skip to content
რესპუბლიკის ამბები

1920 წელი: ლექსი მექრთამე გურულ მღვდელზე

ყოველ-კვირეული საოხუნჯო ჟურნალი „ხათაბალა“, N1, 1920 წლის 21 მარტი.

ს. სუფსა

ვინც არ იცის ჩვენი მღვდელი

და თან ჩვენი დიაკვანი,

(ჯოჯოხეთის მუგუზალი

და იმისი მინაგვანი),

იგი კი არ დაიჯერებს,

რომ უამბო მაზედ რამე,

(თუ მე როგორ წამამწარეს,

ჩემი ჯვრის წერის ღამე),

ეკლესიაში შავედით,

ჯვარი უნდა დაგვეწერა,

(მორწმუნე ვარ მე საწყალი,

ცოლი ისთე კი არ მჯერა),

მაგრამ ხუთი თუმნის მეტი

კიბეზედ არ მქონდა ბისტი,

(მე ხომ არ ვარ კომისარი,

ანდა ვინმე შანტაჟისტი?)

მღვდელი თავის დიაკვანით

ვხედავ, გარედ არ გამოდის!

(საკურთხეველში დამჯდარან,

ფოკუსია ახალმოდის!).

მივედი და შევეკითხე,

მითხრეს: გვინდა საფანელი,

გაუწოდე ჩემი ფარა),

მაგრამ არ მოჰკიდეს ხელი).

მღვდელმა მითხრა: ასიანის*)

ნაკლებ ჩვენ ზედ არ ავდგებით,

გინდ სიმინდი მოგვიტანე,

მხოლოდ ორ ფუთს დაგჯერდებით.

დიაკვანმა დაიყვირა:

სიმინდი რათ მოვიხმარო?

უნდა ფქვილად მოგვიტანო,

ორი ფუთი თუ ვიკმაროთ.

მანამდე კი ჯვარს არ დაგწერთ

დილამდისინ რომ იცადოთ,

(მარტო შენზედ ხომ არ ვშობით,

აგრე არის საზოგადოთ).

რას ვიზამდი, მოვიტანე

ზურგით ფქვილი, ორი ფუთი,

დატრიალდა ჩვენი მღვდელი,

არ გასულა ხუთი წუთი,

ხელად ჯვარი გადაგვწერა

და გაგვხადა ბედნიერი,

მაგრამ ეხლა მე და ცოლი

ორთავენი ვართ მშიერი.

არც მჭადი გვაქვს, აღარც ღომი,

ცუდათ არის ჩვენი ყოფა,

(ჯვარი კი გვაქვს დაწერილი,

მარტო „იგი“ თუ გვეყოფა).

მღვდელი დადის გაშიმული,

დიაკვანიც იმას დასდევს

და ჩემსავით ბედნიერსა

ხდიან ტუტუც ახალგაზრდებს.

——–

მე თუ მკითხავ, მართალ კაცის

საქმე ეხლა წახდა სწორეთ,

მეფე ძირში დავანარცხეთ

და წოდებ გავასწორეთ,

ეს ხუცესი ჩვენს კისერზედ

მაინც ქეა დასკუპული!

დიაკვანიც იმას ბაძავს

უნამუსო,

დაღუპული.

*) ეს ამბავი მოგვიანებით იბეჭდება და ეხლა ეს ნორმა გადიდებული ექნებათ ერთი ხუთად. რედ.

მსგავსი/Related

Back to top button