ახალი ამბები

აშშ კრძალავს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებიც აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებენ

Tags

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 2020 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა ფედერალური ორგანოების მიერ გასაწევ ხარჯებს განსაზღვრავს, საქართველოს დასახმარებლად დაახლოებით 132 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს.

ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი 20 დეკემბერს მოაწერა, წინა წლის მსგავსად, კრძალავს ქვეყნის მიერ იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.

დოკუმენტის თანახმად, „აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობის დახმარებას, რომელმაც, როგორც სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს და აცნობებს ასიგნებების კომიტეტს, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან“.

დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს, რომ აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანმა უნდა დაავალოს აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელ დირექტორებს, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ ინსტიტუტების მიერ დახმარების გამოყოფას იმ პროგრამებისთვის (მათ შორის სესხების, კრედიტების ან გარანტიების), რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ.

სხვა ზომებთან ერთად, დოკუმენტი განსაზღვრავს, რომ რუსეთის გავლენასა და აგრესიასთან დასაპირისპირებლად ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში დახმარების სახით არანაკლებ 290 მილიონი აშშ დოლარი უნდა გამოიყოს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტიონობის ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები ევროკავშირთან ამ ქვეყნების ასოცირების შეთანხმებებისა და სავაჭრო ხელშეკრულებების განხორციელებას უნდა დაეხმაროს, ასევე ხელი უნდა შეუწყოს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიმართ მათი მოწყვლადობის შემცირებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button