skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი ჩაგდებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, დასავლეთთან ურთიერთობებზე, არასამთავრობოებსა და უმუშევრობაზე

27 ნოემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზს“, რომელშიც ვრცლად ისაუბრა ორი კვირის წინ პარლამენტის მიერ ჩაგდებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე, ამის გამო დაწყებულ პროტესტის ტალღაზე, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოში მომუშავე ამერიკულ ორგანიზაციებზე, დასავლეთთან ურთიერთობებსა თუ დასაქმების პრობლემაზე. „სამოქალაქო საქართველო“ (Civil.ge) გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ძირითადი თემების შეჯამებას.

ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილება და მიმდინარე პროტესტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა მმართველი პარტიის მიერ 14 ნოემბერს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ. ივანიშვილის თქმით, „სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ“. მმართველი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ გუნდს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით თავად მიმართა, რაც შემდეგ საზოგადოებასაც გააცნო. თუმცა მან იქვე დაამატა, რომ „ეს არ იყო ხელშეკრულების მსგავსი, „ეს იყო ჩვენი კეთილი ნება, იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს“.

მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ მაჟორიტატების უარყოფითი დამოკიდებულება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე „ თავშივე იყო ცნობილი, ცნობილი იყო მაშინაც, როცა ვღებულობდით ახალ კონსტიტუციას, სადაც ჩაიწერა 2024 წელი [სრულად პროპორციულზე გადასვლის დროს],  მაგრამ ჩვენ [მაშინ] მოვახერხეთ მყიფე კონსენსუსის მიღება“.

პარტიის ლიდერის თქმით, უმრავლესობაში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისადმი განწყობის შეცვლა ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ქმედებებმაც განაპირობა. მან აღნიშნა, რომ ამის გამო,  ცვლილებებისადმი სკეპტიკურად განწყობილი თანაგუნდელების „დაწყნარებაც“ არაერთხელ დასჭირდა. „ნაცვლად იმისა, რომ რაღაც გრძნობადობა ყოფილიყო იმისა, რაც შევთავაზეთ [ოპოზიციასა და აქტივისტებს], მივიღეთ უარესი აგრესია [მათგან], სამი თვის განმავლობაში ქუჩიდან ვერ გავიდნენ… თუკი რამე შეიძლებოდა სალანძღავი [სიტყვა]-„გამოვძალეთ, ვაიძულეთ“ … – მას თან სდევდა და განწყობა, რა თქმა უნდა, გუნდში იცვლებოდა და ადგილ-ადგილ… მიწევდა დაწყნარება ხალხის“, – თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მმართველ პარტიაში თავდაპირველად ივნისის პროტესტის მონაწილეთა ეს მოთხოვნა საზოგადოებრივ დაკვეთად მიიჩნიეს, თუმცა მოგვიანებით ცვლილების სურვილის უკან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მისი „სატელიტები“ დაინახეს. „ჩვენ შეგვექმნა გუნდში ეიფორია, რომ ეს იყო ახალგაზრდების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა, ამაზე თანდაყოლით გავყევით, მაგრამ ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ საზოგადოება გვერდზე რჩებოდა“, – თქვა მან.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო რეფორმის გამო თბილისში მიმდინარე ორკვირიან პროტესტს კი ივანიშვილი ასე გამოეხმაურა: „ისევ მას მასტირიან, ისევ ნაძარცვი ფულით, რაღაც კმარა და სახელები დაარქვეს… დარბიან ეს ბავშვები ქუჩაში, ეს არის სირცხვილი“. მისი თქმით, შეკრებილი დემონსტრანტები „დგანან, ვერაფერსაც ვერ შვრებიან… საკუთარ თავს აზიანებენ მხოლოდ… ამათ სიცრუისა და ძალადობის მეტი არ ჰქონიათ არაფერი… მათი ნებაა. ჩვენ დემოკრატიულობას ვიცავთ, გამოხატვის უფლებას ვიცავთ“.

ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებამ მმართველი გუნდი დააზიანა. „გუნდი დაზიანდა, არამარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, არამედ, [იმიტომაც, რომ] ბევრი ღირსეული წევრი გავიდა ჩვენი გუნდიდან“. მმართველი პარტიის ლიდერმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მომხდარს „განიცდიან გუნდში ყველანი, განიცდიან ისინიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს [ცვლილებას]“.

წასულ დეპუტატებზე საუბრისას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენს გუნდში დემოკრატიაა. უამრავი ხალხი გავიდა ჩვენი გუნდიდან და გვაგინებენ. მათი პრობლემაა ეს და არა ჩვენი. გაიხსენონ ჩემი დიქტატორული ქცევები. ვერცერთს ვერ გაიხსენებენ. მე ბუნებით დემოკრატი ვარ, ოჯახი იქნება თუ გარეთ იქნება და გუნდშიც სწორედ ეს დამოკიდებულება მაქვს… ვერ დავარწმუნე, ვერ შემოვაბრუნე და მოხდა, როგორც მოხდა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, იგი არწმუნებდა პროპორციული სისტემის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ თანაგუნდელებს, რომ პარტიას „თავისუფლად, ძალდატანების გარეშე“ შეეძლო ხმების 50-60%-ის მიღება, თუმცა ამაოდ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ შეუსრულებელი დაპირება ყველა პარტიას შეიძლება ჰქონდეს. „ნახეთ განვითარებული ქვეყნები, არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები… არაფერი დრამატულიც არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევაფასებთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „მე არცერთი პრინციპული [დაპირება] არ მახსოვს ჩვენი 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში… ჩვენ არ შეგვესრულებინა“.

არასამთავრობო ორგანიზაციების, IRI-სა და NDI-ს კრიტიკა

სატელევიზიო ინტერვიუს დიდი ნაწილი ქართული ოცნების ლიდერმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აშშ-ში დაფუძნებული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისების კრიტიკას მიუძღვნა. ივანიშვილმა ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტებად წარმოაჩინა. ამ კონტექსტში პარტიის ლიდერმა განსაკუთრებით მკაცრად გააკრიტიკა IRI-სა და NDI-ს დაკვეთილი კვლევები და მათ ტენდენციურობა დასწამა.

„ეს განცდა [აქვს] საზოგადოებას… საზოგადოებას ეზიზღება, აგრესია აქვს უკვე ამ ტიპის ენჯეოებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობენ და პირდაპირ სატელიტები არიან ნაციონალური მოძრაობის“, – თქვა მან.

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებში ნაციონალური მოძრაობის ჩანერგილი კადრები მუშაობენ. „ნაციონალებმა ეს თავის დროზე დაალაგეს, მოარგეს იმ მექანიზმს, რასაც ამერიკა ითხოვდა და ჰყავთ იქ თავისი ადამიანები ჩანერგილი, როგორც კაპიტანი გიგაური. აბა ნახეთ ვინ აკეთებს ველს?! CRRC და მეორე, სახელი არ მახსოვს. კვლევებს უკვეთავენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მონაცემები, ამათმა დააფუძნეს ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ ეს მონაცემები, მგონი სხვა ორგანიზაციები არც არიან. მეთოდიკა არანაირი არ იმუშავებს კვლევაში, თუ კითხვა სწორად არ დასვი“, – თქვა მან.

საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ინტერვიუში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგადად, ქვეყნის პროდასავლურ საგარეო კურსზეც ისაუბრა. ივანიშვილმა პროდასავლურობის მისეული განმარტებაც შესთავაზა შეხედულებაც მაყურებელს: „პროდასავლურობა არის პროდასავლური ფასეულობების გაზიარება და დაფუძნება, ჩვენ მივისწრაფვით განვითარებული ევროპისაკენ და განუხრელად ვაფუძნებთ ადამიანზე მორგებულს, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს“. მან აღნიშნა, რომ ქართული ოცნება დასავლურ ფასეულობებს განუხრელად იცავს.

