
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“: ელიტური კორუფცია „მასშტაბური რჩება“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ „ელიტური კორუფცია გაცილებით უფრო მასშტაბური იყო და ასეთად რჩება“.
„წლების განმავლობაში როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საგამოძიებო მედია ელიტური კორუფციის პრობლემაზე განგაშის ზარს სცემდა, „ქართული ოცნება“ ამას სიცრუეს უწოდებდა და ამბობდა, რომ ქვეყანაში კორუფცია დამარცხებული იყო“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„კორუფციის დაფარვაში წლებია ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუსისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. ახლა კი „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას“, – აღნიშნა ორგანიზაციამ.
ორგანიზაციის თქმით, მან ბოლო 5 წელში აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართულ ოცნების“ ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზებით ბოლო 10 წლის განმავლობაში 5 მილიარდი ლარი მიიღეს. აქედან 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი კი – 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა.
650 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ოთარ თათეშვილის კომპანიამ მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან, მას შემდეგ რაც მან ივანიშვილს აბასთუმანში სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდა. 390 მლნ ლარის ტენდერები მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის კომპანია „სერპანტინმა“ 2013-2025 წლებში.
ორგანიზაციის თქმით, 71 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო აგროპროგრამებიდან. სანაცვლოდ ამ კომპანებმა პარტიას 7.7 მლნ ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით.
ანგარიშის თანახმად, მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის ნებართვების დიდი ნაწილი კორუფციული გზით არის დარიგებული. მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, ბიზნესმენ კოკა კოკოლაშვილს აქვს მიღებული. ჰესების ნებართვები აქვთ მიღებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ოჯახის წევრებს და „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე წევრს.
ორგანიზაციის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში კორუფციის ამ სქემების გასაჯაროებისთანავე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ათობით წერილი აქვს გაგზავნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და პროკურატურაში კონკრეტული შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით. „რამდენიმე თვის წინ რეაგირების მოთხოვნით ოფიციალურად გავუგზავნეთ მასალები ანტიკორუფციულ ბიუროსაც ჩვენს მიერ გამოვლენილ 65 კორუფციულ საქმეზე. რეაგირება არცერთი ამ უწყების მხრიდან არ ყოფილა“, – აცხადებს ორგანიზაცია.
This post is also available in: English
