Placeholder canvas
ახალი ამბები

ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა

აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ, ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა და ამავე კომიტეტის წევრმა მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას 21 იანვარს წერილი გაუგზავნა, სადაც ისინი პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო შეშფოთებას გამოხატავენ, რაც მათი შეფასებით, საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე პრობლემებს უქმნის.

საქართველოს მთავრობამ წერილი 22 იანვარს გამოაქვეყნა.

„გწერთ, როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერები ვართ“, – განაცხადეს კონგრესმენებმა და აღნიშნეს: „როგორც ზოგიერთმა ჩვენგანმა 2019 წლის 13 დეკემბერს თქვენთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნა, შეშფოთებულნი ვართ იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარი თქვით, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო“. „აგრეთვე, შეშფოთებულნი ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“, – დასძინეს მათვე.

„იმ ფონზე, როდესაც საქართველო ქართული ოცნების ხელმძღვანელობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უახლოვდება, მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ, რომ ეს არჩევნები როგორც შიდა, ისე გარე ჩარევისგან იყოს დაცული“, – ხაზი გაუსვეს კონგრესმენებმა.

„თქვენს საპასუხო წერილში, რომელიც 2019 წლის 17 დეკემბრით თარიღდება, თქვენ დაგვპირდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება“, – სწერენ კონგრესმენები გახარიას და აღნიშნავენ, რომ „ბოლო ინფორმაციის თანახმად, Facebook-მა ქართული ოცნების მიერ დაფინანსებული უამრავი ანგარიში დახურა“. „ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები, სავარაუდოდ, ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ განწყობებს ავრცელებდნენ უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადეს მათ.

კონგრესმენებმა აგრეთვე აღნიშნეს: „ჩვენ შეწუხებულნი ვართ იმ ინფორმაციის გამო, რომ ქართული ოცნების მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან საგამოძიებო საქმეებს, რომლებიც პარტიის ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული. მართალია, ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით არსებობს საფუძველი, თუმცა უმეტესობა ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ახალი ამბების სააგენტოების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგაა მიმართული“. მათივე თქმით, „კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა ჯანსაღი დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რისი გარანტიაც თქვენმა პარტიამ მოგვცა“.

კონგრესმენების განცხადებით, „მიუხედავად ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე ნაჩვენები პერსპექტივისა, ბოლოდროინდელი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად აისახება აშშ-ში საქართველოს იმიჯზე“. „სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მკვეთრი ვარდნაა, რადგანაც ამერიკული და ევროპული კომპანიები ზეწოლას განიცდიან, რაც ბევრ მათგანს უბიძგებს, რომ საკუთარ ბიზნეს საქმიანობებს გადახედონ“, – განმარტეს მათ.

ამ კონტექსტში, ოთხმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების მიერ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკურმა დევნამ ამერიკული კომპანიების მხრიდან ამ მნიშვნელოვან პროექტში ინვესტიციების ჩადებას ხელი შეუშალა. „ეს მოვლენები ქვეყანაში არასახარბიელო ბიზნესგარემოს არსებობას ასახავს და, შესაძლოა, საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები შეაფერხოს“, – განაცხადეს მათ და დასძინეს, რომ „საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვანი ჰაბი გახდეს, რაც საქართველოს ეკონომიკას სიკეთეს მოუტანს“.

კონგრესმენებმა ხაზი გაუსვეს, რომ „შემცირებული უცხოური ინვესტიციები არა მხოლოდ ზიანს აყენებს ქართველ ხალხს და მათ იმედებს დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციის თაობაზე, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს ვლადიმირ პუტინის გავლენას რეგიონზე“.

კონგრესმენები იმედოვნებენ, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა გაძლიერდება. „იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო კვლავაც იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში“, – განაცხადეს კონგრესმენებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button