„ქართული ოცნების მთელი გუნდი, და დღეს ვერავინ ვერ მეპასუხება, არის პროდასავლური… პროდასავლური უნდა დაგერქვას მაშინ, როცა ახორციელებ ადამიანის უფლებებზე მორგებულ კანონმდებლობასა და ინსტიტუტებს“, – დასძინა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, ყველა ინსტიტუტი დემოკრატიულად, ევროპულად, ადამინის უფლებებზე მორგებულად იკრებს ძალას. შესაბამისად, ვერცერთ პირად შეხვედრაში, ვერც შეერთებული შტატებიდან, ვერც ევროპიდან, ჩვენი სამეგობრო ეჭვებს ვერ გამოთქვამს, რომ მთლიანად ქართული ოცნება არის ყველაზე პროდასავლური გუნდი.“

ივანიშვილმა ასევე დაამატა, რომ „ელჩებს შევხვდი არაერთჯერ. კითხვა არ აქვს არავის. ვერავინ ვერ კითხულობს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ“.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ „ჩვენ გადავიარეთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნაცმოძრაობას მხარს აღარ უჭერს. ვინც პოლიტიკაშია ყველამ გაიგო და აღარავინ მისტირის მათ ბელადს და ესეც გავიგეთ“ და დასძინა, რომ „დღეს ჩვენ მთლიანად ჩამოკიდებული ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე. მათ უამრავი გააკეთეს, რომ ჩვენ ქვეყნის სტაბილურობა მიგვეღო, ჩვენს განვითარებას უყურებენ, მხარს გვიჭერენ ყველა მიმართულებით“.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ასეთი მხარდაჭერა საქართველოს მისი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არ ჰქონია ისტორიაში, უპრეცედენტო დოკუმენტი მიიღეს კონგრესში, ორპარტიული… მოსახლეობას მინდა ვუთხრა, არ დაიბნენ. რეალობა აქ არის, ჩვენ გვაქვს ორპარტიული უპრეცედენტო მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან“.

ივანიშვილის თქმით, მისი გუნდი „განუხრელად იცავს და ატარებს ამერიკულ ინტერესებს“, თუმცა, მან ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა ზოგიერთი მაღალჩინოსანი ვერ ახერხებს ამერიკელ პარტნიორებთან ამის სათანადოდ ახსნას. „პირად შეხვედრებში ცალკეული ჩინოვნიკი ვერ ახერხებს ამას… და ეტყობა არ არის ასე მარტივი. კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ ვაშინგონი, რა ხდება აქ. თუ არ გამოვიდა ამ გზით, არ გამოვრიცხავ მივმართო სენატს და კონგრესს“, – თქვა მან.

უმუშევრობა, ემიგრაცია და ლეგალური დასაქმება ევროკავშირში

ივანიშვილს მიაჩნია, რომ „მთავარი პრობლემა ჩვენი [ქვეყნის] არის უმუშევრობა.“ მმართველი პარტიის ლიდერმა ამ საკითხზე პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკას ასე უპასუხა: „’რატოა ხალხი უმუშევარი?’ პასუხს ითხოვენ… უამრავი გაჭირვებული ადამიანია, მაგრამ ჩვენ თუ ობიექტურ ანალიზს არ გავაკეთებთ და ამას ივანიშვილს მივაბრალებთ, მივიღებთ უბედურებას“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, იგი დიდხანს ცდილობდა თანაგუნდელების დარწმუნებას, რომ მოქალაქეთათვის საქართველოშივე მასობრივად დასაქმების დაპირების მიცემას, აჯობებდა ევროკავშირის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები, ამ უკანასკნელთ გზა გაეხსნათ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისათვის.

