skip to content
ახალი ამბები

გიორგი გახარია ბაქოში პრეზიდენტ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 9 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობს, დღეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ თავის ახალ რანგში იგი პირველი ვიზიტით სწორედ აზერბაიჯანში ჩავიდა.

„პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას, სავარაუდოდ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ჰქონდა მხედველობაში, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს და რომელიც ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მოლაპარაკებების ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს.

გახარიამ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო „უახლოესი მეგობრები და პარტნიორები“ არიან და რომ მათი პარტნიორობა „მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა“. გახარიას თქმით, ორი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში.

2018 წელს აზერბაიჯანი თურქეთისა და რუსეთის შემდეგ, საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ აზერბაიჯანთან 2018 წელს 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტის მოცულობა 502 მლნ აშშ დოლარი (2017 წელს 272.1 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა 593 მლნ აშშ დოლარი (2017 წელს 567 მლნ აშშ დოლარი) იყო.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, გახარია ასევე შეხვდება ახალ პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოკტაი ასადოვს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია მომავალ კვირას სომხეთს, ხოლო ოქტომბრის ბოლოს თურქეთს ეწვევა. ასევე, „როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, იგი ბრიუსელს ეწვევა, აცხადებენ გახარიას პრესსამსახურში.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button