ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 9 ივლისი

გროზნო: გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

4 ივლისს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სადაც უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და ზოგადად თავისუფალი  ადამიანების სიცოცხლე კარგა ხანია საფრთხეშია, სასტიკად გაუსწორდნენ მოსკოვიდან ჩასულ „Новая Газета“-ს ჟურნალისტს, ელენა მილაშინას და ადვოკატ ალექსანდრე ნემოვს. ორივე იმდენად მძიმედ არის ნაცემი, რომ სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, საჭირო გახდა მათი მოსკოვში გადაფრენა სპეციალური, სასწრაფო-სამედიცინო თვითმფრინავით. ელენაც და ალექსანდრეც გროზნოში ზარემა მუსაევას განაჩენის გამოცხადებაზე ჩავიდნენ, რომელსაც ჩეჩნურ-რუსულმა სასამართლომ ხუთნახევარი წელი მხოლოდ იმიტომ მიუსაჯა, რომ მისი ორივე შვილი რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. მუსაევა ჩეჩნებმა 2022 წლის იანვარში ნიჟნი-ნოვგოროდში საკუთარი ბინიდან მოიტაცეს, მისი მეუღლე, საიდი იანგულბაევი კი, რომელიც ჩეჩნეთის ფედერალური მოსამართლე იყო და რუსული ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლბდა ადგილზე გალახეს. რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა ჟურნალისტისა და ადვოკატის ცემის ფაქტზე საქმე მხოლოდ ორიოდე დღის შემდეგ აღძრა და მომხდარზე ზანტი მოკვლევა წამოიწყო, რუსეთიდან მოტაცებული ზარემა მუსაევა კი, კადიროვის საპყრობილეში ჩატოვა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კადიროვი თავად რუსეთის კანონებსაც აბუჩად იგდებს.


ჟენია პრიგოჟინობას განაგრძობს?

ჯერჯერობით გაუგებარია სად არის და რას აკეთებს ფათერაკიანი ავაზაკი, ჟენია პრიგოჟინი, რომელსაც თითქოს ბელარუსში უნდა დაედო ბინა. რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოებისა და საგამოძიებო სამსახურებმა მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები  ჩახურეს, ბინიდან და ვაგნერის სათავო ოფისიდან ამოღებული ათი მილიარდი რუბლი და პირადი ცეცხლსასროლი იარაღები კი ჟენიას დაუბრუნეს. ალექსანდრე ლუკაშენკას თუ დავუჯერებთ, პრიგოჟინი ბელარუსში არ არის და ის მორჩენილი საქმეების მოსაგვარებლად პეტერბურგსა და მოსკოვს შორის დამოუგზაურობს საკუთარი თვითმფრინავით. რუსული მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინი თავად წვევია პეტერბურგის ეფესებე-ს სამმართველოს გლოკის, ავსტრიული კარაბინისა და შაშხანების წამოსაღებად. ბელარუსში ჯერჯერობით არ ჩანან არც „ვაგნერელები,“ რომელთა დიდი ნაწილი კვლავ ფრონტის სიახლოვეს, საველე ბანაკებში არიან განთავსებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსეთის სახელისუფლებო არხებმა პრიგოჟინის გაშავება წამოიწყეს. ამასთან, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რუსეთის სახელისუფლებო ორგანოები აქტურად არიან დაკავებული პრიგოჟინის მედია და სამხედრო იმპერიის (უფრო სწორედ რაც მისგან დარჩა) გადაბარებით, რაც არცთუ ისე მარტივი საქმეა. როგორც ჩანს, ჩაფუშული ამბოხის შემდეგ, ჟენიამ ამ ეტაპზე, სიცოცხლე შეინარჩუნა, მაგრამ კრემლის სახელით ავაზაკობის სერთიფიკატზე კი, ჯერ ვაჭრობა მიდის.


ყალყზე შემდგარი ბელარუსის სამეზობლო

ბელარუსში რუსული ტაქტიკური იარაღის განთავსებით გამოწვეულ პოლონურ შფოთვებს, ლიეტუვა და ლატვიაც შეუერთდა. ეხლა უკვე სამივე ქვეყანა ნატოს-გან ბირთვული შეკავების კონცეფციის გადახედვას ითხოვს და ამბობს, რომ ლუკაშენკას ბირთვულმა მასპინძლობამ უამისოდაც მძიმე უსაფრთხოების გარემო გვარიანად გააუარესაო. ლიეტუვას, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები თურმე იმითაც არიან შეშფოთებული, რომ ერთ მშვენიერ დღეს, პრიგოჟინმა და მისმა „ვაგნერმა“ დრო არ მოიხელთოს და ხელში არ ჩაიგდოს ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული ბირთვული არსენალი, რაც დამატებით თავსატეხს გააჩენს, როგორც ბელარუსის უშუალო მეზობლებისთვის, ისე დანარჩენი ევროპისთვის. რა, ჭკუა დაუშლის თუ თანამდებობაო – უთქვამთ ლიეტუვას, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტებს ნატო-ს გენმდივნისთვის მიწერილ წერილში. ამიტომ, ბელარუსიდან მომავალი საფრთხეების შესაკავებლად, სამივე პრეზიდენტი ნატო-ს აღმოსავლეთ ფრონტის გასაძლიერებლად, სამხედრო რეზერვებისა და ბიუჯეტების გაზრდას სთავაზობს.  ნატო-ს თავიკაცისთვის მიწერილ წერილს ისეთი სუნი უდის, რომ ეს სამი ქვეყნა არც ნატო-ს ბირთვული ქობინების მასპინძლობას იუარებს საქმე საქმეზე, რომ მიდგეს.


