Placeholder canvas
ახალი ამბები

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

22 იანვარს ბრიუსელში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

კომისიის სხდომაზე გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე“ და „ბორდერიზაციაზე“, ასევე თვითნებურ დაკავებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

ციხელაშვილმა ევროპარლამენტარებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ინფორმაცია მიაწოდა

„ვისაუბრე განსაკუთრებით მწვავედ ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე… ჩვენ პარტნიორებს ვთხოვეთ დახმარება, მათ შორის, რუსეთთან კომუნიკაციის ფარგლებში, იმ საკითხში, რომ დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე აღდგეს მიმოსვლა [გამყოფი ხაზის გასწვრივ], – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები მხარს უჭერენ ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას, რაც „ჩვენთვის არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ განვაგრძოთ მუშაობა, მიუხედავად იმ რთული გარემოსი, რომელიც განპირობებულია რუსეთის მხრიდან ბარიკადების მშენებლობით, გადაადგილების ხელოვნური შეზღუდვითა და ფაქტობრივად იმ ადამიანებზე ზეწოლით, რომლებსაც სჭირდებათ, უნდათ და დანარჩენ საქართველოსთან კომუნიკაციის ინტერესს გამოხატავენ კიდეც“.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის რეფორმებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების, ასევე დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების შესახებ. ციხელაშვილის თქმით, საქართველო „მნიშვნელოვანი“ ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც „აქვს ძალიან მკაფიო, დემოკრატიული დღის წესრიგი“.

ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრამდე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ალიანსთან თანამშრომლობა და ქვეყნის რეფორმები გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანესთან განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მადლიერია, რომ ნატო მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და სამშვიდობო პროცესს და რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ერთგული რჩება. „ნატო-საქართველოს წარმატებული პარტნიორობა გადამწყვეტია ქვეყნის პროგრესისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – დაწერა მან Twitter-ზე.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც, მისი თქმით, 2020 წელს უფრო ამბიციური და დინამიური ინიციატივების წარდგენას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ნატოსთან დაახლოებაში დაეხმარება.

ნატო-საქართველოს კომისია ალიანსსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციებისა და პრაქტიკული თანამშრომლობისთვის რეგულარული ფორუმია. კომისიის პირველი შეხვედრა 2008 წლის 15 სექტემბერს გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button