skip to content
ანალიზიდაწვრილებით

ჯანყი აფხაზეთში: ექსპერტთა თვალით

2020 წელს აფხაზეთი მასობრივი არეულობის სცენებით შეხვდა. 9 იანვარს სოხუმში ოპოზიციის მხარდამჭერები „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობაში შეიჭრნენ და რაულ ხაჯიმბას დაუყოვნებლივ გადადგომა მოსთხოვეს. იმავე საღამოს, საგანგებოდ შეკრებილმა „პარლამენტმა“ ვითარების განსამუხტად ხაჯიმბას თანამდებობის დატოვებისაკენ მოუწოდა. მეორე დღეს, აფხაზეთის „უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ“ 2019 წლის სექტემბრის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურის  შედეგები ბათილად ცნო.

ხაჯიმბა თავდაპირველად გადადგომის მოთხოვნას არ დაჰყვა, “სასამართლოს” განაჩენის გასაჩივრებით დაიქადნა და ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან მოუხმო. 10 იანვარს რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსანი რაშიდ ნურგალიევი სოხუმში ჩავიდა და ჩიხიდან გამოსავლის ძიებას შეუდგა. მეტიც, ხაჯიმბა გადადგომას კვირა დილასაც არ აპირებდა, როცა აფხაზურმა „ცესკომ“ ხელახალი „არჩევნების“ თარიღად 22 მარტი დაასახელა. ნურგალიევს კვირა საღამოს, 12 იანვარს, მალე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველიც შეუერთდა. ეს იმ დროს მოხდა, როცა პროტესტის მონაწილეებმა „პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან“, ყოფილი ქალაქკომის შენობიდან, ხაჯიმბას რეზიდენციისაკენ გადაინაცვლეს. ხაჯიმბა გადადგა. ახალი ლიდერის არჩევამდე რეგიონს „ნაპრემიერმინისტრალი“ ვალერი ბგანბა უხელმძღვანელებს.

ახლა, როცა ჯანყი ასე თუ ისე ჩაცხრა, რამდენიმე ყურადსაღები შეკითხვა იქცევს ყურადღებას. რა მოხდა იანვრის დასაწყისში აფხაზეთში, სადაც „უსისხლო“ გადატრიალება უკვე წესი უფროა, ვიდრე გამონაკლისი?  ვინ ჩარხავდა რეგიონის პოლიტიკურ მომავალს მაშინ, როდესაც სოხუმის ქუჩებში ძალმომრეობის სცენა თამაშდებოდა? და რაც მთავარია, რას უქადის აფხაზეთში „რეჟიმის ცვლილება“ ფსკერზე დაშვებულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს?

ამ და სხვა თემებზე „სამოქალაქო საქართველოაფხაზეთის  საკითხის მცოდნეებს ესაუბრა.

აბრაგი და ბრბო

„[იანვრის]  მოვლენები კარგა ხნის განმავლობაში მომწიფებული დაძაბულობის ფონზე განვითარდა. 2019 წლის თითქმის ნახევარი რეგიონმა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ სკანდალებში განვლო, რამაც მანამდე მშვიდობისმოყვარე ოპოზიცია რადიკალური ცვლილებების მომხრედ აქცია“, გვეუბნება ოლესია ვართანიანი, „კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის“, კონფლიქტების კვლევის ავტორიტეტული ორგანიზაციის ანალიტიკოსი.

ვართანიანი პროტესტის განსაკუთრებულ ფორმაზე მიუთითებს. „საინტერესოა, რომ შენობაში შეჭრის დროს ადგილზე საზოგადოებისთვის ცნობილი არცერთი პოლიტიკოსი არ იმყოფებოდა. ბრბომ იმით ისარგებლა, რომ არდადეგების დღეებში მთავრობის შენობა ცუდად იყო დაცული. ხელმძღვანელობამ სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზებაც კი ვერ მოასწრო,“ თქვა მკვლევარმა.

ვართანიანი პროტესტის წინმსწრებ ერთ საგულისხმო დეტალსაც იხსენებს. „შტურმამდე დღეებით ადრე ხაჯიმბას პირადი მცველი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ბევრმა ყურადღება არ მიაქცია ფაქტს, რომ პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობას გასულ წელს სროლის შედეგად დაღუპულის ახლობლები შეადგენდნენ,“ ამბობს იგი. ვართანიანი 22 ნოემბერს სოხუმში ორი კრიმინალური „ავტორიტეტის“ მკვლელობას გულისხმობს, რომელთაგან ერთის ბიძაშვილმა – ახრა ავიძბამ – შენობის შტურმის დაგეგმვა და განხორციელება იკისრა.

