ახალი ამბები

საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობაზე იმსჯელეს

Tags

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 იანვარს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა, რომელიც ღარიბაშვილის მოწვევით ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისში იმყოფება.

ჰასანოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრებმა შეხედულებები გაცვალეს სამხედრო თანამშრომლობის, ასევე საერთო ინტერესის მქონე სხვა საკითხებზე.

ამავე ინფორმაციის თანახმად, რეგიონში არსებული ვითარების განხილვისას, მხარეებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარება რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყობას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის 2020 წლის გეგმას, რომელიც ექსპერტთა ჯგუფების ვიზიტებს, საბრძოლო მომზადების ერთობლივ ღონისძიებებს და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

შეხვედრის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია.

„ჩვენი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონში განაპირობებს სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ ხალხს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის „ურყევი მხარდაჭერისთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button