skip to content
ახალი ამბები

სოხუმი ამომრჩეველთა სიიდან ‘უკანონო პასპორტების’ 22 787 მფლობელის ამოღებას აპირებს

სეპარატისტული აფხაზეთის ძირითადად ქართველებით დასახლებული რაიონების 22 787 მაცხოვრებელი 24 აგვისტოს დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა სიიდან იქნება ამოღებული.

ივნისში სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბგანბამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონების იმ მაცხოვრებლების სიის შედგენა დაავალა, რომელთა აფხაზური პასპორტებიც საკანონმდებლო ორგანომ უკანონოდ გაცემულად ცნო.

სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, ალექსეი ლომიამ განუცხადა ტელეკომპანია „აბაზა ტვ“–ს 30 ივნისს, რომ სამინისტრომ შეადგინა სია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა.   

მისი თქმით, სიაში შესულია გალის რაიონის 16 411 მკვიდრი; ტყვარჩელის რაიონის 5 504 მაცხოვრებელი და ოჩამჩირის რაიონის 872 მკვიდრი.

ცესკოს თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განაცხადა 1 ივლისს, რომ საარჩევნო კომისიები ამომრჩეველთა სიიდან იღებენ იმ პასპორტების მფლობელებს, რომლებიც უკანონოდ გაცემულად იქნა მიჩნეული. 

დღემდე ოთხმა კანდიდატმა განაცხადა ოფიციალურად, რომ 24 აგვისტოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავენ კენჭისყრას. 

სეპარატისტული რეგიონის ერთ–ერთმა უმსხვილესმა პოლიტიკურმა პარტიამ, აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმმა 1 ივლისს თავისი ლიდერი, დეპუტატი რაულ ხაჯიმბა კანდიდატად დაასახელა. ვიტალი გაბნია, აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის „არუაას“ თავმჯდომარე ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. ორივე მათგანი საკოორდინაციო საბჭოს წამყვანი ფიგურები არიან. საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკურ პარტიებს და მოძრაობებს აერთიანებს, რომელმაც სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს 27 მაისს დაწყებული ექვსდღიანი საპროტესტო აქციების შედეგად თანამდებობა დაატოვებინა.

სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მერაბ ქიშმარია დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. ქიშმარია, რომელიც 90–იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზურ ჯარებს მეთაურობდა აღმოსავლეთ ფრონტზე, 2007 წლის ივნისიდან სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის მინისტრია.

ყოფილი ვიცე–პრემიერი ბესლან ეშბა ასევე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. ეშბა ვიცე–პრემიერად ანქვაბმა 2013 წლის აპრილში დანიშნა და ის ანქვაბის გადადგომამდე ამ პოსტზე მსახურობდა.
 
მეოთხე კანდიდატი, რომელმაც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაფშბაა. მან დაახლოებით წელიწადი იმუშავა მინისტრის პოსტზე, სანამ 2011 წლის ოქტომბერში გადადგებოდა, ანქვაბის მიერ 2011 წლის ვადამდელი არჩევნების მოგებიდან ორ თვეში. ხაჯიმბას მსგავსად ძაფშბა და მისი კავშირი სამართლიანობისთვის, სტაბილურობისა და დემოკრატიისთვის საკოორდინაციო საბჭოს წევრი იყო, მაგრამ მან პრეზიდენტად კენჭისყრა ამჯობინა ხაჯიმბას კანდიდატურის მხარდაჭერას.

კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადების შეტანა 25 ივნისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდება.

საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის ერთ–ერთი მოთხოვნა აფხაზური ენის ცოდნაა, რომელსაც ხუთწევრიანი ლინგვისტური კომისია ამოწმებს.

 

მსგავსი/Related

Back to top button