skip to content
რესპუბლიკის ამბები

მუსლიმანმა და ქრისტიანმა ქართველებმა მდ. ჩოლოქზე ყრილობა გამართეს

“ერთობა”, N124, 7 ივნისი, 1919 წ.

ჩვენი დამოკიდებულება ქართველ მაჰმადიანებთან

ამ უკანასკნელ დროს მდ. ჩოლოქს გაღმა ქართველ მაჰმადიანებით დასახლებულ რაიონში ძლიერ გახშირდა სხვადასხვა ბოროტმოქმედება: კაცის კვლა, ქურდობა და სხვა.

ამან შექმნა ერთგვარი გაუგებრობა ქართველ მაჰმადიანებსა და ქრისტიანთა შორის. მდგომარეობის გამოსარკვევათ და ამ მოძმეთა შორის მეგობრული დამოკიდებულების დასამკვიდრებლათ 18 მაისს ჩოლოქს გაღმა (კარახტინზე) გაიმართა ქართველ მაჰმადიანთა და ქართველ ქრისტიანთა ყრილობა. ყრილობას დაესწრნენ სამუსლიმანო საქ. განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრები, ოზურგეთის სამაზრო ერობის წარმომადგენელნი, აჭარა-ქობულეთის რაიონის და ლიხაურის საზოგადოება. თავმჯდომარეთ ირჩევენ რეჯებ ნიჟარაძეს, რომელიც ამბობს: დღევანდელი კრების მიზანია ბოლო მოვუღოთ იმ პროვოკაციას, რომელიც ჩვენში ხდება, – ამ დღეებში ანანიძე და ნიჟარაძე მოკლეს. ეჭვი მიიტანეს გურულებზე და ისინი დაჭერილები არიან. აღელვება ვერაფერს კარგს მოგვიტანს, ვისაც დანაშაული დაუმტკიცდება, ის სასტიკათ იქნება დასჯილი. ჩვენ უნდა ვეცადოთ სიმართლის გამოკვლევა, ავი კაცი ყველგან არის, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ კეთილი მეზობლობა ერთმანეთს შორის.

ოზურგეთის სამზ. ერობის წევრი გ. ბერეჟიანი ამბობს: ისეთი საქმეები ხდება ჩვენში, რომ თავზარდამცემია. ჩვენ უნდა შევეცადოთ ამ სენის მოსპობას. ჩვენ ყოველთვის ხელს გიწვდიდით და ეხლაც თქვენი კარგათ ყოფნა გვინდა. შესაძლებელია, რომ ამ საზიზღარ საქმეში ბნელი ხელი მუშაობდეს, და ამას უმთავრეს ყურადღება უნდა მივაქციოთ; დამნაშავეები დავსაჯოთ და დანარჩენები ნუ გავამწვავებთ საქმეს. მე წინადადებას ვიძლევი, რომ ის მიწები, რომელიც მომხდარი ამბის გამო დაუთესავი რჩება – დათესოთ და მიეცეთ მშვიდობიან ცხოვრებას.

მემედ გოგიბერიძე (ქარ. მაჰმ.): ჩვენ ყველანი ერთი მეორის ძმები ვართ. ჩვენმა უბედობამ დროებით დაგვაშორა. იმასაც მოვესწარი, რომ იქ ვსდგევართ, სადაც ეს „აკოპია“ მოთხრილი ჩვენი მტრების ხელით, საიდანაც თურქები ჩვენს ძმებს უპირობდა განადგურებას. წავიდნენ ისინი და ჩვენ კიდევ იმაზე ვლაპარაკობთ, როგორც მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება. ყველანი ვალდებულია, ღრმათ დაფიქრდეს და ეცადოს, რომ ის სამარცხვინო საქმე, რომელიც ჩვენში მოხდა, შემდეგში არ განმეორდეს. შესაძლებელია დენიკინის აგენტები გადიცვამენ სხვა ტანისამოსს და ისინი ჰკლავენ კაცებს, რომ ჩვენ გადაგვკიდონ. მოგიწოდებთ, რომ გავლილი ისტორია გავიხსენოთ და ეს გაკვეთილი დარჩეს ჩვენთვის.

