skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საკუთარი მოადგილის განცხადება უარყო

რა მოხდა?

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა უარყო მისი მოადგილის, ნათია ჯულაყიძის მიერ 2023 წლის 8 ივნისს ბრიუსელში გაკეთებული განცხადება, რომ სახალხო დამცველის ოფისის მანდატი მართლმსაჯულების რეფორმის მხრივ შეზღუდულია.

რა თქვა სახალხო დამცველის მოადგილემ?

ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია ჯულაყიძემ თქვა, რომ:

  • კანონის უზენაესობის მხრივ „სახალხო დამცველი საკმაოდ შეზღუდულია თავისი მანდატით.“ მისი თქმით, „ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული სასამართლო სისტემაზე მუშაობის ზუსტი გზები და მეთოდები, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ეს ჩვენს მანდატში არ შედის, გადავწყვიტეთ სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფში მიგვეღო მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციებიც მოვამზადეთ“.

ვინ რას ამბობს?

განცხადებას კრიტიკა მოჰყვა:

  •  „ეს განცხადება, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს თემებზე მუშაობას აღარ აპირებს აპარატი ან უბრალოდ არასწორ ცოდნასთან გვაქვს საქმე. ორივე შემთხვევა დასანანია“, – დაწერა სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.
  • ყოფილი სახალხო დამცველის (2017-2022), ნინო ლომჯარიას თქმით, „მართლმსაჯულების საკითხებში ომბუდსმენის მანდატი ბუნდოვანი არ არის“ და ის მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიც არის სასამართლო რეფორმა, საკანონმდებლო ინიციატივა, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება და ა.შ.
  • მეორე ყოფილი სახალხო დამცველი (2012-2017), უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლოს,  როგორც ფუნდამენტური უფლების მონიტორინგი, არის სახალხო დამცველის ვალდებულება და არსებობს ბევრი მექანიზმი იმისთვის რომ ამ მანდატის რეალიზაცია მოხდეს.

რამ გაამძაფრა კრიტიკა?

სახალხო დამცველის არჩევის პროცესი გასულ წელს რთულად წარიმართა. ნინო ლომჯარიას მმართველი პარტია მიკერძოებაში სდებდა ბრალს და მკაცრად აკრიტიკებდა. ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პირველი რაუნდი უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ოპოზიცია და მმართველი პარტია კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.

  • ლევან იოსელიანის კანდიდატურა, ფრაქცია „მოქალაქეებიდან“ ბოლო მომენტში იქცა კომპრომისულ კანდიდატად, რომელსაც რამდენიმე ოპოზიციურმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისი დანიშვნა გააკრიტიკეს, რადგან კანდიდატურა სათანადო კონსულტაციების გარეშე დადგა კენჭისყრაზე. ოპოზიციური პარტიების ნაწილის თვალსაზრისით, „მოქალაქეები“, რომელსაც სულ ორი დეპუტატი ჰყავს, მმართველი პარტიის სატელიტია.
  • იოსელიანისადმი გარკვეული უნდობლობის ფონზე ნათია ჯულაყიძის მოადგილედ დანიშვნამაც უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია ოპოზიციაში, რადგან ის „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია. ამდენად არსებობდა ეჭვი, რომ ის ახალმა სახალხო დამცველმა არა კვალიფიკაციის, არამედ პარტიული ნდობის ნიშნით შეარჩია.

რას ამბობს კანონი?

სახალხო დამცველის შესახებ კანონის თანახმად, ომბუდსმენის მანდატით განსაზღვრულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებასაც და – სხვა საკითხებთან ერთად -შეისწავლის საქმეებს, რომლებიც ეხება სასამართლო განხილვის პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას (მუხლი 14 (ბ)). ამ  კუთხით სასამართლო სისტემაზე მუშაობის მეთოდს წარმოადგენს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია, რომელსაც სახალხო დამცველი ასრულებს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (მუხლი 21 (ე)).

როგორია ომბუდსმენის რეაქცია?

მოქმედი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „გაუგებრობას“ უწოდებს მისი მოადგილის განცხადებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და ამბობს, „სახალხო დამცველი, შეუძლებელია სასამართლოს საკითხს ჩამოშორდეს.“ მისი თქმით, სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოსთან. ,,ეს ბუნებრივია არის ჩვენი მანდატის ნაწილი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ”, – განაცხადა იოსელიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button