ძველი ამბები

როგორი სასკოლო პროგრამა სჭირდება დემოკრატიულ რესპუბლიკას?

Tags

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 9 მარტი, N55

ცოტა რამ საშუალო სკოლის პროგრამის შესახებ

პედაგოგიური პრაქტიკა მოითხოვს, მიზანშეწონილებას და ნაყოფიერებისათვის, სიტყვიერება დაკავშირებულ იქნეს სათანადო ეპოქის ცხოვრების საერთო მიმდინარეობასთან და ვითარებასთან, რომელშიაც ისახება და ვითარდება იგი.

რასაკვირველია, საზოგადოების სულიერ განვითარების საერთო მსვლელობისა და კულტურულ ცხოვრების გათვალისწინება, ისტორიის კურსია, მაგრამ ხშირად ჰხდება ხოლმე კურსი ისტორიისა და სიტყვიერებისა ერთმანეთს არ შეესაბამებიან, და სიტყვიერების მასწავლებელს უხდება ლაპარაკი, მაგალითად ხოტბითი პოეზიაზე, ვეფხის ტყაოსანზე და საერთოდ, ოქროს ხანაზე მაშინ, როცა საქართველოს ისტორიაში გადიან მიტინების, ან მცხეთის ძლიერი სამეფოს დაარსებას და სხვა. მეტორმეტე საუკუნის ისტორიას კი არ იცნობენ. სიტყვიერების მასწავლებელს არა აქვს დრო და საშუალება კულტურულ ისტორიაზე ესაუბროს მოწაფეთ. „ისტორია და სიტყვიერება მტკიცე რგოლებათაა გადაჯაჭული ერთმანეთზე, და ცხადია, თუ საზოგადოების კულტურულ ცხოვრების საერთო მსვლელობისა და აზროვნების მთავარ მიმდინარეობათა ნათელი სურათი არა აქვთ მოწაფეთ წარმოდგენილი, მათთვის გაუგებარია აღებული მწერლის, თუ მოაზროვნე-იდეოლოგის ადგილი ამა თუ იმ ეპოქაში.

ცხადია სიტყვიერების კურსი ისტორიის კურსს უნდა შეესაბამებოდეს. წარმოუდგენელია და შეუწყნარებელია კლასიკურ პერიოდს გადიოდენ მოწაფენი და ამავე დროს თამარის ეპოქას არ იცნობდნენ…

თუ გადავავლებთ თვალს ჩვენი საშუალოს სკოლის ქართულ სიტყვიერების და ისტორიის პროგრამას, სწორედ ასეთ შეუსაბამობას ვპოვებთ. მეცნიერულ (სისტემური) შესწავლა საქართველოს ისტორიისა იწყება მეექვსე კლასიდან და შემდეგ კურსს შეიცავს: უძველესი და ძველი ისტორია 5-6 ს. ს. ქრ. შ. ამავე კლასში სიტყვიერების ისტორიაში გადიან ძველ ქართულ მწერლობას (V-IX სს.) და კლასიკურ პერიოდს საერო მწერლობისას (X, XI  და XII სს.)

ისტორიის კურსი ვერ ეწევა სიტყვიერებისას მერვე კლასამდე.

მაშასადამე საჭიროა ერთგვარი შექანება პროგრამისა და შერჩევა ისტორიის კურსისა. იგი ან მეხუთე კლასში უნდა იწყებოდეს (რაც ფრიად სასურველია და საჭირო), ან და მეექვსე კლასის კურსი გაფართოვდეს.

რასაკვირველია, სათანადო სახელმძღვანელოს უქონლობა საქმეს აფერხებს, მაგრამ მრწამს, რომ როცა ჩვენი სახელმწიფოებრივ-კულტურული ცხოვრება სწრაფი და მძლავრი ნაბიჯით წინ მიიწევს, ასეთი სახელმძღვანელოები არ დაიგვიანებს მანამ კი ჩვენი მეცნიერ-ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია“ და სარგის კაკაბაძის „საქართველოს მოკლე ისტორია“ (ახალი  ს-ბი) გამოგვადგება, საჭიროა მხოლოდ კურსის შესაბამება.

გრიგოლ გიორგაძე

ქ. ფოთი

მსგავსი/Related

Back to top button