ევროპამთავარი თემა

„დემოკრატიის მილიონი მომენტი“, ანუ ჩეხური პროტესტების სერია

Tags

ქრისტინე პიტალსკაია

ევროპის კოლეჯის (College of Europe) და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ქრისტინე პიტალსკაიას სამოქალაქო აქტივიზმისა და კვლევის დიდი გამოცდილება აქვს. ის ახლა პრაღაში ცხოვრობს და მუშაობს.

ჩეხეთში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების სერია მიმდინარეობს. დღეს, 23 ივნისს გადამწყვეტი აქცია იგემება პრაღის ყველაზე დიდ პარკში – ლეტნაზე კვირას. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 1989 წლის ნოემბერში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა.

აქციებს ორგანიზებას უწევს სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი პლატფორმა „დემოკრატიის მილიონი მომენტი“ (Milion chvilek pro demokracii). კამპანიის თავდაპირველი მიზანი იყო ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის (Andrej Babiš) მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება. ორგანიზატორების სასიხარულოდ – ხელმომწერთა აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა.

პროტესტის მიზეზი

ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები ჩეხეთში აპრილის ბოლოდან რეგულარულად იმართება. ისინი აქციები ჩეხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, პოპულისტური პოლიტიკური პარტიის „ანო 2011“ („ANO 2011” – ქართ. „დიახ“) დამფუძნებლისა და მეთაურის, ანდრეი ბაბიშისა (Andrej Babiš) და იუსტიციის მინისტრის, მარია ბენეშოვას (Marie Benešová, „ანო“) გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების თქმით 4 ივნისს, პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე ჩატარებული მშვიდობიანი აქცია, რომელიც დაახლოებით 120,000 მონაწილეს ითვლიდა, ყველაზე დიდი ჩეხური გამოსვლა იყო 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ.

როგორ მოვედით აქამდე?

აქციებამდე საქმე 2017 წელს განვითარებული მოვლენებმა მიიყვანა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ პირველი ბრალდებები გაჩნდა. ბაბიშმა ჯერ ე.წ. საპარლამენტო იმუნიტეტი დაკარგა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო. ხმაურიანი გამოძიების შედეგები პრაღის პოლიციამ 2019 წლის 17 აპრილს გამოაქვეყნა. ჩეხური კანონმდებლობის თანახმად, გამოძიების ინიცირებასა და წარმოებას პოლიცია ახდენს, რომელიც ოფიციალურ შედეგებს სახელმწიფო პროკურატურას გადასცემს შესაბამის ზომათა მისაღებად.

17 აპრილს ბაბიშს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს ევროკავშირისგან მიღებული სუბსიდიების არამიზნობრივი გამოყენებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების გამო. საქმე ეხება მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილ 2,24 მილიონი ევროს ოდენობის სუბსიდიებს, რომლებიც სინამდვილეში, ბაბიშის მფლობელობაში მყოფმა ფერმამ „აგროფერტმა“ (Agrofert) და საკონფერენციო ცენტრმა „Capi hnizdo“ (ქართ. “ყარყატის ბუდე”) მიიღეს.

ევროკავშირისგან დაფინანსების მიღების დროს, ბაბიშის კუთვნილი კონგლომერატი, რომელიც 230-ზე მეტი მცირე კომპანიისგან შედგება, გადაფორმებული ყოფილა ბაბიშის ოჯახის წევრებზე. როგორც ირკვევა, სუბსიდიები განკუთვნილი იყო საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებისთვის, რომლებსაც “აგროფერტი” ვერ მიიღებდა კონგლომერატის ბაბიშის საკუთრებაში ყოფნის შემთხვევაში.

2019 წლის აპრილში, გამოძიების შედეგების გამოცხადებისთანავე, თანამდებობა დატოვა მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა – იან კნეჟიცეკმა (Jan Kněžínek), რომელიც მარია ბენეშოვამ შეცვალა. ბენეშოვა ბაბიშის ახლო მოკავშირეა და ჩეხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, არაფხიზელი გამოსვლებით სახელგანთქმული მილოშ ზემანის (Miloš Zeman) მრჩეველი იყო. სწორედ სავარაუდო არაობიექტურობის საფუძველზე, მოპროტესტე ხალხმა მას უნდობლობა გამოუცხადა და ბენეშოვას გადადგომა პრაღაში გამართული საპროტესტო აქციების ძირითად მოთხოვნად იქცა.

