Placeholder canvas
ახალი ამბები

გიორგი გახარია ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ფრაქციებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია, მომავალ მინისტრთა კაბინეტთან ერთად, 6 აგვისტოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წინაშე წარსდგა. კანონმდებლებმა ოპოზიციიდან გიორგი გახარიას კითხვებით მიმართეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

საუბარმა ცხარე დისკუსიისა და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციონერი დეპუტატები 20-21 ივნისს დემონსტრაციის დაშლისას მოქალაქეების დაზარალებაში შსს მინისტრ გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ, ხოლო მის პრემიერობის კანდიდატად წარდგენას მმართველი პარტიის მხრიდან საზოგადოების განწყობის წინააღმდეგ მიმართულ გამოწვევად აფასებდნენ. პრემიერობის კანდიდატი კი ოპონენტებს „რეალობის მოდელირებასა“ და არაკონსტრუქციულ პოზიციას აბრალებდა.

საბოლოოდ, დეპუტატებმა პრემიერობის კანდიდატს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები და ორგანიზატორები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი პარლამენტში შესვლას და სხდომებზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა ტექნიკური პრობლემის მიზეზით, ისინი შენობაში არ შეუშვეს.

შეხვედრა ნაციონალურ მოძრაობასთან

ნაციონალური მოძრაობა კანდიდატის მოსმენის ბოიკოტირებას აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში ფრაქციებთან მის შეხვედრაზე შესვლა მაინც გადაწყვიტეს.

გახარიასთან შეხვედრა მათ ერთგვარი საპროტესტო პერფორმანსით დაიწყეს და საპროტესტო ვიდეო რგოლი „გახარიას უხარია“ ჩაურთეს, რომელიც 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებში გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. ამის შემდეგ, დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვებით მიმართეს. მათი უმრავლესობა ე.წ. „გავრილოვის ღამეს“, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას, „რუსთავი 2“-ის საქმეს, ნიკა გვარამიას წინააღდეგ დაწყებულ გამოძიებას, თიბისი ბანკისა და ია კერზაიას საქმეებს ეხებოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „მკვლელებთან შეკითხვები“ პარლამენტში არ უნდა ისმებოდეს და იქვე განმარტა, რომ ის გახარიასთან „თვალებდათხრილი და გაუბედურებული ადამიანების სახელით მოვიდა“.

„იმის ნაცვლად, რომ ხალხისთვის მოგეხადათ ბოდიში და წასულიყავით, მოდიხართ და გსურთ რომ პრემიერის რანგში მოგისმინოთ… თქვენ მოგიწევთ ყველა შეკთხვაზე პასუხის გაცემა, როდესაც ქვეყანაში აღდგება ეროვნული ხელისუფლება, თუ არ გაიქეცით თქვენ მეორე სამშობლოში“, – მიმართა მან გიორგი გახარიას, რითაც გახარიას რუსეთის მოქალაქეობაზე მიანიშნა [გახარიამ რუსეთის მოქალაქეობა 2016 წლის ნოემბერში დატოვა – რედ].

მანვე გახარიას მთავრობას „ბოლო ჟამის მინისტრთა კაბინეტი“ უწოდა და დაინტერესდა, თუ როგორ აპირებს იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას გადაადგილება და პარლამენტში შემოსვლა „ჩუმად, პოლიციის კორდონების გავლით“ უწევს.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამაც გაიმეორა, რომ “ნორმალურ ქვეყანაში” გიორგი გახარიას „კითხვებს არა პარლამენტში, არამედ ბრალდებულის სკამზე უნდა უსვამდნენ“.

მანვე „ყველა სახელმწიფო რგოლი“ ივანიშვილის „მონურ მორჩილებაში“ დაადანაშაულა. „თქვენ რას გრძნობთ, როდესაც მთელი ქვეყანა სკანდირებს, რომ გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან?“, – ჰკითხა მან პრემიერობის კანდიდატს.

