ახალი ამბები

ბერუჩაშვილი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დაინიშნა

პრეზიდენტ მარგველაშვილის განკარგულებით, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც სექტემბრამდე საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, ელჩის თანამდებობაზე რევაზ გაჩეჩილაძეს შეცვლის, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ელჩად 2014 წლის ივლისში  მას შემდეგ დაინიშნა, რაც მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ეს ადგილი ვაკანტური იყო.

კარიერული დიპლომატი, თამარ ბერუჩაშვილი ორ ათწლეულზე მეტია ევროპის საკითხებზე მუშაობს. მას 2004 წელს ცხრა თვის განმავლობაში ეკავა სახელმწიფო მინისტრის პოსტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და 2004-2010 წლებში იმავე უწყებაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა; 2013 წლის აპრილში ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა და 2014 წლის ნოემბერში მინისტრის გადადგომასთან ერთად კოლეგების მსგავსად მანაც გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მალევე შეცვლის შედეგად საგარეო საქმეთა მინისტრად დაწინაურდა.

ბერუჩაშვილი, რომელიც ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით 4 დეკემბერს პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდა, ელჩად მუშაობას 2016 წლის 1 მარტიდან შეუდგება, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button