skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ივანიშვილზე ბრიტანეთის შესაძლო სანქციებს აკრიტიკებს და „დიფ სთეითის“ გავლენაზე საუბრობს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ 16 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო ათზე მეტი ბრიტანელი დეპუტატის მიერ პარტიის დამფუძნებელზე ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესების მოთხოვნით ბრიტანეთის პარლამენტში წარდგენილი შუამდგომლობა და გაერთიანებული სამეფოს მიერ ქართველ ოფიციალურ პირებზე დაწესებული წინა სანქციებიც გააკრიტიკა.

აღნიშნა რა, რომ „ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები“ და ხაზი გაუსვა რა ბრიტანეთის ისტორიულ როლს სამართლის პრინციპების განვითარების საქმეში, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განაცხადა, რომ „გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა“.

პარტიამ დაიცვა ივანიშვილი და განაცხადა, რომ „ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა“.

„ქართულმა ოცნებამ“ „დიფ სთეითის“ შესახებ მის მიერ აქტიურად გამოყენებული შეთქმულების თეორია მოიშველია და განაცხადა, რომ სწორედ ის დგას შუამდგომლობის უკან. „დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას წინ უძღოდა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრის ჯეიმს მაკლირის შუამდგომლობა, რომელმაც პარლამენტს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე მისი პასუხისმგებლობის გამო, სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მანამდე, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები, მათ შორის აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა, დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატურ დარბევაში მონაწილეობისთვის. სანქცირებულ ოფიციალურ პირებს შორის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიცაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button