ახმედ დოხჩიროღლი: (ქარ. მაჰ.) ჩვენ ყველაფერი კარგი გვინდა, მაგრამ რუსის მთავრობა არ გვანებებს. მე მითხრეს, – რას ლაპარაკობდით, ვინ მოგცათ მაგის უფლებაო; კიდევაც გვემუქრებიან, ყანაში წასვლა ვერ გვიბედია, ვინ გვესვრის თოფს არ ვიცით.

ლიხაურის კომისარი ლ. სალუქვაძე: ჩემი საზოგადოების სახელით ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვართ გაჭირვება-დალხინებაში და თქვენც ასე უნდა მოიქცეთ.

რაჟდენ კონდრიძე: მას შემდეგ, რაც ეს ჩოლოქი საზღვრათ დაიდვა, ბევრი უსიამოვნება მოხდა, მაგრამ ჩვენ ყოველ ღონეს ვხმარობდით, რომ თქვენთვის კარგის მეტი არაფერი შეგვეხვედრებია. ჩვენ ერთი მამის ჩამომავლობა ვართ, ყველაფერში ერთად ვართ – ქორწილში, ტირილში და ნადზე. თქვენებმა, რომ ცუდი საქმე ჩაიდინა, ჩვენ დათმობის გზას დავადექით. ჩვენმა რომ დააშავა, ის გადავასახლეთ და ჯერაც არ დაბრუნებულა, კაცი მოგვიკლეს, მაგრამ ყოველთვის ვთმობდით. ჩვენ რომ გადვიკიდოთ, ის უნდა ჩვენს მტრებსაც და ამის წინააღმდეგ სასტიკი ზომები უნდა მივიღოთ ყველამ.

ხასან თხილაიშვილი: (ქარ. მაჰ.) დღეს ისეთ დროში ვიმყოფებით, ყველა ამ მხარეს უყურებს, მტერიც და მოყარეც. ჩვენდა საუბედუროთ დიდ ჩამორჩენილობას ვხედავ ჩვენში, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რომ ვინმე სხვა არ დაგვაჯდეს თავზე და ამაზე კი ნაკლებად ვფიქრობთ.

მე არ შემშინებია და პირდაპირ ვეკვეთე მტერს, როდესაც ოსმალეთის მთავრობა იყო, მათი თვალის წინ საქართველოს მივეცი ხმა. დახვრეტას მიპირობდნენ, მაგრამ დავაღწიე თავი და დღეს კარგ გუნებაზე ვარ, რადგან ეს ასე უნდა მექნა და არა სხვაფერ,და ყველა ასე უნდა ფიქრობდეს. რას ფიქრობენ ის უბედურები, რომლებიც დენიკინის ჯარში ჩაეწერენ, თითქოს სისხლის ასაღებათ. ახლავე უნდა მივსცეთ წინადადება, დასტოვონ ეს სამარცხვინო საქმე და დაუბრუნდნენ თავიანთ საქმეს.

ზია ბეგ აბაშიძე: ხალხში, რომელშიც ჭკვიანური მოქმედება არ არის, ის დაღუპულია. ცხოვრება რამდენათ წინ მიდის, იმდენათ მცირდება გაუგებრობა, ყველამ კარგათ ვიცით, რომ ჩვენ ქართველები ვართ. რჯულზე ლაპარაკი არ არის, ეს საკუთარი თქვენი საქმეა. ჩოლოქი საზღვარი არ გახლავთ, ჩვენი საზღვარია „ლაზისტანის ქემირიდგან ადერბაიჯანამდის“. ჩვენ ვეცადოთ, რაც კარგია საქმისთვის. სამ. საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი ვმუშაობთ და ხალხი გვიერთდება. ამ საქმეში ყველა უნდა დაგვეხმაროს, სხვაფერ არ შეიძლება, და მალე ვეცადოთ, რომ შევქმნათ ერთი მთლიანი საქართველო.

აქ ადერბეიჯანის და რუსების ფულები ტრიალობს, რაც ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის. მოგიწოდებთ, რომ ჭკვიანათ იყოთ, გისურვებთ გამარჯვებას საქართველოს დემოკრატიასთან ერთათ.

