skip to content
რესპუბლიკის ამბები

საქართველოში გერმანელთა ჩამოსახლებიდან ასი წელი შესრულდა

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 22 ივნისი, N135.

წელს შესრულდა ასი წელიწადი მას შემდეგ, რაც საქართველოში გერმანიის ტომის ერნი ჩამოვიდნენ და დასახლდნენ, ამათ მოსვლის მიზეზებს სხვა და სხვანაირად ხსნიან და ლაპარაკობენ. მეფე გიორგის შვილი დავითი კი ამათ შესახებ აი რას სწერს – „წელსა ამასა 1817 შიმშილობისა მიზეზით აღიყარნენ ხალხი ევროპიისა, ნემეცითა ქვეყნით სხვათა და სხვათა საკოროლოთგან და საღერცოღოთა და წარვიდნენ ქართლსა მრავალნი კომლნი, ამათ სარწმუნოებით ეწოდებათ კალონისტნი (?) და აქვს მცირედ სარწმუნოება ქრისტიანთა, უფრო კალვინთა და რეფორმატორთა. ესენი დაეშვნენ სახელმწიფოთ, ანუ სახასოთ ქართლისათ. ესე იგი კერძოთ კახეთისათა სამგორსა შინა, შანქორსა და სომხითსა და სხვაგანაც“.

დიახ, ესენი მოვიდნენ და დასახლდნენ ტფილისს, ერთ ალაგას, მწკრივათ, სადაც დღეს ტფილისში მათი საყდარიც არსებობს და აქ გახლავთ მიხეილის ქუჩა, მთელი ამ ქუჩის სიგრძეზე, ორსავ მხარეს სულ ესენი დასახლდნენ და ვენახებიც გააკეთეს.

მეორე სოფელი ამათი გაშენდა დიდუბის საყდრის იქით, მტკვრის პირას, სადაც დღესაც სცხოვრობენ აქ ესენი და ამ სოფელს მათებური სახელიც ეწოდება.

მესამე სოფელი გახლავთ ხრამის ხეობაში, სოფელი ასურეთი.

მეოთხე სოფელი გახლავთ კახეთის გზაზე სოფელს სართიჭალას გვერდით და მეხუთე სოფელიც განჯის გუბერნიაშია, ესე იგი ოთხი სოფელი საქართველოში გახლავთ ამათი და ერთი სოფელი განჯის გუბერნიაში.

ამათი ჩამოსვლა საქართველოში იყო დიდათ ნაყოფიერი. დასახლების შემდეგ მათ მიჰყვეს ხელი სხვა და სხვა სახელოსნო საქმეებს და დაიწყეს მუშაობა და ცდა ისე, როგორც მათ ტომის ჩვეულება არის,

დიდუბის კოლონისტებთაგან ტფილისში გახდნენ სხვა და სხვა ხელობის მცოდნე ხელოსნები, მაგალითებრ: ევროპიული თერძები, ეს პირველი მაგალითი იყო თფილისში 1819 წელს.

ევროპიული მეჩექმეები, ესეც პირველი მაგალითი გახლდათ, „ტოკრები და სტალრები“, ეს კი იყო ტფილისში იმ დროს. ესენიც მუშაობდნენ.

წიგნების მკაზმავნიც კი გაჩნდნენ, ანუ „პერპლიოტჩიკები“.

ერთი მესაათეც კი აღმოჩნდა მათში.

ერთმა პროვიზორობაც იცოდა და აფთიაქი, ანუ წამალხანა გახსნა.

ამ ოსტატების წყალობით ყველა ეს ხელობანი ძლიერ გავრცელდა შედარებით უმეტესათ ხელოსანთა ქარხნებში. ქართველ ბიჭებს იყვანდნენ, ამიტომ უფრო მოიფინა ყველა მათი ხელობა ქართველ ერში. ასე და ამგვარათ ამ ტომის ხელოსნებმა დიდათ შეუწყეს ხელი ქართველ ტომში სხვა და სხვა ხელობის გავრცელებას.

სოფლად დასახლებულმა კოლონისტებმა გააშენეს ვენახი, გაიჩინეს მწველელი საქონელი, გააკეთეს კარგი ბაღები. გააკეთეს „პოღოსკები“ და ტფილისში იწყეს ყოველ დღე რძისა, ნაღების, კარაქის, ყველის და სმეტანის შემოტანა. ამით მათ მთელი ტფილისის ხალხი მუშტრათ გაიხადეს, ამათი რძე, კარაქი, ერბო, ყველი და სმეტანა გემრიელი იყო და დღესაც არის.

ბაღებში დათესეს პირველათ ამათ წითელი კომბოსტო, „ცვეტნოი კაპუსტა“ და სხვაც ასეთები, წითელი ბოლოკი, პომიდორი, ანუ ოქროვაშლა. მერე ყველა ამაების თესვა ქართველებმაც ისწავლეს. დღეს მთელი საქართველოს ბაღები სავსეა წითელი ბოლოკით, „ცვეტნოი კაპუსტით“ და სხვა ასეთებით.

ღვინის დაწურვაშიაც და დაყენებაშიც მათ კარგი ნიჭი გამოიჩინეს, მათი ღვინოები ბევრად არ ჩამოუარდება კახურს,  ამასთან ჰყიდიან იაფათაც.

სოფლებშიც აქვთ ცხოვრება ჩინებულათ მოწყობილი, ყოველ სოფელში აქვთ ეკლესია, სკოლა, საავადმყოფო, აფთიაქი, სამკითხველო და თეატრიც. მათში თუ ვინმე გარდაიცვალა, ან ცეცხლმა დააზარალა, იმას ისევე თვით აღადგენენ და ფეხზე დააყენებენ.

მათში მათხოვარი, ანუ გლახა სულ არ იხილება.

მუშაობა იციან ძლიერ, მუშაობენ კაცნი, ქალნი და ბავშვებიც, ამიტომაც მათ ცხოვრება სანაქებო აქვთ.

ტფილისის მიხაილოვის ქუჩაზე კი 1870 წლების შემდეგ მათ სულ დაყიდეს თავისი მამულები და ვენახები. დღეს აქ ერთობ მცირე რიცხვიღა არის ამათი დარჩენილი.

ზაქარია ჭიჭინაძე

მსგავსი/Related

Back to top button