ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროექტის განხილვა გრძელდება

Tags

აფხაზური საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესის“ ცნობით, 21 აგვისტოს, სოხუმში, აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრმა“ ვალერი ბგანბამ და რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს – „როსავიაციის“ ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ სტორჩევოიმ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხები განიხილეს.

„აფსნიპრესის“ თანახმად, შეხვედრას ასევე ესწრებოდა „ვ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინვესტიციო პროექტის“ ხელმძღვანელი ეგორ სოლომატინი, რომელმაც განაცხადა, რომ „სოხუმის აეროპორტის აღდგენას სულ მცირე ორი წელი დასჭირდება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება“.

„ასაფრენი ბილიკის გარდა, რომელიც საფუძვლიან რემონტს საჭიროებს, აეროპორტის აღდგენაც ფაქტობრივად ნულიდან მოგვიწევს“, – თქვა სოლომატინმა და დასძინა, რომ მის მიერ დასახელებული საპროექტო ვადები „პირობითია“.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, რუსული მხარე სოხუმის აეროპორტის პროექტის „პოტენციურ ინვესტორად“ კომპანია „აეროინვესტს“ განიხილავს, რომელიც, მათივე ცნობებით, თავის დროზე რუსეთში „მინერალნიე ვოდის“ აეროპორტს ფლობდა.

„როსავიაციის“ ხელმძღვანელის მოადგილის ოლეგ სტორჩევოის განცხადებით, რომელიც სოხუმში რუსი ექსპერტებით დაკომპლექტებული ტექნიკური კომისიის თანხლებით ჩავიდა, ვიზიტის მიზანი სოხუმის აეროპორტში არსებული მდგომარეობის გაანალიზებაა, რის საფუძველზეც აეროპორტის აღდგენის პროექტის ვადების დადგენა მოხდება.

იმისივე თქმით, აეროპორტის აღდგენის პარალელურად, უნდა მოხდეს საავიაციო სპეციალისტების მომზადებაც, რაშიც რუსული სასწავლებლები ჩაერთვებიან.

სტორჩევოის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხი „განხილვის სტადიაზეა, შექმნილია სამუშაო ჯგუფები და მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგების საფუძველზე შესაძლებელი იქნება დასკვნის გაკეთება“.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრმა“ ვალერი ბგანბამ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა აფხაზური და რუსული მხარეების თანამშრომლობის მნიშვნელობას სოხუმის აეროპორტის საქმიანობის „სამართლებრივი და საექსპერტო მხარდაჭერის“ საკითხში.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის გეგმა, რომელსაც ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება 2000-იანი წლების დასაწყისიდან პერიოდულად ახმოვანებს, ბოლოს 2019 წლის 26 ივლისს, აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას თავმჯდომარეობით გამართულ „მინისტრთა კაბინეტის“ სხდომაზე განიხილეს. სოხუმში მაშინ განაცხადეს, რომ საერთაშორისო ფრენების შესასრულებლად, აეროპორტს ICAO-ს მიერ რუსეთისთვის განსაზღვრული საერთაშორისო კოდი უნდა მიენიჭოს.

საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ სოხუმის გეგმები მალევე უარყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, ICAO-მ საქართველოს ხელისუფლებას დაუდასტურა, რომ სოხუმის აეროპორტი საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილება.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი 6 აგვისტოს, სოჭში, პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო.

სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან არის დაკეტილი და იქ რეგულარული ფრენები არ სრულდება. აეროპორტი საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული არ არის. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ 2008 წელს მიღებული საქართველოს კანონის თანახმად, აფხაზეთში საერთაშორისო ფრენები აკრძალულია.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button