Placeholder canvas
ახალი ამბები

ბოტსვანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ბოტსვანის რესპუბლიკის საერთაშორისო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი იუნითი დოუ 3-4 ივნისს საქართველოს სტუმრობს. გუშინ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა, სადაც მხარეები ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის და განათლების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში რთული საკითხები არ არსებობს და რომ ისინი საერთო ინტერესის მქონე ყველა საკითხში ერთმანეთს მხარს უჭერენ.

ზალკალიანის განცხადებით, მან საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, იუნითი დოუს ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, იუნითი დოუმ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რამდენად პატარა, რამდენად ღარიბი, ან რამდენად მდიდარია ის… მსოფლიო მოითხოვს, რომ მსოფლიოს ყველა კუთხის ხმა ისმოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი ხმები დაბალ ხმებს ჩაახშობს და ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა დოუმ.

ვიზიტის ფარგლებში, იუნითი დოუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას შეხვდება.

ბოტსვანის დელეგაცია წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button