ძველი ამბები

კორუფციის ბრალდებით მომარაგების სამინისტროს მოხელეები დააკავეს

Tags

გაზ. საქართველო, 1920 წლის 3 აპრილი, N72

სასამართლოში: მომარაგების სამინისტროში ბოროტმოქმედების საქმე

[1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ აკრძალა გარკვეული საქონლის ქვეყნიდან გატანა, მათ შორის რესპუბლიკისათვის აუცილებელი და დეფიციტური სასურსათო პროდუქციისა. ამასთანავე, მთავრობამ აკრძალა ძვირფასი საქონლის შემოტანა რესპუბლიკაში. პროდუქციის გატანისათვის აუცილებელი იყო სპეციალური ნებართვები, რომელთაც მომარაგების სახელმწიფო ინსტიტუტი გასცემდა. 1918-1919 წლებში არსებობდა მომარაგების სამმართველო (დეპარტამენტი),  რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენდა,  1919 წლის ბოლოდან სისტემის მოწესრიგების მიზნით შეიქმნა მომარაგების სამინისტრო. – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა)

თბილისის ოლქის სასამართლოს უდიდეს საქმეთა გამომძიებელი ვ. ე. დილევსკი გამოძიებას აწარმოებს სამინისტროდან ყალბ მოწმობებით უცხოეთში საქონლის გაზიდვის საქმის გამო.

როგორც ირკვევა არსებულა მთელი ფარული ორგანიზაცია, რომელშიაც შედიოდნენ მომარაგების სამინისტროს ზოგიერთი მოსამსახურენი. ეს ორგანიზაცია სამინისტროს ნამდვილი ბეჭდის დასმით და ყალბი ხელის მოწერით ამზადებდნენ ნებართვებს უცხოეთში აკრძალული საქონლის გასაზიდათ და რამდენიმე ასი ათას მანეთად ჰყიდიდნენ ამ ნებართვებს. ორგანიზაციას ჰყოლია აგენტები, რომლებიც შოულობდნენ ასეთ ნებართვების მყიდველებს, რაშიაც აგენტები განსაზღვრულ პროცენტებს ღებულობდნენ, ასეთი ყალბი ნებართვებით დაუბრკოლებლივ გაჰქონდათ თურმე უცხოეთში საქონელი, რადგან ყოველივე ფორმალურ მხარეს ასრულებდნენ ამ ორგანიზაციის ის წევრნი, რომელნიც სამინისტროში მსახურობდნენ. ასე მაგალითად მიღებული იყო სამინისტროში წესად, რომ გაცემულ კანონიერ ნებართვების ასლები მთავარ საბაჟოში იგზავნებოდა სამინისტროს მიერ და ხსენებული მოსამსახურენი ამზადებდნენ ამ ასლებსაც რეესტრში გატარებულ სხვა ქაღალდების ნუმრებით გზავნიდნენ მთავარ საბაჟოში ისე, რომ ყალბი ნებართვის მყიდველი მთავარ საბაჟოში თავის ნებართვის ასლის ნახვით რწმუნდებოდა მის სინამდვილეში და ამიტომ საბაჟოს ადმინისტრაციაც შეცდომაში შედიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმის და თბილისის სისხლის სამართლის მილიციის საშუალებით უკვე აღმოუჩენიათ მრავალი ასეთი ყალბი ნებართვა და აგრედვე შეუპყრიათ რამდენიმე წევრი ხსენებულ ორგანიზაციისა. დანარჩენთა შესაპყრობათ მიღებულია შესაფერი ზომები.

ამ ორგანიზაციის მუშაობა თურმე ფართედ სწარმოებდა რამდენიმე თვის განმავლობაში ჯერ მომარაგების მთავარ სამმართველოში და შემდეგ, მომარაგების სამინისტროს დაარსების პირველ ხანებში, ვიდრე ხსენებულ დაწესებულების მთელი შემადგენლობა შეეცვლებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button