პარტიის კიდევ ერთი წევრის მამუკა ჩიქოვანის შეფასებით, „სირცხვილია“, როდესაც გიორგი გახარია პრემიერი ხდება. „არც ისე შორს არის ის დრო, როდესაც თქვენ ამ ყველაფერზე აბსოლუტურად სხვა ფორმატში მოგიწევთ პასუხის გაცემა, და გიღირთ თუ არა ყველაფერი იმად, რომ მთელი ცხოვრება ეს სამარცხვინო საქმეები გაგყვებათ?“, – მიმართა მამუკა ჩიქოვანმა გიორგი გახარიას.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელიც პრემიერობის კანდიდატთან შეხვედრას უძღვებოდა, გიორგი გახარიასგან იმით დაინტერესდა, თუ რატომ „დაამწუხრა“ მან საქართველო და „გაახარა“ რუსეთი. მანვე გახარიას უთხრა, რომ ისინი უკანონობას ემსახურებიან და მისგან იმის დაზუსტება მოითხოვა, არის თუ არა ქვეყანაში ერთი სტრუქტურა მაინც, რომელიც კანონის შესაბამისად იმართება.

ამის შემდეგ, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ 5-წუთიანი ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა, რათა პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა იმ მოქალაქეებს მისცემოდათ, რომლებიც, საშვების ქონის მიუხედავად, შენობაში შესვლას და სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებდნენ. სალომე სამადაშვილმა კი, იმის გამო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის შექმნილ დაბრკოლებებზე რეაგირება არ მოახდინა, მას და ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს „ივანიშვილის მონები“ უწოდა.

შესვენების შემდეგ, დეპუტატები, პრემიერობისა და მინისტრთა კანდიდატები სხდომათა დარბაზში დაბრუნდნენ. გიორგი გახარიამ ტრიბუნიდან საკუთარი სიტყვა ნაციონალური მოძრაობის კრიტიკით დაიწყო და თქვა, რომ ის რაც დარბაზში ხდებოდა – „ტყუილი, სიცრუე და სიმართლის მოდელირებული რეალობით ჩანაცვლება“ – არის ნაციონალური მოძრაობის „ჩვეულებრივი სახე“ და მათ პოზიციას პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან აბსოლუტურად დაცლილი უწოდა.

„მე ერთი რამ მინდა გითხრათ: არსად წასვლას არ ვაპირებ. მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში… გირჩევთ, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, – მიმართა მან ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომლებიც საპროტესტო აქციის სიმბოლოდ ქცეული ჟესტით უსმენდნენ გამოსვლას.

გიორგი გახარიას სიტყვა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა შეაწყვეტინა და თქვა, რომ იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასმულ კითხვებზე პასუხს არ სცემს და პარლამენტში საქართველოს მოქალაქეებს არ უშვებენ, „სისხლის სამართლის დამნაშავის“ მოსმენა მიზანშეწონილი არ არის. მანვე სხდომის თავმჯდომარეს შეხვედრის შეწყვეტა შესთავაზა და გიორგი გახარიას შემდეგი სიტყვით მიმართა: „ბატონო გახარია, დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრობის ვადის გატარება მოგიწევთ ძალიან ძლიერი დაცვის ქვეშ და თავისუფლად ვერასდროს ვერცერთ მოქალაქეს დაელაპარაკებით იმიტომ, რომ ამ რეჟიმში გიწევთ საკუთარი საქმიანობის დაწყება – კარებჩაკეტილ პარლამენტში“.

ამის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას მოსმენის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.

ტრიბუნასთან და მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებთან მარტოდ დარჩენილმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ის, რაც პარლამენტში მოხდა, იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ „იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე“. მანვე ერთ-ერთ მთავარ მიზნად, სიმართლის თქმის საშუალებით, ნაციონალური მოძრაობის მხილება დაასახელა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ის ადამინები არიან, რომლებიც ისხდნენ საათობით [20 ივნისს] და ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი და დაშავებული იქნებოდა, ეს უნდოდათ გამოყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, – განაცხადა მან.

შეხვედრა “ევროპულ საქართველოსთან”

დღის მეორე ნახევარში, გიორგი გახარია ფრაქცია ევროპული საქართველოს წინაშე წარსდგა. სხდომის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ თავშივე განმარტა, რომ ევროპული საქართველო გახარიას გუნდთან „მათ ვითომ პროგრამაზე საუბარს“ არ აპირებდა. მისი თქმით, ივანიშვილმა შს მინისტრის დაწინაურებით საზოგადოების გამოწვევა გადაწყვიტა და ამ პოსტზე ის ადამიანი წარადგინა, რომელიც პასუხისმგებელია „ახალგაზრდების თვალის დათხრაზე და გავრილოვის ღამეზე“.

„ამ შეხვედრას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ბატონ გახარიას, მას მერე, განსაკუთრებით, რაც მან თავი გამოავლინა, როგორც ჯალათმა. ამ შეხვედრას ჩვენ ვატარებთ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რაც მოხდა 20 ივნისს და გააჩნიათ კონკრეტული კითხვები და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, ვართ ვალდებულნი, რომ ეს კითხვები დავსვათ“, – განაცხადა მან.

