skip to content
ახალი ამბები

დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით, ილია II პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადავო მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს და საკითხის მოგვარებაში „ჩარევას“ სთხოვს.

წერილი, რომელიც 1 ოქტომბრით არის დათარიღებული, საპატრიარქოს ვებგვერდზე 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარის ქმედებების შედეგად, ტურისტებს, მომლოცველებს და სასულიერო პირებს 2019 წლიდან ფაქტობრივად შეზღუდული აქვთ სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებზე წვდომა.

წერილში ასევე მითითებულია საბჭოთა დროს და შემდგომ პერიოდში მიღებული სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტი, რომლებზე დაყრდნობითაც პატრიარქი მიიჩნევს, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენს.

„ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისთვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე, მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს, ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა – დაუშვებელი”, – წერს ილია მეორე.

მსგავსი შინაარსის წერილით, 4 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, ალაჰშუქურ ფაშაზადესაც მიმართა.

ამბის წინაისწორია

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 1/3 შეუთანხმებელია, მათ შორის, ის მონაკვეთიც, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.

ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს ჩაკეტეს. მონასტრამდე მისასვლელი გზა ხუთდღიანი შეზღუდვის შემდეგ, 26 აპრილს გაიხსნა.

მომხდარის შემდეგ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის განახლებული სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად 14 მაისს შეიკრიბა. ორ ქვეყანას შორის საზღვრის სადელიმიტაციო საკითხებზე კომისიამ კიდევ ერთხელ 23-24 მაისს ბაქოში იმსჯელა.

ბოლო თვეების განმავლობაში, ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რასაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე ეპარქიის სასულიერო პირების, მრევლის, რიგითი მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

აგვისტოსა და სექტემბერში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტებმა საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთები მოინახულეს და გეოდეზიური აზომვითი სამუშაოების ჩაატარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 23 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტთა მუშაობის შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა კომისიების მომდევნო სხდომას, რომელიც ახლო მომავალში თბილისში გაიმართება.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა, 6 ოქტომბერს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის (ქეშიქჩიდაღის) მიმდებარე ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოსტი გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

9 ოქტომბერს, ბაქოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, განიხილა თუ არა ორი ქვეყნის ლიდერმა საზღვრის დელიმიტაციის საკითხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button