skip to content
ახალი ამბები

დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ხვალ მმართველი გუნდი ოპოზიციას შეხვდება

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა, დიპლომატიური კორპუსი ვითარების განსამუხტად, საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს, და მათ 30 ნოემბერს მოლაპარაკების მაგიდასთან ეპატიჟება.

აღნიშნულის შესახებ პირველად დღეს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ ხვალ, დღის პირველ ნახევარში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დისკუსია გაიმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი ოპოზიციის მიერ შეთავაზებული არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელიც იქნება, რომელიც მისივე შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციასთან „წინააღმდეგობაშია“.

ე.წ. გერმანული მოდელის შემოღების შემთხვევაში, კონსტიტუციის შეცვლა საჭირო არ იქნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, რაც 73 დეპუტატის მაჟორიტარული ოლქებიდან არჩევას, 77-ის კი პარტიული სიით არჩევას გულისხმობს.

სანაცვლოდ, ცვლილება საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს და გაუქმდეს შეკრებითობის პრინციპი, რომლის დროსაც მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით პარტიის მიერ ნაჩვენები შედეგი ჯამდება. საარჩევო კოდექსის ცვლილების შემდეგ, პარტია პარლამენტში მანდატების იმ რაოდენობას მიიღებს, რაც მის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით მიღებულ მხარდაჭერას შეესაბამება.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა (113 დეპუტატის ხმა). მისი მიღება 76 დეპუტატის ხმით არის შესაძლებელი.

გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც და ამბობს, რომ ამ მიმართულებით „თემა დახურულია“. „შეუძლებელია მიიჩნიოს იურისტმა, რომელიც ფიქრობს ობიექტურად, რომ გერმანული ან მისი მსგავსი რომელიმე მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამიტომ დაიხურა თემა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, თუკი რაიმე არგუმენტი არსებობს, რომ შეიძლება ჩვენ ვცდებოდეთ, კი ბატონო, წარმოადგინონ ხვალ. ჩემი აზრით, ეს იქნება მათი არგუმენტების მარცხი ან უარგუმენტობა“, – ამბობს იგი.

მმართველი გუნდი რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას აღარ განიხილავს, დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც თქვა და აღნიშნა, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე, მმართველი გუნდი „ოფისის პირობებში“ კიდევ ერთხელ ახსნის, რომ ის „კონსტიტუციას არ შეესაბამება“.

უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელ შეხვედრას, რომლის ზუსტი დრო და ადგილი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვენეციის კომისიის წარმომადგენელიც დაესწრება. აღნიშნული, „სამოქალაქო საქართველოს“ ევროპის საბჭოს პრესსამსახურმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებმაც დაუდასტურეს.

ევროპის საბჭოს განმატებით, საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ ხვალინდელ მრგვალ მაგიდაში ვენეციის კომისიის აღმასრულებელი მდივანი თომას მარკერტი მიიღებს მონაწილეობას.

დღესვე, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს სტუმრობდა და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს შეხვდა.

მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დღეს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურიაც გამოეხმაურა.

„ნატო ყურადღებით და შეშფოთებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. არსებული ჩიხიდან გამოსვლისთვის დიალოგის წარმოება მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეხვედრას გეგმავს. საქართველოს ძლიერი დემოკრატია აქვს, რაც კონსენსუსის მიღწევით კიდევ ერთხელ უნდა გამოვლინდეს“, – განაცხადა მან.

დღეს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ რეალობასთან ადაპტირებული პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ხელი დაახლოებით 30-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა. ისინი, ქართული ოცნების არგუმენტაციას, რომ მათ მიერ შემუშავებული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არ ეთანხმებიან და აღნიშნულის დასამტკიცებლად პროექტზე დასკვნის მოსამზადებლად მას ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან.

ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ ხვალინდელი შეხვედრის ზუსტი დეტალები მათთვის ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის. დეტალების დაზუსტების შემდეგ, შეხვედრის ადგილზე მისვლას და საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამით ხელისუფლებას პროპორციული საპარლამენტო არჩევნების შესახებ თავიანთ მოთხოვნას შეახსენებენ.

ორ კვირაზე მეტია, რაც თბილისში სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მიმდინარებს. ისინი, მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ თავისივე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ და ქართული ოცნებისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ დადებული პირობის შესრულებას ითხოვენ.

მიუხედავად პროტესტისა, ოცნებაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემა აღარ გადაიხედება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button