თავმჯდომარე რეჯებ ნიჟარაძე: ამ ომმა ბევრი სახელმწიფო დაანგრია და ცოტა ჩვენც ვიგემეთ მისი ნაყოფი. აქ შეიძლება ბევრმა სახელმწიფომ გაიაროს, მაგრამ გვახსოვდეს ქართველები ვართ. ყველანი გურჯებს გვეძახდნენ და თურქებიც კი, რომელიც ბევრს თქვენგანს მისათ მიაჩნია; ჩვენ ქართველები ყველაფერში გვეხმარებიან, ჩვენ კი, ვერაფერი დავეხმარეთ მათ. თქვენ ცოდვათ მიგაჩნიათ,რომ ქართველებს დაგიძახებენ, ისთე კი ნამდვილი ქართველები ვართ. სარწმუნოებას არავინ ეხება, რაც გინდა ის ილოცეთ, გაცხონა ღმერთმა ყველაი. (საერთო სიცილი). ერთი კი უნდა გითხრათ, რომ რამდენათ დავიგვიანებთ წინ მსვლელობის საქმეს, პასუხს ვაგებთ ისტორიის წინაშე.

ბარნაბ გორგოშიძე: მკვლელობის გამომძიებელი კომისიის სახელით აცხადებს: ჩვენ მაშინვე მივიღეთ ზომები და ვცდილობთ დამნაშავეების აღმოჩენას.

პავლე მამინაიშვილი, ფართოთ ეხება კითხვას, და მოუწოდებს ორთავე მხარეს, რომ ის ნუ განმეორდება, რაც მოხდა.

მაზრის კომისარი ღლონტი: დამნაშავეების წინააღმდეგ ზომები იქნება მიღებული, ყანებში დასათესად ხვალვე უნდა ჩახვიდეთ. მილიციას გამოვგზავნით შავრაზმელების ასალაგმავად. მთაზე საქონელს თუ მიდენით, მობრძანდით ნებართვა აიღეთ და წადით. ყველამ ვეცადოთ, რომ კარგად დავამყაროდ საქმე.

უკანასკნელად ყრილობამ აირჩია კომისია, რომელიც სასტიკად უნდა შეებრძოლოს პროვოკაციას, და ბოროტ მოქმედნი აღმოაჩინოს.კომისიაში ამოირჩეს: ს. ქობულეთიდან ოსმან ართმელაძე, ს. ქაქეთიდან სულია ზოიძე, ს. ლეღვადან ხასან გოგიტიძე, ს. ოლამბარიდან უსუფ ქათამიძე და ქესკიმ ნიჟარაძე, ს. აჭყვისთავიდან სულია მენაბდე, ს. წყავროკაიდან რეჯებ გოხიძე, ს. ხუცუბანიდან დურსუნ თხილაიშვილი; ოთხი სული ლიხაურიდან, ორი ახალშენიდან, ორი ოზ. სამ. ერობიდან და ორი სამუსლიმანო საქ. განმ. კომიტეტიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთის რაიონში ორმოცდა ათზე მეტი რუსია შეიარაღებული, ამათში ქართველი მაჰმადიანი ოცდაათამდის, თვიურ გასამრჯელოს პირდებიან 1250 მან. და სანოვაგეს იაფ ფასებში.

ამ დღეებში 8 შეიარაღებული რუსი მოსულა ჩოლოქზე ს. ქაქუთში და მცხოვრებლებისთვის უთქვამთ: თქვენ გკლავენ ქართველები, ჩვენ ჩოლოქზე დავდგებით და დაგიცავთო. მცხოვრებლებს ამაზე უარი უთქვამთ. ასეთი მათი თავხედობა მას შემდეგ არის, როდესაც ამ ოცი დღის წინ მოჰკლეს მუშები ყანაში ანანიძე და ნიჟარაძე, სამი დღის წინეთ ალი ხაბაზი, რომლის მკვლელობა სიბნელით არის მოცული.

შესაძლებელია, აქ ბნელი ხელი მუშაობდეს და სერიოზული ზომების მიღება საჭიროა, რომ ეს პატარა რამე დიდათ არ გადაიქცეს და ახალციხე-ახალქალაქის ისტორია არ განმეორდეს.

დამფუძნებელი კრების წევრი

სიმონ სურგულაძე

მსგავსი/Related

Back to top button