ახალი ამბები

პარლამენტისა და მთავრობის სხდომები საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა

Tags

დღეს პარლამენტისა და მთავრობის სხდომები სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების პროტესტისა და შეძახილების ფონზე გაიხსნა.

დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიებზე დღეს დილიდან შეიკრიბნენ და უწყებების პიკეტირება სცადეს, თუმცა ადგილზე დიდი რაოდენობით მობილიზებულმა სამართალდამცველების მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

14 დღეა, რაც თბილისში სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მიმდინარებს. ისინი, მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ თავისივე  კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ და ქართული ოცნებისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ  დადებული პირობის შესრულებას ითხოვენ. მიუხედავად პროტესტისა, ოცნებაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემა აღარ გადაიხედება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.

წინა დღეებში გამართული პიკეტირების აქციებისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, საჯარო დაწესებულებების შენობების დასაცავად, ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩები რკინის მაღალი კონსტრუქციებით ჩახერგა, ბარიერების გასწვრივ კი პოლიციელები განალაგა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ პოლიციის მობილიზება და რკინის კონსტრუქციის განლაგება აქციის ორგანიზატორების მიერ პარლამენტის შენობის „ბლოკირების“ დაანონსების გამო, „საზოგადოებრივი წესრიგისა და პარლამენტარების თავისუფლად გადაადგილების“ უზრუნველსაყოფად მოხდა.

კომენტარი შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც გააკეთა და განმარტა, რომ პოლიციელების მობილიზება საჭიროებისამებრ ხდება და მას ამის გამო „არანაირი უხერხულობა“ არ ექმნება. „ჩვენ პოლიციელები ვართ. სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით, ყველა მოქალაქის, მათ შორის, მომიტინგეების დასაცავად“, – განაცხადა მანვე.

მიმდინარე აქციას მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება“ მიზნად „სახელმწიფოს ბლოკირებას“ ისახავს. მანვე სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირებისთვის მთავრობის წევრებს „გაორმაგებული ყურადღებისა და კონცენტრაციისკენ“ მოუწოდა.

„ჩვენი ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ არავის უფლება, მიუხედავად მრავალგზის დესტრუქციული ქმედებებისა, სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობისა, რაიმე დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ჩვენს ბიუროკრატიაზე. ჩვენი ბიუროკრატია, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები, უნდა იყვნენ აბსოლუტურად ეფექტურები და კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნონ მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ყოველდღიურ პრობლემებზე“, – მიმართა მან მთავრობის წევრებს.

საპოლიციო დანაყოფების დიდი რაოდენობითა მობილიზებასა და რკინის კონსტრუქციები აღმართვას ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ „შიშად“ აფასებენ ოპოზიციაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განმარტა, რომ „ასე რკინის ჯებირებით ემიჯნება ივანიშვილი საკუთარ ხალხს“ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ „ერთ მხარეს დგას ივანიშვილი და მეორე მხარეს ხალხი“.

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას თქმით კი, ივანიშვილის „სამარცხვინო გუნდს მუდმივად ასეთი წვალება მოუწევს“ და მათი პროტესტი იქამდე გასტანს, სანამ „ასე უტიფრად იქცევიან“.

მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, დღეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებამდე მისვლა მაინც შეძლეს და ქართული ოცნების დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შეძახილებით – „მონა“ და „სირცხვილია“ შეაცილეს.

დემონსტრანტებმა მსგავსი შეძახილებით გააცილეს მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოსული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას ხვალაც გეგმავენ. ისინი პარლამენტთან დილის ათი საათიდან შეიკრიბებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button