skip to content
ინტერვიუპარტნიორებისგან

ფრიდი: ქართველ პოლიტიკოსებს უამერიკელებოდაც უნდა შეეძლოთ ერთმანეთთან მშვიდი საუბარი

დენიელ ფრიდი, რომელიც ვაშინგტონში დაფუძნებული ატლანტიკური საბჭოს წამყვანი მკვლევარია, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე ყოფილი დიპლომატია. ფრიდი სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ელჩის პოზიციებზე, ასევე რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა. სახელმწიფო დეპარტამენტში ბოლოს მას შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორის ადგილი ეკავა. დენიელ ფრიდს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე ამერიკის ხმის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ​

ია მეურმიშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. როგორ შეაფასებთ თავად ამ შეხვედრის ფაქტს? კარგი იდეა იყო ეს, თუ ცუდი?

დენიელ ფრიდი: ვფიქრობ, ქვეყნების ერთმანეთთან საუბარი ყოველთვის კარგი იდეაა, მაშინაც კი, თუ ეს ქვეყანა მოწინააღმდეგეა და [ჩვენ ვიცით, რომ] რუსეთი ჯერ ისევ საქართველოს მოწინააღმდეგეა. მე არ მეშინია რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ უცებ რაღაც სახის ფარულ, თავისთვის საზიანო შეთანხმებას არ მიაღწია რუსეთთან. ამიტომ, არ მინდა ჩემი აზრი ვთქვა იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ქვეყნის მიმართულებაზე და არ მინდა, ჩემი ეს აზრი საქართველოში [არსებული] პოლიტიკური დაყოფის ნაწილად ვაქციო.

თქვენ ახლახან დაბრუნდით საქართველოდან. რას ფიქრობთ საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე? ხედავთ თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ძალები ზოგიერთი მნიშვნელოვანი თემის გარშემო გაერთიანდნენ?

ეს, ძირითადად, მთავრობაზეა დამოკიდებული. ვიცი, მთავრობა იტყვის, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ოპოზიცია უნდა დაგვეხმაროსო. თუმცა, ძალაუფლებაში მყოფ ადამიანებს ყოველთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მახსოვს, სააკაშვილის მმართველობა დაღმასვლისაკენ როგორ წავიდა. ეს მაშინ მოხდა, როცა სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ქართული საზოგადოების მიმართ გარკვეული უპატივცემლობის გამოხატვა დაიწყეს. მათ ეგონათ, რომ ხალხს გადაუვლიდნენ და რომ მხოლოდ თვითონ იცოდნენ, რა იყო საუკეთესო ქვეყნისთვის. ამით მათ საკუთარი პოლიტიკური მანდატის გაფლანგვა დაიწყეს. [თუმცა,] მათ ქვეყნისთვის ბევრი კარგი გააკეთეს, განსაკუთრებით მმართველობის პირველ წლებში.

ამისთვის ისინი აღიარებას იმსახურებენ და მე მათ ამ მიღწევევებს ვაღიარებ, მაგრამ ხალხმა ისინი გადაირჩია ისეთი თემების გამო, როგორებიცაა საქართველოს საზოგადოების მიმართ უპატივისმცემლობა და ყურადღების მოდუნება დემოკრატიული თავისუფლებების მიმართ. მათი ნაწილი ამას აღიარებს. საბოლოო ჯამში, ისინი დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხდნენ, რასაც ისინი არ შეეწინააღმდეგნენ და უნდა ვაღიაროთ, რომ სააკაშვილი და მისი ხალხი დემოკრატიული მეთოდებით წავიდნენ ხელისუფლებიდან. ეს დღესაც დასაფასებელია. ეს აღსანიშნავი მომენტი იყო.

საქართველოს დღევანდელი მთავრობა დემოკრატიულად არჩეული, ლეგიტიმური და აღიარებული მთავრობაა, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. თუმცა, ივნისის დემონსტრაციები და პარლამენტში მომხდარი ის უცნაური მოვლენა [გავრილოვის ვიზიტი] მაფიქრებინებს, ისტორია ხომ არ მეორდება. სამწუხარო იქნება, თუ ეს ასეა.

