ახალი ამბები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა.

კახაბერ ქემოკლიძეს შსს-ში აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის აპრილიდან დღემდე ეკავა. 2015-2018 წლებში, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მოგვიანებით კი – დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2012-2015 წლებში ქემოკლიძე შსს-ში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ამასთან, 2012 წლის ივნისიდან 2018 წლის აპრილამდე, ქემოკლიძე შსს-ს, მოგვიანებით კი სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე იგი ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი იყო.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

უსაფრთხოების საბჭოს შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ეროვნული უშიშროების საბჭომ, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, მუშაობა შეწყვიტა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო რვაწევრიანი სათათბირო ორგანოა. მის მუდმივ წევრებს შორის არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანასთა მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად პრემიერის 30 აპრილის ბრძანებით, შს მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა. საბჭომ პირველი სხდომა 1-ელ მაისს, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებიდან 10 დღეში გამართა. მაშინ გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ეს იყო „ტექნიკური შეხვედრა“, სადაც პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.

საბჭოს ასევე ჰყავს აპარატი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის შემადგენლობაშია. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დებულების მიხედვით, აპარატი პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახურია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს.

საბჭოს აპარატი ოთხი – შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა, თავდაცვის საკითხთა, ადმინისტრაციული და კრიზისული ვითარების მართვის – ეროვნული დეპარტამენტისგან შედგება. საბჭოს აპარატში უფროსისა და მისი მოადგილის ჩათვლით, სულ 46 ადამიანია დასაქმებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button