ახალი ამბები

„ყველა მინუს ერთი!“ – თბილისში ორი აქცია მიმდინარებს

ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, თბილისში პარლამენტის შენობის წინ და რესპუბლიკის მოედანზე გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრისა და პატრიოტთა ალიანსის ორი დამოუკიდებელი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქცია პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე აქცია სახელმწოდებით – „ყველა მინუს ერთი! ბიძინა უნდა წავიდეს!“ – ზუსტად სამ საათზე დაიწყო. პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებულები და ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. 

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ და ხელისუფლებისგან მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორებს ოთხი მთავარი მოთხოვნა აქვთ:

  • ვადამდელი საპარლამენტო პროპორიული არჩევნები;
  • მოქმედი მთავრობის გადადგომა და მისი დროებითი მთავრობით ჩანაცვლება;
  • 20 ივნისს დაკავებული პოლიტპატიმრების მყისიერი და უპირობო გათავისუფლება;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობით დაკომპლექტება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ყველა მინუს ერთი“ პრინციპი, ნიშნავს არა „ყველა ოპოზიციური პარტია მინუს ქართული ოცნება“, არამედ „ყველა მოქალაქეს მინუს ქართული ოცნება“.

„არსად არ ვიშლებით, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა მთლიანად ლეგიტიმაცია. მორჩა, როცა გვეუბნება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა „ფეხებზე მკიდიხართ“ ყველა კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დაუბრუნოთ მის მოქალაქეს“, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ კი განმარტა, რომ ქართული ოცნების მუშაობის ყოველი დღე ქვეყნისთვის არის სახიფათო. მისივე თქმით, „ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს, სიღარიბე კი, ყველა ჩვენთაგანს ტანჯავს“. მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე „გარდამტეხი იქნება“ და უმრავლესობაში დარჩენილი ქართლი ოცნების დეპუტატები ხვალიდან პარლამენტის შენობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ.

„მიხარია, რომ სპეცრაზმი გამოასეირნეს, რა თქმა უნდა, ამ კვირა დღეს ყაზარმაში ჯდომას, თალაკვაძის და კობახიძის კაბინეტში ჯდომა სჯობს. მოგესალმებით, მანდ მეგობრებო, იჯექით მანდ კარგად. თქვენ არავინ შეგაწუხებთ, მაგრამ იცოდეს ივანიშვილმა, სადაც მან დასცა ლახვარი საქართველოს დამოუკიდებლობას, მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს, იქ მეტ არჩევანს ვერ გააკეთებს, „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარებიდან“, – მიმართა მან პარლამენტის შენობაში მობილიზებულ სამართალდამცველებს. 

ოპოზიციის აქციაზე შეკრებილებს სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემაც მიმართა და თქვა, რომ “საწუხაროდ, სამარცხვინოდ ბიძინა ივანიშვილმა მისმა დამქაშებმა მთელი ქვეყანა, თითოეული ჩვენთაგანი მოატყუეს და „თავისუფალი არჩევნის უფლება წაგვართვეს“.

„მე ჩემი უზარმაზარი გუნდით დავდგები თქვენთან ერთად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ პროტესტი იქნება ძლიერი, იქნება კანონის ფარგლებში. მოვუწოდებ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, ისე როგორც სხვა პარტიებთან, სიურპრიზები არ იყოს. უნდა იყოს მძლავრი პროტესტი“, – განაცხადა მან.

პატრიოტთა ალიანსის აქცია

ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, პარალელური აქციის წარმომადგენლები, რომლის ორგანიზატორიც პარტია პატრიოტთა ალიანსია, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ხუთი საათისთვის შეიკრიბნენ. ისინიც ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აქციას რადიკალურად განწყობილი და რუსულ ინტერესებთან აფილირებული ჯგუფები უერთდებოდნენ.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს სიტყვით პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მიმართა და თქვა, რომ აქციის მიზანი ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლაა და პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, რათა „არ მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია“. მანვე განმარტა, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ქმნის, რამაც მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსი დამოუკიდებლად მოქმედებს და მათ საკუთარი „ტაქტიკა და სტრატეგია“ აქვთ. „რაც მეტი აქცია იქნება თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების თემაზე, უფრო კარგი… ცდება ქართული ოცნება, როცა არწმუნებს საკუთარ თავს იმაში, რომ ქართველ ხალხს, თურმე, არჩევნები არ აინტერესებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ აქციებს, არ შეწყდება ეს პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – მიმართა მან შეკრებილებს.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა მიმართა და თქვა, რომ ლოზუნგი იგივე რჩება – არც ქართული ოცნება და არც სააკაშვილი-ბოკერია“. „არცერთი არ გვინდა, ეს ქვეყანა არის ქართვველი ხალხის. ჩვენ უნდა დავეპატრონოთ ამ ქვეყანას“, – დასძინა მანვე.

ამის შემდეგ, პატრიოტთა ალიანსმა მხარდამჭერებთან ერთად, ოპერის მიმართლებით მსვლელობა მოაწყვეს, სადაც საპროტესტო აქციების პერმანენტულობა დააანონეს და თქვეს, რომ პროტესტი რეგიონებშიც გადაინაცვლებს. დასკვნით საპროტესტო აქციას პატრიოტთა ალიანსი თავისუფლების მოედანზე გამართავს. აქციის ზუსტ დროს პარტია მოგვიანებით გააჟღერებს.

ორ საპროტესტო აქციას ოპერასთან სამართალდამცველების კორდონი და რკინის ჯებირები ჰყოფდა.

შსს-ს გამოხმაურება

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მობილიზებულია საპატრულო პოლიციის დანაყოფებიც. ისინი პარლამენტის შენობის შიდა პერიმეტრზე, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან არიან განლაგებულნი. მზადყოფნაშია შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტიც.

შსს-მ საპოლიციო დანაყოფების მზადყოფნის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელაც და განმარტა: „საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ – სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა“.

უწყება დღევანდელი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნებისადმი დამორჩლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button