ძველი ამბები

მუსლიმთა მეჯლისი აჭარის საქართველოსთან დაუყოვნებლივ შეერთებას მოითხოვს

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 27 აპრილი, N92

ბათომის გარშემო

დამფუძნებელი კრების წევრების პავლე საყვარელიძისა და სამსონ ფირცხალავას დეპეშა

მეჯლისმა აპრილის 22 სხდომაზე განიმეორა შარშანდელი ყრილობის დადგენილება, რომ ბათუმის ოლქი საქართველოს განუყრელი ნაწილია და სთხოვა საქართველოს მთავრობას წესიერების დასაცავად და მცხოვრებთა სიცოცხლის და ქონების უზრუნველსაყოფად დაიკავოს  ქალაქი ბათომი და ბათომის ოლქი თავისი ჯარებით. მეჯლისმა აღშფოთებით აღნიშნა, რომ საზავო კონფერენცია ფიქრობდა ბათუმის ცალკე გამოყოფას და დაადგინა, რომ მკვიდრნი ვერასოდეს ვერ შეურიგდებიან ასეთ გადაწყვეტილებას და უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლებენ ამის წინააღმდეგ.

დამფუძნებელი კრების წევრნი

პ. საყვარელიძე და ს. ფირცხალავა

მეჯლისის მადლობა

ბათუმის ოლქის მუსულმანთა მეჯლისი მოგახსენებთ რა უღრმეს მადლობას მეჯლისის გახსნის შესახებ მოლოცვისა გამო, მიესალმება დედა სამშობლოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას და გამოსთქვამს ღრმა მწუხარებას, რომ ბათუმის ოლქის ქართველ მუსულმანთა ყრილობის მიერ 31 აგვისტოს გამოტანილი დადგენილება ქ. ბათომის და მის ოლქის საქართველოსთან ავტონომიურ გაერთიანების შესახებ დღემდის კიდევ არ არის სისრულეში მოყვანილი, მეჯლისმა კვლავ დაადასტურა 31 აგვისტოს დადგენილება. მეჯლისს ღრმად სწამს, რომ ვერვაითარი ძალა ვერ შესძლებს ბათომისა და მის ოლქის საქართველოსგან ჩამოშორებას. მეჯლისი ფიცს დებს, რომ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლებს საქართველოს მთლიანობისთვის. გაუმარჯოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას. გაუმარჯოს სამუსლიმანო საქართველოს დედა სამშობლოს ფარგლებში.

მეჯლისის თავმჯდომარე

მემედ-ბეგ აბაშიძე

მსგავსი/Related

Back to top button