ახალი ამბები

აშშ-ის ბიუჯეტი კრძალავს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 2018 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა ფედერალური ორგანოების მიერ გასაწევ ხარჯებს განსაზღვრავს, საქართველოს დასახმარებლად 105.3 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს.
ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 მარტს მოაწერა ხელი, წინა წლის მსგავსად კრძალავს ქვეყნის მიერ იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.
დოკუმენტს თანახმად, „აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობის დახმარებას, რომელმაც, როგორც სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს და აცნობებს ასიგნებების კომიტეტს, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან“.
დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს, რომ აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანმა უნდა დაავალოს აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელ დირექტორებს, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ ინსტიტუტების მიერ დახმარების გამოყოფას იმ პროგრამებისთვის  (მათ შორის სესხების, კრედიტების ან გარანტიების), რომლებიც არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
თუმცა, აშშ-ის ხაზინის მდივანი უფლებამოსილია უარი თქვას ამ შეზღუდვებზე, თუ ის „გადაწყვეტს და აცნობებს ასიგნებების კომიტეტებს, რომ ამის გაკეთება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის და ამგვარი ინტერესების დასაბუთებასაც წარმოადგენს“.
აქტში ბევრი მინიშნებაა გაკეთებული რუსეთზე, ძირითადად, მოსკოვის აგრესიულ საგარეო პოლიტიკასთან დაპირისპირების საჭიროებაზე.
სხვა ზომებთან ერთად, დოკუმენტი განსაზღვრავს, რომ არანაკლებ 250 მილიონი აშშ დოლარი უნდა გამოიყოს დახმარების სახით ევროპის და ევრაზიის ქვეყნებში რუსეთის გავლენასა და აგრესიასთან დასაპირისპირებლად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტიონობის ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები ევროკავშირთან ამ ქვეყნების ასოცირების შეთანხმებების და სავაჭრო ხელშეკრულებების განხორციელებას უნდა დაეხმაროს, ასევე ხელი შეუწყოს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიმართ მათი მოწყვლადობის შემცირებას“.

მსგავსი/Related

Back to top button