ახალი ამბები

„TI საქართველო“ ქვეყნის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საფრთხეებზე საუბრობს

Tags

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TIG) 4 მაისს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულების საფრთხეები და ტენდენციებია გაანალიზებული.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად „ტურიზმით, საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით არის დამოკიდებული“, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის „მნიშვნელოვანი გამოწვევაა“.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე, 2020 წლის მარტიდან საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება „ბუნებრივად“ მცირდება, რაც საქართველოს შესაძლებლობას უჩენს, რომ „სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე“.

„მინიმუმ ეს გარდაუვალი იქნება ტურიზმის შემთხვევაში, რადგან საქართველოს ტურიზმზე, მათ შორის რუს ტურისტებზე დამოკიდებულება შემცირდება და 2019 წლის დონეზე დაბრუნებას რამდენიმე წელი შეიძლება დასჭირდეს“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

ანაგრიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილებისა და რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მეშვეობით დაახლოებით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ია.

„კოვიდ-19-ის პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად იზარალებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ზიანი მოგვაყენოს. ეს საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას გარკვეულ გამოცდილებას შესძენს, რუსეთისგან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების მიმართ ნაკლებ მოწყვლადი იყოს და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაოს“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულ პროდუქციაზე საუბრისას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ყურადღებას ღვინოზე ამახვილებს და განმარტავს, რომ „რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მაღალი დამოკიდებულებაც პოლიტიკური რისკების მატარებელია“.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ „ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე ძირითადად კახეთის მოსახლეობაა დამოკიდებული“ და „ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, ზარალიც დიდ წილად მათ აწვებათ, [რადგანაც] ბევრ ოჯახს შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ გააჩნია“.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებულ პრდუქციაზე საუბრისას, ხორბალს გამოყოფს და აცხადებს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში იმპორტირებული ხორბლის 100% სწორედ რუსეთიდან იყო.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულებაც გარკვეული საფრთხის შემცველია“, რადგანაც მათივე შეფასებით,  „პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა, საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის“.

„საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, ის გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს.

„საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • იზრუნოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;
  • მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;
  • ტურისტების მოზიდისთვის სამიზნე ბაზრად არა რუსეთი, არამედ სხვა ქვეყნები აქციოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button