ახალი ამბები

მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

Tags

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის ივნისში ჩაანაცვლა, გადადგომის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ბახტაძემ Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით ორშაბათს, ორ სექტემბერს გაავრცელა.

ბახტაძემ ვრცელი გამოსამშვიდობებელი ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე, ქვეყნის გამოწვევებზე, მიღწეულ თუ მისაღწევ მიზნებზე ისაუბრა. აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს წასვლის მიზეზებზე, წინამორბედი კვირიკაშვილისაგან განსხვავებით, არ ულაპარაკია.

ბახტაძემ პრემიერის პოსტი ისე დატოვა, ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე არ წარმსდგარა.

პრემიერის წასვლაზე მითქმა-მოთქმა ქართულ მედიაში ბოლო რამდენიმე კვირაა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თავად პრემიერი და უმრავლესობის წევრები თავდაპირველად მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს არ ადასტურებდნენ, ბოლო დღეებში მათ მთავრობის ხელმძღვანელის წასვლის შესახებ აშკარა მინიშნებები გააკეთეს.

მამუკა ბახტაძე პრემიერის თანამდებობაზე 2018 წლის ივნისში დაინიშნა. მან ამ პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა, რომელსაც პრემიერის თანამდებობა 2015 წლიდან ეკავა. გაპრემიერებამდე ბახტაძეს კვირიკაშვილის მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა, მანამდე კი, 2013-2017 წლებში იგი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მსახურობდა.

გაპრემიერებამდე, 2018 წლის ივნისში პარლამენტის წინაშე წარდგომისას ბახტაძე აცხადებდა, რომ თავის გეგმას რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას აფუძნებდა, კერძოდ: 1)  ქართველი ხალხის ისტორიული არჩევნის ბოლომდე მიყვანას, რაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს; 2) ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით; 3)  მცირე მთავრობის კონცეფციასა და ეფექტურ სამთავრობო უწყებებს; 4) განათლებას, ინოვაციასა და ახალგაზრდობას.

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში ბახტაძემ აღნიშნა, რომ თავისი „მისია ამ ეტაპისათვის შეასრულა“ და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის მას პრემიერის პოსტზე, თუმცა მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერის პოსტზე მმართველი ძალა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა ნაწილი ორ თვეზე მეტია მართავს საპროტესტო ღონისძიებებს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. მოქალაქეები გახარიას პასუხისმგებლობას აკისრებენ 20-21ივნისის საპროტესტო გამოსვლების ძალისმიერ დაშლაზე, რის შედეგადაც 240 პირი, მათ შორის, 100-ზე მეტი მოქალაქე, 30-ზე მეტი ჟურნალისტი და 80 პოლიციელი დაშავდა.

 შემდგომი პროცედურები

საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც იწვევს. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტი „წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტისმიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი (მინიმუმ 76) დეპუტატის ხმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button