ავიძბამ სახელი 2014-15 წლებში დონბასში სეპარატისტების მხარდამხარ ბრძოლით გაითქვა, რის შემდეგაც აფხაზურ პოლიტიკაში ნაბიჯების გადადგმაც მოისურვაო, გვითხრა ოლესია ვართანიანმა. კრიზისების ჯგუფის წარმომადგენელმა ისიც გაიხსენა, რომ ავიძბამ ორი წლის წინ „პარლამენტის“ დეპუტატის მანდატისთვისაც იყარა კენჭი. „ადგილობრივი პოლიტიკოსები ავიძბასგან თავს შორს იჭერენ, „თავისიანად“ არ იღებენ. ახლა ეს შეიძლება შეიცვალოს კიდეც,“ დასძინა ვართანიანი.

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე ნინო კალანდარიშვილი ეჭვით უყურებს ავიძბას ძალაუფლების მოსაპოვებლად გალაშქრებას. „სიმართლე რომ ვთქვა, რუსეთს საერთოდ არ ადარდებს, პიროვნულად ვინ იქნება აფხაზეთის მმართველი, თუკი ის [მმართველი] რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ერთგულად გაატარებს. ხაჯიმბამ დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულა,“ გვითხრა ნინო კალანდარიშვილმა. მისი აზრით, ამ ქაოსის დასასრულებლად მოსკოვი ფსონს ოპოზიციის ლიდერ ბჟანიაზე დადებს და არა – განგსტერ ავიძბაზე.

რუსეთის „მსახვრალი ხელი“

აფხაზეთში დატრიალებულ ამბებზე საუბრისას, ცხადია, ყურადღებითაა გასაანალიზებელი რუსეთის როლიც. ვითარების გამწვავების გამო რუსეთმა სწრაფად ჩარევა გადაწყვიტა. მან თავდაპირველად უშიშროების მაღალჩინოსანი ნურგალიევი – რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს ვიცე-მდივანი – მიავლინა სოხუმში. ნურგალიევის სტუმრობა რომ უშედეგო გამოდგა, რეგიონს ვლადისლავ სურკოვიც ეწვია – ეს ის სურკოვია, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსკოველ ზედამხედველად რომ ჰყავს გამწესებული. ვართანიანის აზრით, აფხაზეთში ხაჯიმბას ბევრი სურკოვის პროტეჟედ მიიჩნევს და შესაბამისად, მის შეცდომებზეც პასუხისმგებლობას აფხაზები სწორედ სურკოვს აკისრებენ. ანალიტიკოსის თქმით, სურკოვმა სოხუმში ჩასვლით მხოლოდ ის შეძლო, რომ ხაჯიმბასთვის გადადგომის ვერდიქტი პირადად გამოეცხადებინა.

კალანდარიშვილი მიიჩნევს, რომ სურკოვის გავლენა აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ წრეებში ჯერაც არ შესუსტებულა. მოსკოვს რომ „გადატრიალება“ თავად დაეგეგმა, მაშინ პროტესტის ალის ჩაქრობას მხოლოდ ნურგალიევის ჩარევაც ეყოფოდაო, ამბობს იგი. თუმცა, საქმეს მხოლოდ ნურგალიევმა ვერ უშველა და „ხაჯიმბას ძალაუფლების ჩამოშორებას სურკოვის უშუალო ძალისხმევა დასჭირდაო“, გვითხრა კალანდარიშვილმა.

