ახალი ამბები

პრემიერის შეფასებით, აქციის დაშლისას შსს-მ კანონის ფარგლებში იმოქმედა

Tags

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამართალდამცველების მიერ 18 ნოემბერს პარლამენტთან საპროტეტოს აქციის დაშლასა და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიის ბარიკადებისგან გათავისუფლებას გამოეხმაურა და თქვა, რომ სამართალდამცველებმა „კანონის ფარგლებში“ იმოქმედეს.

პრემიერის განმარტებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად არის დაცული და რამდენიმე დღის განმავლობაში, ის „ყველანაირი პრობლემების გარეშე გრძელდებოდა“. თუმცა, მისივე შეფასებით, მას შემდეგ, რაც „რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა“ მოქალაქეებს ქუჩებისა და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ მოუწოდა, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტის – პარლამენტის ფუნქციონირება „კითხვის ნიშნის ქვეშ“ დადგა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ 17 ნოემბერს პარლამენტის შესასვლელებთან აღმართული ბარიკადები გუშინ წყლის ჭავლისა და სპეცტექნიკის გამოყენებით აიღეს. ასევე, გაათავისუფლეს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილიც, სადაც კარვები იყო განთავსებული.

აქციის დაშლისას შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 პირი დააკავა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ჯამში 6 პირი დაშავდა, მათგან აქციის 4 მონაწილე, 2 კი – სამართალდამცველი.

„ფაქტობრივად, თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლება ჰქონდა – უკანონო აქციის, სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შეწყვეტის შესახებ“, – თქვა მან.

პრემიერმა „ხაზგასმით“ აღნიშნა, რომ „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს“.

გახარიას შეფასებით, გადაკეტილი ქუჩები და „თბილისის ქუჩებში აღმართული ცეცხლი და ბარიკადები, არის აბსოლუტურად მიუღებელი“. „პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან და უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით“, – განმარტა მანვე.

პარლამენტის წინ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 17 ნოემბერს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

საპროტესტო აქციის გამართვა ორგანიზატორებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მის მიერვე ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი ჩააგდო.

17 ნოემბერს, საღამოს, აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირების გადაწყვეტილება მიიღეს. ადილზე ქვიშის ტომრები მიიტანეს და საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელ ყველა ჭიშკარს ბოქლომები დაადეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტის შენობაში იქამდე არ შეუშვებდნე, სანამ მათი მოთხოვნა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს – არ დაკმაყოფილდებოდა.

მიუხედავად სამართალდამცველების მიერ აქციის დაშლისა, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button