skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფიცი დადო

კელი დეგნანმა, რომელიც 19 დეკემბერს სენატმა აშშ-ის ელჩად დაამტკიცა საქართველოში, 16 იანვარს ფიცი დადო.

თავის ფიცის დადების სიტყვაში, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი“. „ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება“, – აღნიშნა მან.

დეგნანის თქმით, „ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია“.

აშშ-ის ახალმა ელჩმა ასევე განაცხადა, რომ „ამერიკელთა მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნეს საქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია“.

„მე, ასევე, მოწადინებული ვარ, გაგრძელდეს ამერიკის მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „ერთობლივი წვრთნებითა და სწვალებებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი ამერიკის მტკიცე ერთგულების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“.

დეგნანმა აღნიშნა, რომ „ჩვენი მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის USAID-ის ძლიერი მისია, ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მხარს უჭერს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“. მისი თქმით, „ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს აშშ-სა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დონეს ზრდის, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას უწყობს ხელს და საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად უკეთ ამზადებს“.

შემდეგ აშშ-ის ელჩმა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. „მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს გავიხსენოთ საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად“, – აღნიშნა დეგნანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქციეს ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ეს პატარა საქმე არ არის. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების სიმარტივით, კორუფციასთან ბრძოლითა და დემოკრატიის მხარდასაჭერად აუცილებელი ინსტიტუტების მშენებლობით“.

აშშ-ის ელჩის თქმით, „ამჟამად აქცენტი სისტემებისა და კანონების განხორციელებასა და აღსრულებაზეა, რათა გარანტირებული იყოს თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა“. 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, დეგნანმა განაცხადა, რომ „წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია“.

„მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ელჩმა.

დეგნანის თქმით, „ჩვენ ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან“. მან აღნიშნა, რომ „ქართველებმა გვაჩვენეს, რომ აქვთ შეუპოვრობა და მხნეობა იმ დემოკრატიული პროცესების დასაცავად და საჭირო რეფორმების გასატარებლად, რომლის დამკვიდრებისთვისაც ამდენი იშრომეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისათვის“.

„ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კელი დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაასახელა. ელჩის თანამდებობა 2018 წლის მარტიდან ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც ელჩმა იან კელიმ საქართველოში მისია დაასრულა.

სულ ბოლოს დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. საქართველოში ელჩად წარდგენამდე იგი დიპლომატიური მისიით რომში, პრიშტინაში, ანკარაში, ბრიუსელსა და ხოსტში (ავღანეთში) მოღვაწეობდა. ბრიუსელში დეგნანს ნატოში აშშ-ის მისიაში პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობა სამ წელიწადს ეკავა. თავისი 26 წლიანი კარიერის მანძილზე დეგნანი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონშიც მუშაობდა – იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბაიტის სპეციალური თანაშემწეც იყო.

29 ოქტომბერს, მისი კანდიდატურის მოსმენაზე გამოსვლისას დეგნანმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ერთგულება კანონის უზენაესობის და დემოკრატიის მიმართ უმნიშვნელოვანესია.

დეგნანს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში აქვს მიღებული. მოგვიანებით მან სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრიდან დოქტორის ხარისხიც მოიპოვა.

მშობლიური ინგლისურის გარდა დეგნანი იტალიურს, ფრანგულს, თურქულს და ურდუს ფლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button