ფუტკრის დიპლომატია

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ ბულგარეთში შეირბინა, შემდეგ კი, ჩეხეთსა და თურქეთს ეწვია. სოფიაში ყოფნისას, მან ბულგარეთის პრო-რუსულად განწყობილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი შეანჯღრია და გონზე მოსვლა ურჩია, შემდეგ კი ბულგარეთის პრო-ევროპული პრემიერისგან და კოალიციური უმრავლესობისგან ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის პირობა მიიღო. ბულგარეთის მთავრობამ უკრაინას ტყვია-წამლით დახმარებაც აღუთქვა. პრაღაში ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტმა პეტარ პაველმა და პრემიერმა ფიალამ ანუგეშეს – ნატო-ს გზაზე ჩვენი იმედი გქონდესო და უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებით, სავარაუდოდ, მოდერნიზებულ საბჭოთა მი-24-ებით მომარაგებაც აღუთქვეს. მეტიც, როგორც გაირკვა, ჩეხეთი უკრაინას ამერიკული F-16-ების მოსათვინიერებლად საჭირო ტრენაჟორებსაც გადასცემს და ამით საშუალებას მისცემს გადამზადების პროგრამები სახლშივე დაიწყონ. ნატო-ს წევრობაზე მკაფიო მხარდაჭერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგანაც მიიღო. სტამბოლში მასპინძლობისას, ერდოღანმა თავისი შუამავლური როლით თავი მოიწონა და ისიც დაამატა – უკრაინის ტერიტორიების მიტაცებით რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვიაო. ერდოღანი აგვისტოში ვლადიმირ პუტინის სტუმრობას ელოდება და მათი საუბრების ერთ-ერთი მთავარი თემა  უკრაინაც იქნება.


მზადება ნატო-ს ვილნიუსის სამიტისთვის

ნატო-ს სამიტის სამზადისშია ჩაფლული პატარა ლიეტუვა, რომელიც 11-12 ივლისს ალიანსის თექვსმეტი ქვეყნის ლიდერს და მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტსაც უმასპინძლებს. მოგეხსენებათ რომ ვლადიმირ პუტინი თავის ფიქრებში კოლექტიურ დასავლეთს და კერძოდ ნატო-ს ლაშქრობას იგერიებს, ვილნიუსი რუსეთის კალინინგრადის  ექსკლავს კი მხოლოდ 150 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ლუკაშენკას ბელარუსის საზვარს – სულ რაღაც 30 კილომეტრით. გასაგებია, რომ რუსეთთან ომის ფონზე, პატარა ლიეტუვას ამხელა მნიშვნელობის სტუმრების უსაფრთხოების დაცვა გაუჭირდებოდა, ამიტომ პარტნიორები რისი პარტნიორები იქნებოდნენ ამ საქმეში ხელი რო არ გაემართათ. ლიეტუვას თავზე თავდაცვითი გუმბათის შესაქმნელად, გერმანიამ ლიეტუვაში 12 ერთეული “პატრიოტის” ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა განათავსა, აქედან 8 პირდაპირ ვილნიუსის აეროპრტში ჩააყენა და კალინინგრადის მხარეს მიუქცია პირი. მცირე და საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვა საკუთარ თავზე აიღო ესპანეთმა და ლიეტუვაში რამდენიმე ნორვეგიული წარმოების NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გადაისროლა. თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო თქვა საფრანგეთმა და სამიტის დასაცავად, ვილნიუსის შემოგარენში  „კეისარის“ თვითმავალი ჰაუბიცები შეაგორა. ამასთან, საფრანგეთმა ნორჩმ ფინეთსა და დანიასთან ერთად, ლიეტუვაში საავიაციო ესკადრილიები განალაგა. უპილოტო საფრენ აპარატებს დიდი ბრიტანეთი მიხედავს, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებზე კი, აშშ და ნატო-სხვა ქვეყნები აიღებენ პასუხისმგებლობას. მოკლედ, ვილნიუსი და ლიტვა ამ დღეებში ნამდვილ ციხესიმაგრედ გადაიქცა.    

მსგავსი/Related

Back to top button