დენთის სუნს შეჩვეული მოსკოვი
30 ივლისის დილას, მოსკოვის საქმიან და ფულიან ცენტრში ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეაღწია და ამაყად აღმართულ ცათამბჯენს შეასკდა. აფეთქების შედეგად, ცათამბჯენის რამდენიმე სართული გვარიანად დაზიანდა. რუსული მხარე მოსკოვზე თავდასხმებში კიივს ადანაშაულებს, კიივი კი ორაზროვნად გაიძახის – ასე ზუსტად რა ვიცით, მოსკოვის თავზე სულ რაღაცა დაფრინავსო. როგორც ჩანს, მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემა კაი მაგრა „აპარებს“ ჰაერს და დასაკემსია, რადგან ეს უკრაინული დრონების უკვე რიგით მეოთხე თავდასხმაა რუსეთის დედაქალაქზე. ნიშანდობლივია, რომ არც ეს და არც წინა კვირის თავდასხმა მოსკოვზე რუსეთის სახელმწიფო მედია საშუალებებმა არ გააშუქეს.
გარღვევის მოლოდინში
ბრძოლები გახურდა უკრაინის სამხრეთში, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7-10 კილომეტრიანი დანაღმულ-ჩახერგილი ზონა როგორც იქნა გადალახეს და რუსეთის ძირითად თავდაცვით პოზიციებს მიადგნენ. თავდაცვაში გამაგრებულ რუსულ ძალებთან პირდაპირი შერკინებისას, უკრაინელებმა პირველი წარმატებებიც მოიპოვეს და რამდენიმე საკვანძო სოფელიც გამოათავისუფლეს. უკრაინული შეტევა გრძელდება ბახმუტის მიმართულებითაც, რომლის ირგვლივ რკალი სულ უფრო ვიწროვდება. დასავლეთში ამბობენ – მთავარი საბრძოლო შეტაკებები სწორედ ეხლა დაიწყო და მათი ბედი უახლოეს კვირებში გაირკვევაო. უკრაინის ფრონტზე მდგომარეობის გამძაფრება დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც.
უკრაინის ომის გერმანელი მებრძოლები
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს გაანდო, რომ უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად, გერმანიიდან 39 ექსტრემისტულად განწყობილი პირი გაემგზავრა, მათგან 27 თურმე რუსეთის მხარეს იბრძვის, 12 კი – უკრაინის მხარეს. გერმანიის პოლიციაში ასევე განმარტეს, რომ უკრაინაში წასულ ექსტრემისტებს სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემუქრებათ, რადგან ისინი რუსეთის და უკრაინის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში ან სხვა ოფიციალურ ქვედანაყოფებში მსახურობენ. გერმანული პოლიცია ჯერ არაფერს ამბობს შეამოწმებენ თუ არა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე გერმანიის მოქალაქეებს ომის დანაშაულებზე.
სოლიდარობის ექსპორტი
გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიკრიბნენ და თავიანთი სამსჯელოს დიდი ნაწილი „მარცვლეულის გარიგებიდან“ რუსეთის თავზეხელაღებულ გასვლას დაუთმეს. შეხვედრაზე, სოფლის მერურნეობის ევროპელმა მესვეურებმა აღიარეს, რომ უკრაინული პროდუქტებისთვის შავი ზღვის ჩაკეტვა პრობლემური იქნება აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის, თუმცა იქვე ისიც დაამატეს – ამ რთული მდგომარეობიდანაც შეიძლება გამოსავლის პოვნაო. მოკლედ, შეხვედრაზე ევროპის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა კომისართან ერთად, გამოთქვეს მზადყოფნა ევროკავშირის საექსპორტო გზებისა და გაწყობილი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, სრულად დააკმაყოფილონ უკრაინის საექსპორტო საჭიროებები.
ჩეხურ-რუსული „სიყვარულის“ თავისებურებები
ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკადნიერებულა და ცალკეულ ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიში გამოუქვეყნებია, რომელშიც ჩეხეთი რუსოფობიულ ქვეყანადაა მოხსენიებული. რუსულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ჩეხეთს ქრონიკული პრობლემები აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. ამ გამოხტომაზე, ჩეხეთის საგარეო უწყებას მოსკოვისთვის ბევრი ფიქრის გარეშე შეუთვლია – იცით რას გეტყვით “ქრონიკულ პრობლემებზე” – ბავშვებს არ ვიტაცებთ, საავადმყოფოებს არ ვბომბავთ და მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას არ ვახდენთ. ეხლა ადექით და უკრაინიდან გაეთრიეთო.
ოლიმპიური მიუღებლობა
გასულ კვირას გამოირკვა, რომ რუსეთსა და ბელარუსს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე არ მიიწვევენ. ეს სამართლიანად სასიამოვნო ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავკაცმა, ტომას ბახმა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ერთი წლით ადრე გაავრცელა – აქაო და ცრუ მოლოდინები არავის გაუჩნდესო. რუსეთისა და ბელარუსის გარდა, პარიზის ოლიმპიადაზე თურმე გვატემალასაც არ მიიწვევენ.