„2 მილიონი [ქართველი] ადამიანი მოითვლება [ემიგრაციაში]… კარგი კოორდინაციის პერიოდში 50000 ადგილი შეიძლება შეიქმნას საქართველოში [წელიწადში],… ათწლეულების ჭირდება ამას, რომ ჩვენ ყველანი დავასაქმოთ სამშობლოში… აბსოლუტური უმეტესობა მათი დასაქმებულია არალეგალურად [ევროკავშირში]… ჩვენ შეგვიძლია ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან [მოლაპარაკება]… შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. ევროპელებს აქვთ სამუშაო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა, ჩვენ არა გვაქვს სამუშაო ადგილები“, – თქვა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ელემენტარული ეკონომიკა ვისაც ესმის, [ხვდება, რომ] ორი მილიონ სამუშაო ადგილი, ათწლეულები დასჭირდება  საქართველოს, რომ შექმნას… მაგრამ ორ-სამ წელიწადში, ჩვენ შეგვიძლია, ყველა ჩვენი მოქალაქე, ვისაც უნდა მუშაობა, დასაქმდეს ღირსეულად [ლეგალურად ევროკავშირში]. ზოგი შეიძლება მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში“.

მმართველი პარტიის ლიდერის პროგნოზით, რამდენიმე ასეული ქართველი მოქალაქე შესაძლოა გაზაფხულზევე „გავუშვათ [გერმანიაში] სეზონურ სამუშაოზე“.

მმართველი პარტიის ლიდერი სხვა თემებზე

ვრცელი ინტერვიუს განმავლობაში მმართველი გუნდის ლიდერმა არაერთხელ გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთის ჯარი შემოეყვანა აქ. არ იფიქროს ვინმემ, რომ რუსეთის ქმედება გავამართლო ერთი გრამით. ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე დიდი დანაშაული რაც ჩაიდინა  – ესაა [რუსეთისგან] ოკუპირებული [საქართველოს] ტერიტორიის 20%“.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ მათ „სამშობლოს სიყვარული არ გააჩნიათ“. ამასთან, მისი თქმით, ყველა სფეროში, მათ შორის, პარტიებშიც, ადამიანური რესურსებისა და პროფესიონალიზმის პრობლემაა. ივანიშვილმა სიტყვებით, „ფინანსებს რომ თავი დავანებოთ, ადამიანებია საჭირო, რომ ჩამოყალიბდეს პარტია… ყველა დარგში, რომელიც არ უნდა ნახოთ დღეს საქართველოში, არსად პროფესიონალები არ გვყოფნის, შემდუღებლებიც კი არ გვყოფნის მშენებლობაში, მასწავლებლებშიც რამხელა დეფიციტია და რამხელა აღზრდა დაგვჭირდება მასწავლებლების.. ჭარბი კი არა, ყველაზე წარუმატებელი, არაფრის მქონე და არაფრის გამკეთებელი ადამიანები მოდიან [პოლიტიკაში], სხვაგან ვერაფრის გაკეთება რომ ვერ შეძლეს… არ არის ხალხიც და არ არის ფინანსებიც“.

ივანიშვილმა პოლიტიკის შემდგომი ცხოვრების გეგმებზეც ისაუბრა.

„დედის ინსტიტუტის დანგრევამ ძალიან ბევრი ადამიანური ფასეულობები დაანგრია დაარღვია. თუმცა, თუ მოვახერხე და დროზე წავედი პოლიტიკიდან, დარჩენილი წლები მინდა, რომ ამას მოვახმარო, რომ ქართველებსა და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ“, – თქვა ივანიშვილმა და იქვე დასძინა: „კარგია გენდერული თანასწორობა, რაც დღეს ძალიან მოდაშია, გენდერული [თანასწორობა] იმდენად მოდაშია, რომ ამის საწინააღმდეგოდ სიტყვაც რომ ვთქვა, ვერ გავუძლებ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button