skip to content
ახალი ამბები

თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიას მასპინძლობს

8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს.

დღეს გამართულ გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული ღირებულებების და პრინციპების მიმართ საქართველოს ერთგულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედმა კონსტიტუციამ „კიდევ უფრო გაამყარა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ არსებული ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ახლა მკაფიოდ აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია“.

თალაკვაძემ საარჩევნო რეფორმის გარშემო არსებული დავაც ახსენა და განაცხადა, რომ ერთი წლის წინ „საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც 2024 წლიდან არსებული მოდელიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მოხდება გადასვლა“. თუმცა, „სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ვერ მოახერხა პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევა 2020 წლისთვის“.

შემდეგ მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მის „დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებზე“ ისაუბრა და ცხინვალის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხსაც შეეხო.

თავის გამოსვლაში გაფრინდაშვილის საკითხი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც წამოაყენა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „მჯერა, რომ ჩემ თხოვნას შეისმენთ, მათ შორის ისინიც, ვინც გათავისუფლების თაობაზე ერთადერთი და გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“.

ზურაბიშვილმა საზოგადოების პოლარიზებაც ისაუბრა და მას საქართველოს „უმწვავესი შიდა გამოწვევა“ უწოდა, რომელსაც ის ინაუგურაციის დღიდან ებრძვის. „ჩვენ უნდა დავამარცხოთ პოლარიზაცია, ყველა ჩვენგანმა, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, თავად საზოგადოებამ, მედიამ და, რა თქმა უნდა, ქვეყნების ხელისუფლებებმა“, – განაცხადა მან.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, კლარა დობრევი სესიაზე ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის დევიდ მარია სასოლის სახელით გამოვიდა სიტყვით. მისი თქმით, ასამბლეის შეხვედრა „იმ დროს იმართება, რომელიც ნამდვილად არ არის მარტივი“ საქართველოსთვის.

პოლარიზებულ პოლიტიკაზე საუბრისას, დობრევმა აღნიშნა, რომ „ცხოვრება რთულია“ და ადამიანებს „რთული გადაწყვეტილებების“ მიღება უწევთ, მაგრამ „ისტორიამ გვასწავლა, რომ ყველა პრობლების, რთული პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი დიალოგის, საუბრის, კომპრომისის გზით“.

„არც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს ერს. არც ერთი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „როგორც ახლა მთავრობა ექცევა ოპოზიციას, ანალოგიურად მოექცევა ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავის ოპოზიციას“.

დობრევის თქმით, იგივე ეხება ოპოზიციასაც. „როგორც ახლა ოპოზიცია იყენებს თავის საშუალებებს პოლიტიკური აზრის დასაფიქსირებლად, ეს მაგალითს წარმოადგენს მომავალი ოპოზიციისთვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს დემოკრატიაა“.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა ხაზი გაუსვა, რომ წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავი აღინიშნება და რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმატება „დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია“ იქითკენ, რომ „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი“ ევროპის იდეა განხორციელდეს.

კუბილიუსმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის წარმატება მაგალითი იქნება რუსეთის რიგითი მოქალაქეებისთვის, რათა მათ კითხონ საკუთარ პოლიტიკურ ლიდერებს, თუ „რატომ იბრძვის კვლავ მათი ქვეყანა სათანადო დემოკრატიის გარეშე“. „გარკვეულწილად, აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება ინსტრუმენტიცაა, თუ როგორ დავეხმაროთ რუსეთს, რომ რაღაც ტიპის ტრანსფორმაციას მიაღწიოს უფრო დემოკრატიული განვითარებისკენ“, – დასძინა მან.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, რომლის მიზანიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებს შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, 110 დეპუტატს აერთიანებს ევროპარლამენტიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტის 60 წევრს და აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) 10 წევრს აერთიანებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button