Placeholder canvas
ახალი ამბები

ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ახალი ლიდერია

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვების შემდეგ, ასლან ბჟანია მომდევნო ხუთი წლის ვადით აფხაზეთის მეხუთე ლიდერი იქნება. 22 მარტის განმეორებით არჩევნებს წინ ადგილობრივი სასამართლოს მიერ 12 იანვარს 2019 წლის სექტემბრის არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაბათილება უძღოდა, რის შემდეგაც, აფხაზეთის აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა მალევე დატოვა.

ოკუპირებული აფხაზეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბჟანიამ 53 741 ხმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 56.5%-ია. ამავე ინფორმაციით, ბჟანია რეგიონის ახალ ლიდერად, ხოლო ბადრა გუნბა ახალ „ვიცე-პრეზიდენტად“ გამოცხადდა.

ადგილობრივი მედიასაშუალების „აფსნი თუდეის“ ინფორმაციით, კიდევ ერთმა კანდიდატმა, ადგურ არძინბამ დამარცხება აღიარა და ბჟანიას გამარჯვება მიულოცა. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ბჟანიას გამარჯვება აფხაზეთის „პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა“, ვალერი ბგანბამაც მიულოცა.

სოხუმის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) ამომრჩეველთა აქტივობა 58.85% იყო. ინფორმაცია აფხაზეთის „საარჩევნო ადმინისტრაციაზე“ დაყრდნობით რუსულმა მედიამ გაავრცელა. გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველი 2014 წლის არჩევნების შემდეგ ამომრჩეველეთა სიებიდან ამოღებულია.

ასლან ბჟანია, საბჭოთა KGB-ის სკოლის კურსდამთავრებული, აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატად დიდი ხანია განიხილებოდა. იგი 2019 წლის არჩევნების დროს, აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატისა და იმჟამინდელი ლიდერის – რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო, თუმცა მძიმე ლითონებით მოწამვლის გამო, მან კენჭი ვეღარ იყარა.

2020 წლის 2 მარტს ასლან ბჟანია საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მოსკოვიდან სოხუმისკენ მიმავალი, გზად სოჭში გაჩერდა, სადაც „თავი შეუძლოდ იგრძნო“. მოგვიანებით, იგი კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 მარტს ასლან ბჟანიას ასობით მხარდამჭერმა, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ბჟანია მოწამლეს, სოხუმში „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობაზე იერიში მიიტანა და „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“ ვალერი ბგანბას გადადგომა მოითხოვა.

ბჟანია კრასნოდარის რეგიონული საავადმყოფოდან 11 მარტს გაწერეს, სადაც იგი ფილტვების ორმხრივი ანთების დიაგნოზით, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. იმავე დღეს გაკეთებულ მოკლე კომენტარში, ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმში დაბრუნებისთანავე იგი „საარჩევნო“ კამპანიაში ჩაერთვებოდა.

2014 წლის არჩევნებზე, სადაც ხაჯიმბამ 50 494 ხმით (50.57%) გაიმარჯვა, ბჟანია ხმების 35,91%-ით მეორე ადგილზე გავიდა. კიდევ ორმა კანდიდატმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლეონიდ ძაფშბამ კი – ხმების 6.4% და 3.4% მიიღეს.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთისა და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button