ახალი ამბები

ბრიტანეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

Tags

გაერთიანებულმა სამეფომ და საქართველომ დღეს ლონდონში სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა მოაწერეს ხელი, მას შემდეგ შევა ძალაში, რაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს. ამის შემდეგ, დოკუმენტის რატიფიცირება ორივე ქვეყანას მოუწევს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და „ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის“.

მინისტრი ზალკალიანი მიესალმა შეთანხმების ხელმოწერას და აღნიშნა, რომ შეთანხმება მყარ საფუძველს შექმნის ბრექსიტის შემდგომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბების და გაღრმავებისთვის.

საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილმა თქვა, რომ ახალი შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოს და საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რომ გააღრმავონ ურთიერთობები პოლიტიკის, თავდაცვის და უსაფრთხოების, ბიზნესის, ვაჭრობს და ინვესტიციების, ასევე განათლების, მეცნიერების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

„საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც აფორმებს ამ ხელშეკრულებას დიდ ბრიტანეთთან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი პარტნიორობის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button