skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც 13-14 თებერვალს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, დღეს ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მის მოადგილეს როუზ გიოტმიოლერს შეხვდა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების ურყევ მისწრაფებებზე და ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერაზე იმსჯელეს“. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის როლს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, ასევე თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-საქართველოს სწავლებებს.

შეხვედრის შემდეგ იზორიამ განაცხადა, რომ „წელს გვაქვს უპრეცედენტო დინამიკა ჩვენი თანამშომლობის გაღრმავების თვალსაზრისით“ და რომ „წელს გვექნება „მეტი ნატო საქართველოში“ პრინციპის რეალური განხორციელება“. ამ კუთხით, მან მარტში დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები და სტრატეგიული შეხვედრები დაასახელა.

ბრიუსელში ლევან იზორია ასევე შეხვდა აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს ნატოში კეი ბეილი ჰათჩისონს. წინა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ელჩმა ჰათჩისონმა განაცხადა, რომ საქართველო არის ნატოს პარტნიორი ალიანსის მისიებში.

„ისინი ისევე არიან თავდაცვის მწარმოებლები ჩვენი მისიებისთვის, როგორც ნებისმიერი ჩვენი მოკავშირე და ამას დიდად ვაფასებთ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ყოველთვის იქნებიან ჩვენთან ახლოს ნებისმიერ რანგში“, – განაცხადა ელჩმა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 15-17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button