველად საავადმყოფოს ექთანს დაუდასტურდა, რომლის კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგადაც, ჯამში მუნიციპალიტეტში ვირუსის 19 შემთხვევა გამოვლიდა.
19 შემთხვევიდან, 7 მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში დაფიქსირდა. თუმცა, რეხვიაშვილმა განმარტა, რომ გამკაცრებული ზომები ჯერჯერობით მხოლოდ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს შეეხება.
2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ 21 127, უშუალოდ ქალაქში კი – 3 093 ადამიანი ცხოვრობს.
შსს-ს ინფორმაციით, თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო წესები ამოქმედდა, რომლებიც მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. შესაბამისად, რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
ამავე ინფორმაციით, შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
13:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 25 აპრილის 21:00 საათიდან 26 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 75 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 24 პირი, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი -33 მოქალაქე დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 29-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 29-ით – 485-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი. ჯამში, საქართველოში კოვიდ-19-ის მქონე უკვე 6 პაციენტი გარდაიცვალა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარდაცვლილი 83 წლი კაცია, რომელსაც ვირუსის პარალელურად ჰქონდა ქრონიკული პათოლოგიები, ასევე გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია და გულის ყველა სარქვლის ნაკლოვანება.
„ყველა ჩატარებული ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო და დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – თქვა მანვე.
08:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსრიდა. გარდაცვლილი 95 წლის ქალია, რომელსაც ვირუსი 11 აპრილს დაუდგინდა და გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. თავდაპირველად, გარდაცვლილი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობდა და იგი მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა. გუდაუთის საავადმყოფოში იგი მხოლოდ 20 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ გადაიყვანეს. ექიმის ანჟელა არჩელიას განცხადებით, გარდაცვლილს საავადმყოფოში მიყვანისას ორმხრივი პნევმონია, ასევე სხვა თანმდევი დაავადებები – ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა დაუდგინდა. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი თერაპიის შედეგად, პაციენტის რენტგენული მაჩვენებლები გაუმჯობესდა, ასაკის გამო საერთო მდგომარეობა მაინც მძიმე რჩებოდა და იგი დღეს, დილის 07:00 საათზე გარდაიცვალა.
25 აპრილი, შაბათი
18:00 – კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 139-მდე გაიზარდა.
17:30 – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ტესტირების შედეგად ინფექციის დადასტურებული შემთხვევების პროპორცია შემცირებულია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში განმარტა, რომ მიუხედავად ბოლო კვირებში გაზრდილი ტესტირებების რაოდენობისა, პროპორცია, რომელიც ვირუსის დადასტურებული შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით გვქონდა, შემცირდა.
მაგალითად, მისი განმარტებით, გუშინ, სხვადასხვა ლაბორატორიაში ჯამურად 897 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფექციაზე დადებითი შედეგი მხოლოდ 25 შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც მისივე განმარტებით, დაახლოებით 2%-ია. ეს კი მაშინ, როდესაც, როგორც თავადვე აღნიშნა, ტესტირების საერთო მაჩვენებელში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4.5% იყო. „ეს იმაზე მიუთითებს რომ ვირუსის თავისუფალი ტრანსმისია საზოგადოებაში,, საბედნიეროდ არ ხდება“, – დასძინა მანვე.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, ახალ კორონავირუსზე ტესტირება იმ ჯგუფებში (მაგალითად მარნეულის, ბოლნისის და სხვა მუნიციპალიტეტები, ასევე სამედიცინო პერსონალი) მიმდინარეობს, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი „განსაკუთრებით მაღალია“, ახალი შემთხვევები ვლინდება და „კლასტერები ყალიბდება“. მინისტრის მოადგილისვე განმარებით, მნიშვნელოვანია, რომ „სწრაფად და დროულად მოხდეს იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც შესაძლოა სხვა პირებს გადასცენ ინფექცია“.
„მიზნობრივი ტესტირება არის ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტი დღეს, რომ დროულად გამოვავლინოთ საზოგადოებაში გავრცელებული პირველი და ადრეული შემთხვევები“, – თქვა თამარ გაბუნიამ და იქვე დასძინა: „როდესაც ტესტირება კეთდება, ვიცით, რომ ასიმპტომურ პირში ტესტის ჩატარება აზრს მოკლებულია“.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ რეკომენდაციის შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით, ანტისხეულებზე სწრაფი ტესტირება სამედიცინო პერსონალში, კერძოდ კი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქსელში უკვე დაწყებულია და ეს წრე ეტაპობრივად გაფართოვდება.
12:45 – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ჩაიკეტა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკისა და კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფლები: ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონებად გამოცხადდა.
მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ხატისოფლის, ვანათისა და მუშევანის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.
ამ სამი სოფლის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადდა ქალაქი ბოლნისი, სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.
12:30 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 85 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 24 აპრილის 21:00 საათიდან 25 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 20 პირი დააჯარიმა.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 12-ით – 456-მდე გაიზარდა.
