skip to content
ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებზე საუბრობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ატილა მეშტერჰაზიმ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ 25 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს „საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისკენ და მხარს უჭერს მას ამ გზაზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო დიალოგისა და აქტიური თანამშრომლობის გზით“.

„ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ ნატო დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს ეფუძნება. ამ პრინციპების პატივისცემა, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები „საქართველოსთვის შესაძლებლობაა, რომ ამ ღირებულებების მიმართ ერთგულება გამოიჩინოს“. ამიტომ, იგი წუხს, რომ 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მიცემული დაპირება შარშან ნოემბერში დაირღვა. „ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო“, – აღნიშნა მან.

დღევანდელ განცხადებაში პრეზიდენტმა მეშტერჰაზიმ ასევე განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერისთვის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „შემდგომ კითხვებს და წუხილებს აღძრავს“.

„ვშიშობ, ის გარემოებები, რომლებიც განაჩენის გარშემო არსებობს, კიდევ უფრო აძლიერებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და დაძაბულობას და რისკის ქვეშ აყენებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს საარჩევნო რეფორმის თაობაზე“, – განაცხადა მან.

იგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ „შექმნას პირობები, რათა განახლდეს დიალოგი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, აღდგეს ქართველი ხალხის ნდობა და უზრუნველყოფილ იქნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება“. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასამბლეამ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button