ამის შემდეგ შეხვედრა მოკლე კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ევროპული საქართველოს დეპუტატების კითხვების ძირითადი ნაწილი სწორედ 20-21 ივნისს პარლამენტში და შემდეგ უკვე მის მიღმა განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. კანონმდებლები გიორგი გახარიასგან შემდეგი საკითხებით დაინტერესდნენ:

  • იცოდა, თუ არა მან გარკვეული დროით ადრე, რომ საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ღონისძიება იგეგმებოდა?
  • განიხილეს, თუ არა ღონისძიების ჩატარების მიზანშეწონილობა?
  • გაეცნო, თუ არა იგი ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ჩამომსვლელთა სიას და იყო, თუ არა იგი საქმის კურსში სიაში შემავალი ზოგიერთი პირის საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულების შესახებ?
  • იცნობს, თუ არა იგი კანონს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ?
  • იყო, თუ არა საზოგადოების პროტესტი სამართლიანი?
  • რამდენად სწორი იყო პარლამენტის რიკინის ჯებირებს მიღმა საპოლიციო კორდონის განთავსება?
  • ვინ გასცა საპოლიციო რაზმების პარლამენტის შენობის გარეთ გამოყვანის ბრძანება?
  • ვინ მიიღო აქციის მონაწილეების დარბევისას ლეტალური ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება?
  • რამდენი ტყვია იყო გამოყენებული აქციის დარბევისას?
  • საჭირო იყო და მოხდა, თუ არა აქციის მონაწილეების დარბევამდე გაფრთხილება?
  • იყო, თუ არა მითითება, რომ ტყვიები ჟურნალისტების წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ?
  • რატომ დაიწყო აქციის დარბევა, როდესაც პარალელურად სიტუაციის განმუხტვის მიზნით, პოლიტიკურ ლიდერებთან მოლაპარაკებები იგეგმებოდა? 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას მაკო გუმურის კითხვებიც გადასცა, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.

გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას თქვა, რომ ის საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ღინისძიების ჩატარების შესახებ ინფორმირებული ადრევე იყო, თუმცა ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარების მიზანშეწონილობაზე არ უმსჯელიათ. მისივე თქმით, მსგავსის განმეორების შემთხვევაში, კონკრეტული პირების საქართველოში შემოშვების საკითხს „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე გადაწყვეტენ.

პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შესახებ საუბრისას გახარიამ თქვა, რომ მოგერიების გადაუდებელი აუცილებლობა, პოლიციელს სპეციალური აღჭუვილობის გამოყენების საშუალებას აძლევს.

„იმ დროს, როდესაც 300 პოლიციელს გასტაცეს ფარი, 30 პოლიციელი თქვენი მოწოდებით გაიტაცეს ბრბოში და სცემდნენ, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, გამოეყენებინათ ყველა საშუალება“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გარკვეულ შემთხვევებში, დარბევის შესახებ დემონსტრანტების გაფრთხილება მოხერხდა, გარკვეულ შემთხვევებში კი – ვერა. „როდესაც [პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის] კონტაქტი შტურმის დროს იყო ძალიან ახლო და, ზოგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინა რეზინის ტყვია, ამ შემთხვევაში გაფრთხილება ვერ მოხერხდა. ასეთი ვალდებულება [გაფრთხილებისა], როდესაც იყო აუცილებელი მოგერიების პირობები არ არსებობდა და პოლიციის შესახებ კანონი პოლიციელს ამის უფლებას აძლევს. წერტილი“, – თქვა მან.

მისივე თქმით, სანამ პარლამენტზე „შტურმი“ არ დაიწყო, არცერთ პოლიციელს პარლამენტის შენობის შიდა პერიმეტრი არ დაუტოვებია. „თუ პოლიტიკოსები, მათ შორის, დეპუტატები მოიქცეოდნენ პასუხისმგებლიანად და არ მოუწოდებდნენ რიგით მოქალაქეებს, რომ შეჭრილიყვნენ [პარლამენტში], სიტუაცია იქნებოდა უფრო მშვიდი“, – განმარტა პრემიერობის კანდიდატმა.