ცოტა რამ ანდრეი ბაბიშის შესახებ

ანდრეი ბაბიში საკმაოდ წინააღმდეგობრივ ფიგურად შეიძლება მივიჩნიოთ. ხშირად, მას „ჩეხ ტრამპადაც“ მოიხსენიებენ. იგი ჩეხეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილზეა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გარდა, ანდრეი ბაბიში ფლობს გასართობ ტელევიზიასა და ჩეხურ მედია ჯგუფს „MAFRA“, რომელიც ორ ყველაზე დიდ გამომცემლობას აერთიანებს. აღნიშნული ბაბიშის კრიტიკოსებისათვის ამყარებს ეჭვებს იმაზე, რომ ბაბიში სახელმწიფო თანამდებობას იმისათვის იყენებს, რომ სხვადასხვა ინდუსტრიის საკუთარი ბიზნეს ინტერესებისათვის მორგება და ხეირის მიღება შეძლოს.

ბილიონერი ბაბიში პოლიტიკაში 2012 წელს მოვიდა, როდესაც მისი დაარსებული ინიციატივა „ანო 2011“ ოფიციალურად იქცა პოლიტიკურ პარტიად. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ანომ“ ხმათა 18%-ზე მეტი მიიღო, რაც 47 მანდატს უდრიდა; 2017 წელს კი ბაბიშმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 4 წლით დაიკავა.

ბაბიშის ფიგურის წინააღმდეგობრივობა ამით არ ამოიწურება – არაერთხელ გაჟღერებულა ეჭვები, რომ ბაბიში წარსულში კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის დაზვერვასთან თანამშრომლობდა. აღნიშნულში სლოვაკური წარმოშობის ბაბიში სლოვაკეთმაც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბრალდებებს ბაბიშის წინააღმდეგ არ მოხსნიდა.

„ბაბიშის საქმე“ და 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნები

ბაბიშის „ანო“ ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) წევრია, რის გამოც აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო ფართო პოლიტიკური დებატების ნაწილი ჯერ კიდევ ევროპარლამენტის არჩევნებამდე გახდა.

ბრიუსელში და არამარტო იქ, დღემდე განხილვის საგნად რჩება დღეს “განაახლე ევროპად” გადანათლული ჯგუფის, ყოფილი ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) და პირადად, მისი ლიდერის, გი ვერჰოფსტადტის (Guy Verhofstadt) მიუმხრობლობა ამ საკითხის მიმართ.

საინტერესოა, რომ ამ ხმაურიანმა საქმემ გავლენა ვერ მოახდინა „ანოს“ წინასაარჩევნო კამპანიაზეც. გასული თვის ევროპარლამენტის არჩევნებში ბაბიშის პარტიამ ხმათა 21.18% მიიღო და ევროპარლამენტში 6 ადგილიც დაიბევა. აქციის ორგანიზატორის, მიკულაშ მინარის (Mikuláš Minář) განცხადებით, აქციის მიზანი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მაისში ჩატარებული არჩევნების შედეგები, არამედ პარტიის სათავეებიდან ბაბიშისა და ბენეშოვას მოშორებაა.

რას უნდა ველოდოთ?

23 ივნისის აქციისთვის მზადების პარალელურად, ოპოზიცია პარლამენტის ქვედა პალატაში გეგმავს ბაბიშის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადებას. საკითხი კენჭისყრაზე 25 ივნისს დადგება.

თავის მხრივ, ევროკომისია და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF) ამჟამად აწარმოებენ აუდიტს, რომლის წინასწარი შედეგები ჩეხეთში არ ხმაურდება. თუმცა, სავარაუდოდ, შედეგად ბაბიშის ბიზნესს ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება შეუწყდება, ჩეხეთს კი მთლიანი თანხის ევროკავშირისთვის დაბრუნება მოუწევს. ბაბიში ბრალდებებს დაჟინებით უარყოფს და მიმდინარე აუდიტს „ჩეხეთზე თავდასხმად“ აფასებს, მთლიანად პროცესს კი „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.

ერთი რამ აშკარაა – გარკვეულწილად შეირყა ჩეხეთის, როგორც ცენტრალური ევროპის პოსტ-კომუნისტური წარმატების მოდელის ხატება. ერთგვარი პარადოქსია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ერთხმად მებრძოლი საზოგადოება, მხარს უჭერს პოპულისტურ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერის პირადი ბიზნეს ინტერესები დიდი ინტერესთა კონფლიქტის და ევროკავშირთან უთანხმოების მიზეზია.

გადადგება თუ არა ანდრეი ბაბიში პროტესტების სერიის შედეგად? ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი. თუმცა, არც საპროტესტო აქციების შეწყვეტაა სავარაუდო.

Show More

Related Articles

Back to top button