skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ბორდერიზაციის“ შეწყვეტას

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში დღეს განაცხადა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, შეწყდეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად „რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა“, რაც გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხეხილის ბაღებსა და წყლის რესურსებზე წვდომას აბრკოლებს.

განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე ხაზს უსვამს „ყველა შესაბამისი მხარის მიერ კომუნიკაციის არსებული მექანიზმების – ცხელი ხაზისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აქტიურად გამოყენების“ მნიშვნელობას.

„ევროკავშირი კვლავაც მონაწილეობს და ჩართულია საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის გაგრძელებით, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივი წარმომადგენლობის საშუალებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაციის“ პროცესი 2019 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე დაიწყეს და ამ დრომდე აგრძელებენ.

თბილისმა „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი დაგმო. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას ადგილზე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან. ვითარების ადგილზე გასაცნობად, რამდენიმე დღის წინ სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

ბოლო დღეებში, სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაცია“ დაგმეს ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button