skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 24 დეკემბერს ანკარას სტუმრობდა, თავის თურქ კოლეგას ჰულუსი აკარს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც თურქეთი საქართველოს 100 მილიონი ლირის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ჰულუსი აკარს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულებს, რომლებიც სამხედრო განათლების მიღებას თურქეთში განაგრძობენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button