საქართველოში ყოფნისას დამრჩა განცდა, რომ მთავრობა მზადაა ოპოზიციასთან თანამშრობლობისათვის, ოღონდ თავისი პირობების გათვალისწინებით. ვფიქრობ, ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა დიალოგის კარგი ტონი თვითონ უნდა შექმნან. დემოკრატია ფუფუნება არ არის. დემოკრატია საფუძველია იმისთვის, რომ საქართველომ მსოფლიოს თავი დააფასებინოს, იმისთვის, რომ ქვეყანას სერიოზულად მოეპყრან და დიდი ევროპის სრულფასოვან წევრად მიიჩნიონ. ვფიქრობ, კარგი იქნება მთავობამ ეს გაითვალისწინოს.

და ოპოზიცია?

ოპოზიცია, თავის მხრივ, არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. მომავალ წელს საქართველოში არჩევნებია და ოპოზიცია საქართველოს მოსახლეობას უნდა ელაპარაკოს, საკუთარი ხედვები შესთავაზოს და არჩევნებში გამარჯვება ქართველი ხალხის დარწმუნებით სცადოს.

ამერიკელისთვის მარტივია იმის თქმა, რომ ქართველებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ. შეხედეთ, რა ხდება ჩვენს პოლიტიკაში…

არის თუ არა საჭირო ოპოზიციურ პარტიებს შორის იყოს რაიმე სახის ერთობა?

ისინი [ოპოზიციური პარტიები] ერთმანეთს უნდა ესაუბრონ. ხშირად, როცა ქვეყნებში ამერიკის საელჩოს კარგი ხელმძღვანელობა ჰყავს, ჩვენ მოლაპარაკებებისთვის „ჭერის“ მიცემა შეგვიძლია. ეს ნეიტრალური „ჭერია“, სადაც ყველას შეუძლია ერთმანეთთან საუბარი. ჩვენ გვინდა, რომ ეს ნეიტრალურობა შევინარჩუნოთ. საქართველოს პოლიტიკაში წარმოუდგენელია რომელიმე მხარისადმი მიკერძოება. ამერიკა საქართველოს მთავრობასთან იმიტომ თანამშრომლობს, რომ ის ქვეყნის მიერ არჩეული ლეგიტიმური მთავრობაა და ოპოზიციასთან ვთანამშრომლობთ იმის გამო, რომ ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ ნეიტრალურები უნდა ვიყოთ.

მაგრამ ღვთის გულისათვის, ქართველებს არ უნდა სჭირდებოდეთ ამერიკელების მიერ შექმნილი ნეიტრალური „ჭერი“ იმისთვის, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. მათ უნდა შეეძლოთ ერთმანეთთან შეხვედრა, მშვიდი დიალოგი ისე, რომ ერთმანეთი არ გაანადგურონ.

ეს სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად. ქართველებმა შეიძლება ისიც თქვან, ეს ვინ არის [პოლიტიკურ პოლარიზაციაზე] რომ გველაპარაკება, მაშინ როცა ვაშინგტონში ასეთი ამბები ხდება. ამაში მართლებიც იქნებიან. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ხომ საუკეთესო ტრადიციების მიხედვით უნდა მოვიქცეთ და არა – ჩვენი ყველაზე ცუდი პრაქტიკის გათვალისწინებით.


მასალა სამოქალაქო საქართველოსთვის (Civil.ge) ამერიკის ხმამ მოამზადა. მასალაზე ნებართვისა და სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადამ გარტნერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Via
ამერიკის ხმა
პირველწყარო
ფრიდი: საქართველოს წინა მთავრობამ ბოლო წლებში ხალხთან უდიერი მოპყრობა დაიწყო - სამწუხაროა, თუ ისტორია მეორდება

მსგავსი/Related

Back to top button