24 აპრილი, პარასკევი
22:45 – ინფიცირებულთა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 13-ით – 444-მდე გაიზარა.
18:00 – კოვიდ-19-ისგან კიდევ 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობას კიდევ 18 დაემატა და მათი რიცხვი 132-მდე გაიზარდა.
16:05 – პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის პირობებში ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
გახარიას თქმით, ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებით ბიუჯეტისთვის საჭირო რესურსი 3.9 მილიარდი ლარია. მისივე განმარტებით, გეგმით გათვალისწინებული მიზნობრივი დახმარების პაკეტით საქართველოს 350 000 მოქალაქე ისარგებლებს.
15:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 23 აპრილის 21:00 საათიდან 24 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 59 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 24 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 30 პირი დააჯარიმეს.
აგრეთვე, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.
14:00 – ოკუპირებული ცხინვალი ზოგიერთ შეზღუდვას ხსნის
ოკუპირებული ცხინვალი რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულს ზოგიერთ შეზღუდვას ხსნის. დღეიდან, შესაბამისი წესების დაცვით, მუშაობის უფლება ეძლევათ სილამაზის სალონებსა და სავაჭრო ობიექტებს.
პარალელურად კაფეებს, რესტორნებს და სხვა გასართობ ცენტრებს მუშაობა კვლავ ეკრძალებათ. შეზღუდვები ძალაში 30 აპრილამდე იქნება.
10:45 – ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 3-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით – 431-მდე გაიზარდა. 3-ით – 114-მდე გაიზარდა ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
23 აპრილი, ხუთშაბათი
23:20 – ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 5-ით – 425-მდე გაიზარდა.
16:20 – კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ისგან კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 111-მდე გაიზარდა.
13:00 – ინვესტორთა საბჭოს წევრები მთავრობას ახალი საინვვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან და მთავრობასთან ერთად იმ ნაბიჯების შემუშავების პროცესში ჩაერთვებიან, რომლებიც საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის უნდა გადაიდგას.
დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ზოგადი ეკონომიკური ტენდენციები და საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე აქცენტი გაკეთდა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ხელშემწყობ მექანიზმებზე, ასევე იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეპიდემიასთან ბრძოლის შემდგომ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკის გლობალურ კონკურენციაში თავისი ადგილის დასაკავებლად.
12:25 – მაისის დასაწყისში ქვეყანაში 100 000-მდე PCR ტესტი გვექნება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში 10 000-ზე მეტი PCR ტესტის სრული კომპლექტაცია გვაქვს და ორშაბათს, 27 აპრილს, დამატებით კიდევ 40 000 ტესტს ველოდებით. „მაისის დასაწყისში PCR ტესტების რაოდენობა 100 000-მდე შეივსება“, – თქვა მანვე.
ჯანდაცვის მინისტრმა სწრაფ ტესტებზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 000-ზე მეტი სწრაფი ტესტი. „ჩვენ დამატებით კიდევ გვაქვს 9 000 ტესტი, რომლებიც ყველა საავადმყოფოშია დარიგებული, სადაც მიმდინარეობს, როგორც პაციენტების, ისე მათი თანამშრომლების ტესტირება“, – დასძინა მანვე.
12:20 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვვევის 106 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 22 აპრილის 21:00 საათიდან 23 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 2 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 50 პირი დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ 4-ით – 420-მდე გაიზარდა.
09:00 – თერჯოლის მუნიციპალიტეტი სოფელი ღვანკითი დაიკეტა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კოვიდ-19-ის 10 შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დილის 06:00 საათიდან სოფელი სრულად ჩაიკეტა.
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, სოფელში გუშინ 4 ახალი ინფცირებული გამოვლინდა, რომლებსაც „კრიზისული ფაზა გადავლილი აქვთ“, თუმცა მათი მოსახლეობასთან კონტაქტი სარისკოა, ამიტომ ისინი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს (მანამდე, ამავე სოფელში კოვიდ-19-ის 6 შემთხვევა იყო დადასტურებული). „ფაქტობრივად, ერთ სოფელში 10 ინფიცირებული უკვე დიდი რისკია“, – თქვა მანვე.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სოფელში დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმონსკრინგი დაიწყება.
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ღვანკითში სულ 705 ოჯახი და 2 438 ადამიანი ცხოვრობს.
22 აპრილი, ოთხშაბათი
22:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 9-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით – 416-მდე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 9-ით 107-მდე გაიზარდა.
16:35 – პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
97 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ შესაბამისი ბრძანება დასამტკიცებლად კანონმდებლებს დღეს პრეზიდენმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა და თქვა, რომ სწორედ „საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან“.
15:10 – ევროკომისია საქართველოს 150 მილიონი ევროს სესხს სთავაზობს
ევროკომისია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირების მიზნით, გაფართოებისა და სამეზობლოს პროგრამების ფარგლებში, 10 ქვეყანას 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, მათ შორის, 150 მილიონს საქართველოს.
13:30 – იმერეთის რეიგიონის მუნიციპალიტეტებში მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდი&