ძველი ამბები

რომის პაპის დესპანი ნოე ჟორდანიას მადლობის წერილს უგზავნის

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 3 დეკემბერი, N274

27 ნოემბრის თარიღით მთავრობის თავმჯდომარემ შემდეგი წერილი მიიღო რომის პაპის ლეგატის ა. დელფუშესგან:

„მის აღმატებულებას ბატონ ნოე ჟორდანიას, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.

ვსტოვებ რა ისეთ სტუმართ მოყვარე ქვეყანას, როგორიც არის საქართველო და ვბრუნდები რა რომში, ჩემი მისიის ანგარიშის ჩასაბარებლათ, ჩემს მოვალეობათ ვსთვლი მადლობა გამოგიცხადოთ იმ გულითად დახვედრისა და გრძნობიარე ყურადღებისთვის, რომლის საგანიც გავხდი მე საქართველოს მთავრობის მხრივ.

თქვენი მშვენიერი ქვეყანა ყოველი მიმართულებით თითქმის მოვიარე.

აღტაცებაში მოვყავდი მის ლამაზ ადგილებს, მდიდარ და არაჩვეულებრივ მრავალფეროვან მის ბუნებას.

ყველგან მცხოვრებნი საუკეთესოთ მხვდებოდენ; ყველგან ვგრძნობდი, თუ რა ძლიერი მამულიშვილური გრძნობითაა გამსჭვალული თქვენი ხალხი.

ჩემს მოვალეობათ ვთვლი რომის პაპს გადავსცე ყველა ის, რაც მე აქ ვიხილე და ვაცნობო ის ღრმა პატივისცემა და სიმპათიები, რომელსაც ფართეთ იჩენდენ აქ უწმინდეს მამისადმი.

ბატონო პრეზიდენტო! დარწმუნებული იყავით, რომ წმინდა მამა უაღრესათ მეგობრულათაა განწყობილი საქართველოსა და მისი ხალხისადმი და უმხურვალეს ლოცვას სწირავს ღმერთს საქართველოს კეთილშობილ ზრახვათა და კანონიერ მისწრაფებათა განსახორციელბლათ.

ბატონო პრეზიდენტო! კეთილ ინებეთ ლოცვებთან ერთათ, რომელსაც მე ვწირავ უფალს თქვენთვის, მიიღოთ ღრმა პატივისცემის გრძნობა, რომელთაც მე ვშთები“.

თქვენი აღმატებულების ერთგული სმახური სამოციქულო ვიზიტიორი

ა. დელეფუშე

მსგავსი/Related

Back to top button