რასაც დასთეს, იმას მოიმკი

ხაჯიმბა ოკუპირებული აფხაზეთის  სათავეში 2014 წლის აგვისტოში მოექცა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლამდე მან სამჯერ უშედეგოდ სცადა „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვება. თანამდებობაზე ყოფნის მისი ვადა რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავებითა და ეთნიკური ქართველების მიმართ ხისტი პოლიტიკით გამოირჩეოდა. ხაჯიმბას მთავარ „მიღწევად“ რუსეთთან „ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულება შეიძლება მივიჩნიოთო, შენიშნავს კალანდარიშვილი, რამაც, მისი თქმით, კიდევ უფრო გააღრმავა „კეთილისმყოფელზე“ რეგიონის ფინანსური და სამხედრო დამოკიდებულება. ნინო კალანდარიშვილის თქმით, ამ ამბავს ვნებათაღელვა მოჰყვა  აფხაზეთის „ნაციონალისტურ“ წრეებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთს მათ შიდა საქმეებში მეტი ბერკეტის მოპოვება სურს.

კალანდარიშვილი ხაჯიმბას „პრეზიდენტობის“ კიდევ ერთ გასახსენებლ ეპიზოდად მის მიერ გალის რაიონის „ადმინისტრაციის ხელმძღვანელად“ თემურ ნადარაიას დანიშნვას მიიჩნევს.  ეს ის ნადარაიაა, რომელმაც ექსპერტის თქმით, სახელი ეთნიკური ქართველების რეპრესიის გაძლიერებით  – მათთვის საარჩევნო და საკუთრების უფლების ჩამორთმევით, საგადასახადო წნეხის გაზრდით და, საბოლოო ჯამში, „აპართეიდის მაგვარი რეჟიმის“ დამყარებით – გაითქვა.

ვართანიანი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართველებისთვის ხაჯიმბას „გაპრეზიდენტება“ ავბედითი აღმოჩნდა. „დღეს ყველაზე მწვავე საკითხს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ადგილობრივთათვის „გამშვები პუნქტების“ ჩაკეტვა წარმოადგენს. ხაჯიმბამ ხაზის გადაკვეთა მოსახლეობას უფრო და უფრო გაურთულა. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს,“ ამბობს ოლესია ვართანიანი.

მძევლად აყვანილი გალის რაიონი

სოხუმის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გალის რაიონში 30,259 სული ცხოვრობს, რომელთა 98 % ეთნიკური ქართველია. გასულ ნოემბერში გალის რაიონის [აწ უკვე ყოფილმა] თავკაცმა ნადარაიამ ფარდა ახადა სოხუმის გეგმებს, „გააძლიეროს [გალის] მოსახლეობის საერთო აფხაზურ ეთნო-კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში“ ინტეგრაცია. ნადარაიას თქმით, თბილისმა გალის მოსახლეობის „გადაბირება“ განიზრახა, რაც მისი აზრით, უფასო განათლებისა და სხვა სარგებლის შეთავაზებით გამოიხატება. ნადარაიამ საქართველოს მთავრობა და გალელები გააფრთხილა, რომ აფხაზეთში საცხოვრისის ექვს თვეზე მეტი ხნით დატოვების შემთხვევაში, მათ ბინადრობის ნებართვა გაუუქმდებათ. ხაჯიმბასგან ხელდასმული თემურ ნადარაია სათავეში ედგა ქართულის, როგორც მშობლიური ენის, სწავლების შეზღუდვასაც, რათა მოსწავლეებისთვის შემდგომ ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარების შესაძლებლობა მოსპობოდათ.

ჩვენთან საუბარში ვართანიანმა ზომიერი ოპტიმიზმით შეაფასა ოკუპირებული რაიონის მიმართ მომდევნო „ხელისუფლების“ მოსალოდნელი პოლიტიკა. „ბჟანია და მისი მხარდამჭერები ძალიან ფრთხილობდნენ ქართველებთან დამოკიდებულების კრიტიკისას. ისინი აღიარებენ, რომ ის [გალის პოლიტიკა] უნდა შეიცვალოს, თუმცა კონკრეტულ გამოსავალზე არ საუბრობენ“, ამბობს  კრიზისების ჯგუფის წარმომადგენელი.

აქამდე საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში განვითარებული მოვლენების მწირი შეფასებებით შემოიფარგლა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ „აფხაზეთში არსებული სიტუაცია და რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტი აფხაზეთის საზოგადოების მოთხოვნებსა და ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს“. მოგვიანებით ციხელაშვილი მხარეთა შორის ნდობის აღდგენის შესახებ ბჟანიას განცხადებასაც გამოეხმაურა – „დიალოგი აუცილებელია“ და თბილისი ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მყოფთა შორის კავშირების გაღრმავებას მიესალმებაო, თქვა შერიგების მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button