გახარიას თქმით, აქციაზე გამოყენებული ყველა სახის ტყვია და ყველა მიღებული გადაწყვეტილება კანონის შესაბამისი იყო. მისივე განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს ყველა გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, იგი „გარკვეულ პროცედურებს“ შეცვლიდა. მანვე განმარტა, რომ გამოყენებული ტყვიები იყო არალეტალური და განმარტა, რომ მათი დამიზნებით სროლა შეუძლებელია.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, აქციის დასაშლელად გამოყენებული იყო საჭიროების შესაბამისი, დაახლოებით 800 ტყვია.

აქციის დაშლის დროს დაშავებული ჟურნალისტების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, გახარიამ სინანულით თქვა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მასობრივი ღონისძიებების დროს, “ჟურნალისტების რაიმე სახით იდენტიფიცირება” არ ხდება – რაშიც, სავარაუდოდ, ის იგულისხმა, რომ ჟურნალისტები არ არიან ვალდებული ატარონ მათი გამომარჩეველი სპეციალური სამოსი ან ნიშნები (მაგ. ჟილეტები ან ქუდები წარწერით “პრესა”). მისივე თქმით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ჟურნალისტებზე გამიზნულად სროლის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა და მათი დაზარალება მხოლოდ შემთხვევითობა იყო.

გახარიამ ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ 20 ივნისის აქციის დროს პოლიტიკოსებთან დაგეგმილი მოლაპარაკებები ვერ შედგა. „ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა თქვა, რომ ისინი სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდნენ. მეორე ნაწილმა თქვა, რომ ჩვენი ბიჭები ისე კარგად უტევენ, რომ რატომ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, იქნებ ჯერ შევიდნენ [პარლამენტში] და მერე შევიდეთ [მოლაპარაკებაზეო]“, – თქვა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ვინაიდან ერთი მხრივ პოლიტიკოსები მოლაპარაკებებზე საუბრობდნენ, მეორე მხრივ კი პარლამენტზე შეტევა მიმდინარეობდა, აქციის დაშლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ იყო მიღებული.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა გიორგი გახარიას ამ ბრალდებებს ტყუილი უწოდეს და თქვეს, რომ ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებებისათვის მზად იყვნენ იყო და საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაც სწორედ ამ დროს იყო მიღებული. „რასაც თქვენ ამბობთ, არის ტყული და, როდესაც მოლაპარაკებების შეთავაზება ხდებოდა, იქ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა“, – უპასუხა სერგი კაპანაძემ გიორგი გახარიას.

ამის შემდეგ, გიგა ბოკერიამ სხდომის თავმჯდომარეს მიმართა და უთხრა, რომ პრემიერობის კანდიდატმა მისი „ღიმილიანი“ სახით ყველაფერი თქვა, ამიტომ გიორგი გახარიას დასკვნითი სიტყვის მოსმენის საჭირობას ვეღარ ხედავდა და მას სხდომის დასრულების ინიციატივით მიმართა. სერგი კაპანაძემ გუნდის შეთავაზება გაიზიარა და სხდომა დაასრულა.

ევროპული საქართველოსთან შეხვედრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეაფასა და თქვა, რომ „ნაციოანლური მოძრაობის ამ ფილიალს“ საერთოდ არ აინტერესებდა პასუხები და რომ მათი მიზანი მხოლოდ ტყუილების დაფიქსირება იყო.

„ეს იყო გასაოცარი, როდესაც მიკროფონთან პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლეოდნენ. ეს არის რაღაც ძალზედ გასაკვირი ფორმატი. საერთოდ დარღვეული იყო ყველა სახის ფორმატი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, თუნდაც 20 ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა. მათ ეს არ აინტერესებთ“, – განაცხადა მან.

გახარიამ ასევე დასძინა, რომ ევროპულ საქართველოს და ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოებაში „სიცრუეზე“ დაფუძნებით „ემოციური დაძაბულობისა“ და „გარკვეული რევოლუციური მოლოდინების“ შექმნა სურთ, რის საშუალებასაც მათ მთავრობის წევრები არ მისცემენ.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს წარადგინა და თქვა, რომ მან ეს თანამდებობა „ღირსეულად დაიმსახურა“.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას საზოგადოების ნაწილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს და მისი შს მინისტრობიდან გადადგომის მოთხოვნით ორ თვეზე მეტია, ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავს. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა ახლა უკვე გიორგი გახარიასთვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნდობის არგამოცხადებაა.

პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2 სექტემბრს მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ საზოგადეობას Facebook-ის საშუალებით ამცნო. ბახტაძემ ვრცელ გამოსამშვიდობებელ წერილში აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის საკუთარი მისია შეასრულა და თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button